რა ხიფათს შეიცავს დაშენებების ბუმი
29-06-2015
რა ხიფათს შეიცავს დაშენებების ბუმი
"ნგრევისკენ მიდრეკილებით გინესის რეკორდსმენები ვართ"

დედაქალაქში საცხოვრებელი კორპუსების თავზე დაშენების ბუმია - თითქმის ყველა უბანში თვალში მოგხვდებათ სხვენების სიმრავლე. საკითხავია, ხარისხიანად შენდება თუ არა ახალი საცხოვრებელი­ ძველზე, ირღვევა თუ არა თავდაპირველი­ პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები; ან ახალი ნაგებობა აკმა­ყოფილებს თუ არა საცხოვრებელ პირობ­ებს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იმის გარკვევაა, შეიძლება თუ არა ძველ, ამორტიზებულ კორპუსზე ახალი სართულის დაშენება.

დღეს შეუძლებელია მერიის არქიტექტურის სამსახურის უნებართვოდ რაიმეს აშენება. უნდა წარადგინოთ პროექტი, რომლის მომზადებისას
აუცილებლად  უნდა გაითვალოს, მდგრადია თუ არა შენობა, რომელიც ახალ ტვირთს იმატებს. როგორც ამბობენ, შენობის მდგრადობა ზოგჯერ თვალის ერთი შევლებით იზომება.


ჯონი გიგინეიშვილი, მშენებლობის­ ექსპერტი: - უნდა დაზუსტდეს, შენობას რა მდგომარეობაში აქვს საძირკველი. ადრე თბილისსა და სხვა ქალაქებშიც მიწისქვეშ არ იყო ტექნოგენური წყლები. ეს პრობლემა­ კომუნიკაციების
დაზიანების გამო წარმოიშვა. ამასთან, თუ წინათ წყლები თვითდინებაზე იყო, ახლა გზად შენობები რომ ჩაუდგეს,­ დინებამ მიმართულება იცვალა და მის დასახვედრად მოუმზადებ­ელი სახლის საძირკველი დახვდა. გრუნტიც და საძირკველიც წყლით გაიჟღინთა და მდგომარეობა გაუარესდა. ხშირად ვაწყდებით დაპროექტების დროს დაშვებულ შეცდომებსაც - შენობა არასწორად ზის გრუნტზე და ამის გამო ბზარები წარმოიქმნება.

შესაძლოა, გრუნტი და საძირკველი პრობლემას არ ქმნიდეს, პროექტიც რიგზე იყოს, მაგრამ სამშენებლო მასალები იყოს დაძველებული. შემკვრელი მასალა, ცემენტი თუ აგური იფიტება; ან არმატურასა და ლითონის შვერილებს ჭამს კოროზია.
მოკლედ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გეოლოგიური და კონსტრუქციული კვლევები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწეროს დასკვნა, დასაშვებია თუ არა კონკრეტული შენობის მოდერნიზაცია, მანსარდის ან რამდენიმე სართულის დაშენება.
ამ პროცედურების გვერდის ავლა, უხეში დარღვევაა, რაც მოგვიანებით შესაძლოა სავალალოდ დასრულდეს.

- ყოფილა შემთხვევა, როდესაც არას­წორად მომზადებული პროექტის გამო პრობლემა შექმნილა?
- სამწუხაროდ, არის დარღვევები პროექტირების პროცესში. ქაღალდზე ყველაფერი კარგად არის, მაგრამ რეალობა სხვაა.

- როგორ გამოვლინდება ამ ტიპის­ დარღვევები?
- ახალ მშენებლობებს მერია აკონტროლებს, ავარიულ სახლებს კი მას შემდეგ სწავლობს, რაც მოსახლეობისგან მიუვა შეტყობინება. თბილისში ბევრი ავარიული შენობაა. ნგრევისკენ მიდრეკილებით გინესის რეკორდსმენები ვართ.

- როდესაც მე დაშენების ან მიშენების პროექტის მოსამზადებლად მივდივარ კერძო­ ორგანიზაციასთან, ის თავს არ იწუხებს შენ­ობის რეალური მდგომარეობის დადგენით, თუ კვალიფიკაცია არ ჰყოფნის და მეც მატყუებს­ და საკუთარ თავსაც?
- სამწუხაროდ, ორივე შემთხვევა გვაქვს,­ უფრო კი დაბალი კვალიფიკაციის პრობლემაა, რაც იმის ბრალია, რომ ჩვენთან მეცნიერება არ ვითარდება,­ სამშენებლო სფეროში ძალიან ჩამოვრჩით. ამას ემატება ხალხის სურვილი, იაფად მოაკვარახჭინოს საქმე, იაფად პროექტების გამკეთებლებს ენდობიან. ამ შემთხვევაში უპასუხისმგებლოა როგორც დამკვეთი, ისე შემსრულებელიც.

- "ხრუშჩოვკებზე", რომელთაც დიდი ხნის წინ ამოეწურათ ექსპლოატაციის ვადა, დაშენება გამართლებულია?

- "ხრუშჩოვკების" დიდ ნაწილს გრუნტი და საძირკველი სხვა შენობებზე უკეთესი­ აქვს. ბევრი, უფრო გვიან აშენებული, 8 ან უფრო მაღალსართულიანი სახლები,  80-100-წლიან ექსპლოატაციაზე რომ იყო გათვლილი, სავალალო დღეშია. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ საცხოვრებელს მოვლა სჭირდება. ბევრმა გამწვანების მოტივით, სახლს ვენახი ჩაურგო­ საძირკველთან. ეს იმას ნიშნავს, რომ წყალს მიეცა საძირკველში ჩადინების შესაძლებლობა.

ზოგიერთმა ბინებში საყრდენი (მზიდი) კედლები მოანგრია, რაც დანაშაულია! სწორედ ეს განაპირობებს შენობის დეფორმაციასა და ნგრევას.

ასეთი მავნებლობისთვის წესიერ სახელმწიფოში ამის გამკეთებელს დასჯიდნენ.

- მიშენების დროს, რა უნდა იყოს გათვალისწინებული? ამ შემთხვევაში ხომ დანამატი გვერდით ედგმის შენობას.

- როდესაც საძირკველი დაჯდება,  ანუ გრუნტი დაიპრესება, შენობის სტაბილიზაცია ხდება. 30-40 წლის ნაგებობას რომ ახალ შენაერთს მიადგამ, მასაც ხომ სჭირდება დრო გრუნტის დასაჯენად? მასაც ხომ აქვს თავისი საძირკველი? დავუშვათ, გრუნტი იდეალურია, მაგრამ დაპრესვას ხომ დრო სჭირდება? ის მილიმეტრობით იპრესება. ამ თანდათან დაჯენის პროცესში ჩნდება ბზარები. ეს უნდა გაითვალისწინოს დამპროექტებელმა. 

- გლდანსა და ნუცუბიძის პლატოზე მიშენებები რომ ჩამოინგრა, მიზეზები დადგინდა, ვინმე დაისაჯა?

- არაფერი მსმენია არც მიზეზების  დადგენის და არც ვინმეს დასჯის შესახებ. მიშენებების უმრავლესობა უკანონო იყო და ხალხი ვის მოსთხოვდა პასუხს, საკუთარ თავს? ეგ კი არა,
შესაბამისი სამსახურები მოსახლეობას უხსნიდნენ, სახიფათოა კუსტარული მიშენებები და დემონტაჟია საჭირო, რომ უბედურება თავიდან აიცილოთო,­ მაგრამ ესმოდა ვინმეს? მზად იყვნენ, ნანგრევებში მოყოლილიყვნენ, ოღონდ არავის მოენგრია გაგანიერებული საცხოვრებელი ფართი.

მშენებლობა უფაქიზესი საქმეა, არ შეიძლება ალალბედზე, გამართლებაზე მოქმედება. მაკონტროლებლებსაც დიდი ყურადღება მართებთ, თორემ შეიძლება უმართავი, ფარული პროცესები განვითარდეს და უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.

საბედისწერო მიშენებები


2009 წლის სექტემბერში ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მიშენება ჩამოინგრა. საბედნიეროდ, ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მანამდე, ერთი წლით ადრე, საცხოვრებელ კორპუსზე მიშენება ჩამოინგრა გლდანის რაიონშიც, რამაც ორი კაცის სიცოცხლე შეიწირა.

ორივე შემთხვევის პირველადი შეფასებისას ითქვა, რომ ნგრევა უხარისხო მშენებლობამ განაპირობა. თუმცა არავის დაუკონკრეტებია, რა იგულისხმებოდა უხარისხო მშენებლობაში: შემკვრელი მასალების უხარისხობა, არაკვალიფიციურად დაგეგმილი პროექტი თუ სხვა რამ. ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონში მომხდარი ფაქტის შემდეგ, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად კერვალიშვილმა განაცხადა, რომ მიშენება უნებართვო იყო, რომ ზედამხედველობის სამსახურს ჰქონდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მიშენებების ავარიულობის გამოკვლევას. ამ პროექტის დასაფინანსებლად 70%-ს გამოყოფდა მერია,  30%-ს  კი მოქალაქეები გადაიხდიდნენ. სურვილის შემთხვევაში, ამხანაგობას შესაძლებლობა ჰქონდა და დღესაც აქვს, მიმართოს ამ სამსახურს. ამბობენ, ხალხს ეშინია, რომ მიშენების დემონტაჟი არ გახდეს საჭირო, მერიას მსგავსი მოთხოვნით ამიტომაც არ მიმართავენო.

როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასე?!

ვარკეთილის მე-3 მასივის მე-6 კვარტალის პირველ კორპუსში 36 ადამიანი ბინადრობდა, რომლებსაც საცხოვრებელი 2008 წლის მარტში დაატოვებინეს. ამ ოჯახებს მერიის ბიუჯეტიდან, კომპენსაციის სახით, ყოველთვიურად 250 ლარი გადაეცემათ. 2008 წლიდან დღემდე აღნიშნულმა კომპენსაციამ 800 ათასს გადააჭარბა. პრობლემა კი ისევ მოუგვარებელია.

მარიკა ლეკიაშვილი, 30-ე ბინის მკვიდრი: 2008 წლის მარტში რომ გამოგვასახლეს, მერიის დადგენილებით, ქირის გადასახადად ყოველთვიურად 200 ლარი დაგვენიშნა. "ეს თანხა გადმოგეცემათ კომპენსაციის სახით თქვენი პრობლემის მოგვარებამდე" - ასე წერია საბუთში, რომლის საფუძველზეც ვიღებდით ამ თანხას. 2011 წლიდან კომპენსაციის ოდენობა 50 ლარით გაგვიზარდეს. 7 წელი გავიდა, რაც ამ ყოფაში ვართ და არაფერი კეთდება. თბილისის ზღვის მიმდებარედ რომ ზღვის ქალაქი შენდება, ხომ შეიძლება ერთი კორპუსი ჩვენთვის შეისყიდოს მერიამ? 2008 წლიდან დღემდე, ჩვენს კორპუსელებზე კომპენსაციის სახით 800 ათასი ლარია გადახდილი. ამხელა თანხა ფაქტობრივად გადაყრილია.

- ამ ეტაპზე რა კეთდება თქვენი პრობლემის მოგვარების მიზნით?

- გამგებელი ერთსა და იმავეს გვეუბნება, ინვესტორს ვეძებთო. მერს გვინდოდა შევხვედროდით, არ მოვიდა, არ აინტერესებს -  ყოველთვიურად მერიის ბიუჯეტიდან ამხელა თანხა რომ ქარს მიჰყვება? საკრებულოში ჩვენი რაიონის დეპუტატი ლევან დარახველიძეც გვპირდება დახმარებას, მაგრამ ...

მარინა კაზაროვა, მობინადრე: - მერვე წელია, რაც უსახლკაროდ დავრჩით. რას ველოდებით, ჩვენ თვითონ არ ვიცით. გამგეობაში, საკრებულოში - სად არ ვიყავით, მაგრამ ამაოდ.

მამუკა ჩოქური, სამგორის რაიონის გამგებელი: - მესამე მასივის ტერიტორიაზე, აღნიშნულის გარდა, რამდენიმე ავარიული კორპუსია. ახლა ინვესტორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. პარალელურად, კიდევ რამდენიმე უცხოური კომპანიის პროექტი არსებობს, მთლიანად მასივის ხელახალ განაშენიანებაზე ორიენტირებული და იმედი მაქვს, რომ დავაყენებთ საშველს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მხრიდანაც ხდება ინვესტორების მოძიება. ეგ ტერიტორია განიხილება პირველი საცხოვრებლის ასაშენებლად და დანარჩენი ავარიული კორპუსებიდან ქირით გაყვანილები დროებით მანდ დაკმაყოფილდებიან.

ეკა სალაღაია

მათე
15 ივლისი 2015 18:12
ამდენი გაუნათლებელი თუ ყავდა საქართველოს, ვერ წარმოვიდგენდი. რა შუაშია ვენახის ჩარგვა, ადამიანები ალამაზებენ შენობებს,მშენებლობა რომ მთავრდებოდა, გარშემო საძირკვლებთან ნაძვებს და ხეებს რგავდნენ კომუნისტები.ვიღაც მადლიანი ვაზს დარგავს და ის დაანგრევს? ვაი, თქვენს პატრონს, საქართველოში რაღაც ნამეტანი შეიძულეთ ვაზი, კახეთში ააჭრევინეთ ხალხს და საზამთრო გააშენეს. თქვენ ვაზი არ გინდათ და ნარკოტიკი გინდათ.ამისთანა სისულელე როგორ მოსდის თავში ადამიანს?

რედაქტორის რჩევით