მეწყერსაშიში ზონები თბილისში
22-06-2015
მეწყერსაშიში ზონები თბილისში
თბილისში 13 ივნისის ღამეს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ აქტუალობას არ კარგავს კითხვა: არის თუ არა დედაქალაქში მეწყერსაშიში ზონები და დაცულია თუ არა მოსახლეობა მომავალში მსგავსი ტრაგედიისგან? ამის გასარკვევად ინჟინერ-გეოლოგ გურამ ჩიქოვანს ვესაუბრეთ:  


დიდი წვიმების შედეგად ნუცუბიძის IV მ/რ-ში ფერმწერთა ქუჩაზე მეწყერი ჩამოდის

მეწყერსაშიში ზონაა მახათას მთისკენაც, ლოტკინის მხარეს და სარაჯიშვილის მეტროსთან, ძველი გამგეობის შენობასთან. მთელი ფერდობი მოძრავი ფენებისაგან შედგება

დიდუბის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე უხვი ნალექების პერიოდში საავტომობილო გზა ირეცხება

რაც
შეეხება სვანიძის ქუჩას, აქ სტიქიის გამეორების საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს

მზიურის
ტერიტორიაზე არაერთი დამეწყრილი ადგილია

მეწყრის ჩამოწოლის საშიშროებაა  ჩუღურეთის რაიონში, სიღნაღის ქუჩა #3-თანაც

მძიმე ვითარებაა ბაგები-წყნეთის გზაზე, კერძოდ, ბაგებში, იმედაძის I გასასვლელთან

მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ყველა ავარიული შენობის მდგრადობა უნდა შემოწმდეს. რთული ვითარებაა ყოფილი
მე-9 საავადმყოფოს ქვემოთ, სადაც კორპუსებია აშენებული და კიდევ შენდება. იქ წყლის მიწისქვეშა დენადობა საკმაოდ დიდია

მეწყრის ჩამოწოლის საშიშროებაა მთაწმინდაზე, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე. ეს დედაქალაქისთვის ერთ-ერთი­ მნიშვნელოვანი ქუჩაა, რომელიც ორ უბანს ერთმანეთთან აკავშირებს, მაგრამ აქ მთაწმინდის ფერდობის დახრა შრეების დახრას ემ­თხვევა, შრეებს შორის კი ატმოსფერული ნალექები გროვდება, რაც მიწის ჩამოცურების საფრთხეს ზრდის. ამ ადგილზე მეწყერი ორჯერ ჩამოწვა, რასაც ორი მუშის­ სიცოცხლე ემსხვერპლა

ისნის რაიონში, გუჯარეთის ქუჩაზე ფერდი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს


- როგორც ყველა მთაგორიან რელიეფზე გაშენებულ ქალაქში, თბილისშიც სტიქიის რისკი ყოველთვის არსებობდა. სამწუხაროდ, ტრაგედიის გამეორების საშიშროება დღესაც არსებობს. როდესაც ვაკე-საბურთალოს გზას ჭრიდნენ, უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ვერეს ხეობიდან მიწის მასის ამოღება სავალალო შედეგს გამოიწვევდა. მოსახლეობის ბედი ერთი ადამიანის ხუშტურზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. მხოლოდ ახალ ესტაკადაზე არ ვამბობ, ვერეს ხეობაში კომუნისტების დროიდან სცოდავდნენ. ასეთ უხეშ ჩარევას ბუნება ადამიანს არასოდეს აპატიებს!

- რა უნდა გაკეთდეს, რომ მეწყრის ჩამოწოლის პრევენცია და პროგნოზირება შევძლოთ?

- პირველ რიგში, მშენებლობებზე ნებართვის გაცემის წესი უნდა გამკაცრდეს. თბილისში მთაგორიანი, რთული რელიეფია და მიწის შრეების კვეთა, ასევე გზების ხეობებში გაყვანა ბუნებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. სტიქიის პრევენციისთვის მხოლოდ გვირაბების გაყვანა და სადრენაჟო სისტემების დამონტაჟება საკმარისი არ არის. აუცილებელია, მერიამ საინჟინრო გეოლოგიური რუკებით იხელმძღვანელოს. თანამედროვე მსოფლიოში დაგროვილი გამოცდილებისა და ტექნიკის საშუალებით, ყველა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე შეიძლება პრობლემის აღმო­ფხვრა. ამას თბილისში ყურადღებას აღარავინ აქცევს. დედაქალაქში ტერიტორიების სიმცირის გამო მშენებლობისთვის რთულ და "ავადმყოფ" ფერდობებს ირჩევენ.­ ასეთ ადგილებში მშენებლობა­ ძვირი ჯდება, შესაბამისად, სახელმწიფო თუ კერძო პირი ყოველთვის ცდილობს, პროექტი მინიმალური თანხებით განახორციელოს და გეოლოგების მითითებებს უგულებელყოფს. სწორედ ეს იწვევს ფატალურ შედეგებს. მერიამ მეწყრულ ზონებში სახლების გამაგრებაზეც უნდა იზრუნოს...  

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით