მსხვერპლის აცილების 3 პროექტი! - კვირის პალიტრა

მსხვერპლის აცილების 3 პროექტი!

ამ ფოტოზე განსაკუთრებით კარგად ჩანს ძაბრის ფორმის სიცარიელე, რომელსაც ცოტა ხნის წინ

15-16 მილიონ ტონამდე მიწის, კლდის და ტყის საფარი ფარავდა

შეიძლებოდა თუ არა წყნეთი-ახალდაბის გზაზე მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ მოსახლეობის გაფრთხილება, რითაც ტრაგიკულ შედეგებს ავიცილებდით თავიდან, ან ისწავლა თუ არა ხელისუფლებამ ჭკუა გამოცდილების საფუძველზე და როგორ აპირებენ თბილისის დაცვას, თუ სტიქიამ კიდევ შემოგვიტია? - ამ კითხვებზე "კვირის პალიტრას" გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა უპასუხა.

- ვერეს ხეობის ტერიტორია აგებულია ეროზიული და მეწყრულად ძალიან დამყოლი ქანებით, რომლის მდგომარეობაც 13 ივნისს ღამით მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა კიდევ უფრო დაამძიმა. შედეგად მივიღეთ 60 მეწყერი, მათ შორის მთავარი წყნეთი-ბეთანიისა და ბეთანია-ახალდაბის გზაზე ჩამოწვა. თავიდან კლდოვანი მასა ჩამოიშალა, კილომეტრის გავლის შემდეგ, წყნეთი-ახალდაბის მონაკვეთიდან კი გადავიდა ღვარცოფულ ნაკადში. მეწყრის საერთო ფართობი 32 ჰა-ს შეადგენს, სადაც გაშენებული იყო ტყის მასივი. ეს მასივიც ჩაითრია და 3, 8 კმ-ის გავლის შემდეგ მდინარე ვერეს შეუერთდა. ეს არ ყოფილა მდინარის ჩაკეტვის კლასიკური შემთხვევა, ანუ წყალს ფაქტობრივად, წუთითაც არ შეუწყვეტია დინება, მომენტალურად შეჩერდა და იმ წუთშივე დაიძრა ქალაქისკენ.

- 60 მეწყერი უშუალოდ ვერეს ხეობაში ჩამოვიდა?

- დიახ. ვერეს ყოველი შენაკადი ღვარცოფწარმოქმნადი ხევია. აი, სწორედ ამ ხევებში ჩამოწვა მეწყრები. წყალი და მიწა ქალაქისკენ წამოვიდა, რასაც დაემატა დიდი რაოდენობით ხეტყე, რაც საბოლოოდ ქალაქის ზონაში მოხვდა.

ეს არ იყო ჩვეულებრივი სტიქიური შემოტევა. განსაკუთრებული მოვლენა იყო, რადგან ამ პატარა უბანში და თანაც უმოკლეს პერიოდში ერთდროულად განვითარდა 9 ტიპის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესი: მეწყერი, კლდეზვავი, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, მდინარის ეროზია, უხვი ატმოსფერული ნალექი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა და დატბორვა, სეტყვაც კი მოვიდა.

ასეთ თანხვედრილობას მხცოვანი ხალხიც ვერ იხსენებს. მდინარის აუზში წამში 470 კუბმეტრმა წყლის ნაკადმა გაიარა. არ ვიცით, რა რაოდენობის ხის მასალა შევიდა მდინარეში.

- წყნეთში, ბეთანიასა თუ ახალდაბაში მეწყრის ჩამოწოლის ხმა რომ გაიგონეს, შეიძლებოდა თუ არა მოსახლეობის გაფრთხილება?

- ადგილობრივები ამბობენ, რომ მეწყერი 11 საათზე ჩამოწვა. შესაძლოა, ვინმემ დარეკა კიდეც 112-ში.

შეიძლებოდა, მეტ სიფხიზლეს მდგომარეობა რადიკალურად თუ არა, მნიშვნელოვნად შეერბილებინა.

- სახელმწიფოს არ ჰქონდა სასიგნალო საშუალება, რითაც საფრთხის შესახებ ადრევე შევიტყობდით?

- ამ ტერიტორიაზე არ არსებობდა წინასწარი შეტყობინების ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც, მეწყრის შესახებ არა, მაგრამ წყალდიდობისა და წყალმოვარდნის შესახებ 80%-ით შეიძლებოდა ინფორმაციის ადრეულ ეტაპზე მოწოდება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ასეთი ხელსაწყო რამდენიმე ადგილზე უნდა დამონტაჟდეს.

50 000-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის მეწყრული ზონა და სამი ათასზე მეტი ღვარცოფწარმოქმნადი მდინარე და ხევია საქართველოში, ყველა მათგანზე რომ ადრეული შეტყობინებების სისტემები დავაყენოთ, ამერიკის ბიუჯეტი არ ეყოფა. ერთი აპარატურის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.

13 ივნისს ვერეს ხეობაში განვითარებული მოვლენების რეჟიმი კანონზომიერებასაც კი არ ექვემდებარება.

ძალიან რთული აუზი აქვს ვერეს, თითქოს პატარაა, 192 კვ/კმ-ია, მაგრამ ისეთი შენაკადები აქვს, რომ რთულ მდგომარეობას ქმნის, დაუდგენელი რეჟიმით.

- რა გაკეთდება ქალაქისა და მოსახლეობის დაცვის მიზნით?

-  ჩემთვის პრიორიტეტულია ადრეული შეტყობინების სიგნალის ხელსაწყოს ინსტალაცია, ასევე ეფექტურია ე. წ. ხერხეულიძის კონსტრუქცია, რამაც თელავის ხევზე კარგად იმუშავა.

ღვარცოფს კარგად იჭერს. განიხილება წყალსაცავის ვარიანტიც, ანუ დიდი რაოდენობით მომსკდარ წყალს დააგუბებ დიდ აუზში და მერე ნელ-ნელა გამოუშვებ, გაწმენდ დამბას.

- დამცავი დამბა და წინასწარი შეტყობინების ხელსაწყო როდის შეიძლება გაკეთდეს ხეობაში?

-  ჯერ მონახაზის დონეზეა ყველაფერი, მაგრამ როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებენ, ყველაფერი სწრაფად გაკეთდება.

- ზემოთ მეწყრის დიდი ნაწილია დარჩენილი. არ არის საშიში?

- საშიშია, მაგრამ ახლა სხვა რეჟიმში ვმუშაობთ და  ვვარაუდობ, რომ უმოკლეს დროში უკეთესი დამცავი საშუალებებიც გვექნება.

-  ვერეს ხეობაში არსებული ნაგებობები და გზა გათვლილი იყო მსგავსი ტიპის მოვლენაზე? როგორ ფიქრობთ, დაზიანებული გზა ძველი ფორმით უნდა აღდგეს?

- მე გეოლოგი ვარ, არა ვარ ჰიდროლოგი, ჰიდროტექნიკოსი, კონსტრუქტორი და გზის ინჟინერი. თუმცა, ჩემი აზრით, მომავალში სხვანაირად არის გადასაწყვეტი. აუცილებელია, გზამ და გვირაბებმა გაატაროს წყლის ნაკადები.

გიორგი ხერხეულიძე, დამოუკიდებელი ექსპერტი, საინჟინრო ჰიდროლოგი და ჰიდროტექნიკოსი:  - გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ირიცხება ღვარცოფების კატალოგში მდინარე ვერე, ამიტომ გვირაბებში გასატარებელი წყლის მოცულობაზე საანგარიშო ხაზი იანგარიშება არა ჩვეულებრივად წყალზე, არამედ ღვარცოფზე.

13 ივნისს რაც ღვარცოფების სახით წამოვიდა, იმას დაემატა ხეობაში არსებული ნაგავი, მდინარის კალაპოტში იდგა სახლებიც. ერთი ხის სახლი წყალში ტივტივებდა და იოლი წარმოსადგენია, ასეთი რამ გვირაბს რომ დაეტაკებოდა, როგორ გადაკეტავდა წყლის დინებას.

ერთი საათის განმავლობაში მოსული წვიმის შედეგად ისეთი დარტყმა წამოვიდა, რომ შესაძლოა, გადააჭარბა პროექტით გათვალისწინებულ მონაცემებს. როდესაც მდინარე რისკის მატარებელია, გამტარი ნაგებობები უფრო მძლავრ ნაკადზე უნდა იყოს გათვალისწინებული.

- რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, ხომ გაატარებდა?

- ძნელია გადაჭრით რაიმეს თქმა, რადგან ახალ გვირაბებს კიდეც რომ გაეტარებინა, საკითხავია, ძველი წყალგამტარი გვირაბი გაატარებდა თუ არა.

- უკვე დანგრეული ავტომაგისტრალის ადგილზე ხიმინჯებზე შემდგარი გზა რომ აეშენებინათ, როგორ ფიქრობთ, ეს პროექტი უფრო გაამართლებდა?

- თუ ნაკადი არ ანგრევს ხიმინჯებს, მაშინ უკეთესია, როდესაც მთლიანად ხიდის სახის ესტაკადით დაიფარება მდინარის კალაპოტი, მაგრამ ქვემოთ მაინც დახვდებოდა ძველი გვირაბი და ის გაატარებდა თუ არა, არავინ იცის. გმირთა მოედნის ზემოთ კალაპოტის ქანობი უფრო დიდია და უფრო დიდი სიჩქარით გადის წყალი. შემდეგ გმირთა მოედნიდან მტკვრამდე მცირდება ქანობი და ძნელია გადაჭრით თქმა, რომ გამტარობა საკმარისი იქნებოდა.

ვურჩევ კომისიას, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს, არა მხოლოდ მომხდარისა და ახალი პროექტების, ძველი პროექტების მასალების გათვალისწინებით ჩაატარონ ექსპერტიზა.

რა სქემით იმოქმედებენ სამაშველო სამსახურები

ადრეული შეტყობინების სისტემის დამონტაჟება, საგანგებო სიტუაციაში ხეობის მთელ სიგრძეზე სწრაფად რეაგირებას შეგვაძლებინებს.

მდინარის ცენტრალურ ნაწილში დამონტაჟებული ხელსაწყო წყლის დონის საეჭვოდ აწევის შემთხვევაში, ელექტრონულ რეჟიმში წამიერად მიაწვდის ინფორმაციას კომპიუტერს, საიდანაც ოპერატორი ასევე წამიერად გაავრცელებს მას სხვადასხვა უწყებაში, პირველ რიგში საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში, საპატრულო პოლიციასა და გარემოს დაცვის სამინისტროში. ამის შემდეგ გატარდება სპეციალური ღონისძიებები: საპატრულო პოლიცია საჭიროების შემთხვევაში ჩაკეტავს გზებს იმ მიმართულებით, საიდანაც სტიქიის შემოტევა იქნება ნავარაუდევი.

ამასთან, რისკზონებიდან გაიყვანენ ადამიანებს. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოშიო გვითხრეს, ვერეს ცენტრალურ აუზში მდინარის დონის საეჭვო ზრდის შესახებ პირველი ინფორმაციიდან, ქალაქს განგაშით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად ექნება დაახლოებით 30-40 წუთი.

იმის გამო, რომ მდინარე ვერე თბილისში ჩამოსვლამდე კლაკნილად მოდის, მოსახვევებში კარგავს ენერგიას. ამიტომაც სწორედ აღნიშნული დრო დასჭირდება დედაქალაქში შემოსვლამდე.

შეიძლებოდა თუ არა, 13 ივნისს, 112-ზე ვინმე მოქალაქის მიერ შესული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადებულიყო ისეთივე საგანგაშო მდგომარეობა, როგორიც მდინარის ცენტრალურ აუზში წინასწარი შეტყობინების ხელსაწყოსგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება?

როგორც დაზარალებული მოქალაქეებისა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლების საუბრებიდან ირკვევა, ხალხი 112-ზე მაშველების დახმარებას ითხოვდა. თუმცა, უკვე გვიან, იმ დროს, როდესაც წყალი ქალაქს მოადგა. გავრცელებული ინფორმაციით,  მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია მაშინვე შეიტყო საპატრულო პოლიციის იმ ეკიპაჟმა, რომელმაც მეწყერში მოყოლილების გადასარჩენად დახმარება ითხოვა, მაგრამ ფაქტია, არავის აზრად არ მოსვლია, მიღებული ინფორმაცია გლობალურად და ოპერატიულად გაეანალიზებინათ და ასევე ოპერატიულად ეცნობებინათ იმ ორგანიზაციებისა და უწყებებისთვის, რომელთაც საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესში მთავარი როლი აქვთ. თითოეული ზარი მაშველის თხოვნაზე კერძო ინტერესიდან  გამომდინარედ და გლობალურად არააქტუალურად განიხილებოდა, ან საერთოდაც არ განიხილებოდა. არადა, როდესაც ერთი საათის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, ალბათ უსაფრთხოებასა და ეკოლოგიაზე პასუხისმგებელ ყველა უწყებას ასი ყური და ასი თვალი უნდა გამოესხა.

ფოტოები "ფეისბუქიდან", ავტორი: Irakli Supernobody