"ფარანანთებული კაცი ჩვენ თვალწინ წაიღო მდინარემ" - კვირის პალიტრა

"ფარანანთებული კაცი ჩვენ თვალწინ წაიღო მდინარემ"

"ახლა ძნელად თუ დაიჯერებთ, რომ აქ ოდესმე ხალხი ცხოვრობდა"

"კვირის პალიტრამ" მოიპოვა წყნეთის ხევის ექსკლუზიური ფოტოები. ვინ ცხოვრობდა ამ დასახლებაში სტიქიამდე, ადგილობრივ მცხოვრებლებთან გადავამოწმეთ. შედარებისთვის გთავაზობთ, თუ როგორ გამოიყურებოდა წყნეთის ხევი სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ

წარმოუდგენელია სიტყვებით გადმოსცე შეგრძნება, როდესაც საკუთარი თვალით უყურებ, როგორ გტაცებს ხელიდან წყალი ოჯახის წევრს, მეზობელს... როგორ ანგრევს სტიქია შენს სახლს და ამ უბედურების შესაჩერებლად ნაბიჯსაც ვერ დგამ, ყველაფერს მხოლოდ შორიდან უყურებ. ალბათ, სწორედ ასეთ დროს გრძნობ ადამიანი მთელი სიმძაფრით საკუთარ უსუსურობას ბუნების წინაშე... წყნეთის ხევის მცხოვრებლები ჯერ კიდევ არ გამოსულან შოკიდან. ისინი შვილებისა და საკუთარი სიცოცხლისთვის თავგამოდებით ებრძოდნენ სტიქიას...

მარინა ქარდავა, წყნეთის ხევის მცხოვრები: "ამ ფოტოებზე წყნეთის ხევია ასახული სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ. აფხაზეთიდან დევნილები ვართ. წყნეთის ხევის #60-ში 1995 წლიდან ვცხოვრობთ. სტიქიამდე ერთი კვირით ადრე ამ ადგილას ზოგიერთი სახლი დაიტბორა, მაგრამ წყალს ჩვენამდე არ მოუღწევია. მაშინ მეზობლები ჩვენთან შევიფარეთ. გვეგონა, წყლის ადიდებას 13 ივნისსაც გადავურჩებოდით, პირველი სართულიც რომ დატბორილიყო, მეორე სართული და სხვენი გვქონდა, მაგრამ... ჯერ პირველი სართული გაივსო, რამდენიმე წამში კი მეორე სართულიც წყალმა დაფარა. ოჯახის ექვსივე წევრი სახურავზე ავვარდით. ხელში წლინახევრის შვილიშვილი მყავდა ატატებული. ჩემი თვალით ვნახე, როგორ მოწყვიტა ნაკადმა ნათია თევდორაშვილის სახლი, შემდეგ გიორგიძეებისა და ილურიძეების სახლებიც წაიღო.

ხეობაში მოვარდნილმა "სიკვდილმა" ჩვენ წინ ყველა სახლი წამებში ჩარეცხა. ერთ სახლში მდგმურად ენუქიძეები ცხოვრობდნენ. შინ მხოლოდ ოჯახის უფროსი იყო, რომელიც ფარნით გვანიშნებდა, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარო. ჩემი შვილი უყვიროდა, ძია კარპო, გამოცურე, დაგეხმარებიო, მაგრამ უცებ წყალმა სახლი მოწყვიტა. ფარანანთებული კაცი ჩვენ თვალწინ წაიღო მდინარემ. ეს საზარელი სანახაობა იყო (ძია კარპოს ცხედარი მაშველებმა "მზიურის" ტერიტორიაზე იპოვეს).

ცოტა ხანში მაშველების ხმა გავიგონეთ. საბედნიეროდ, გადავრჩით... ახლა ძნელად თუ დაიჯერებთ, რომ აქ ოდესმე ხალხი ცხოვრობდა.

რუსუდან შელია