"ახლაც ჩამესმის მდინარე ვერეს საშინელი ხმაური და ადამიანების განწირული ყვირილი"
22-06-2015
"ახლაც ჩამესმის მდინარე ვერეს საშინელი ხმაური და ადამიანების განწირული ყვირილი"
სტიქიით დაზარალებული გივი სვანიძის ქუჩის მცხოვრებლები დღეს სასტუმროებში ცხოვრობენ... რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.

ნონა ბაქრაძე: - გივი სვანიძის 10 ნომერში ვცხოვრობ. იმ საღამოს 4 საათი გადაუღებლად წვიმდა. მდინარე ვერეს საშინელი ხმაური ახლაც ყურში ჩამესმის. ერთმანეთში ირეოდა წვიმისა და მდინარის ხმა, ადამიანების განწირული ყვირილი.

ჩვენ ქუჩის მარცხენა, შედარებით მაღალ მხარეს ვცხოვრობთ. მარჯვენა მხარეს სახლები მალე დაიტბორა.
ვისაც ერთსართულიანი სახლები ჰქონდა, კარს ვეღარ აღებდა და ბავშვებს ფანჯრებიდან ყრიდნენ.
მივხვდით, ყველაფერი უნდა დაგვეტოვებინა და
თამარაშვილის ქუჩაზე ავსულიყავით. ჩემი შვილები დარჩნენ, მეზობლებს ეხმარებოდნენ გამოსვლაში. ბავშვები ყელამდე წყლიდან ამოჰყავდათ.
ჩვენი სახლი 50-იან წლებშია აშენებული და ახლა მთლად განადგურდა. ჩემს ბავშვობაში, 1961 წელსაც ადიდდა ვერე, მაგრამ ასეთი მასშტაბის ზარალი არ ყოფილა.

დილით მივედით სახლის სანახავად, მაგრამ ვეღარ შევედით, შლამით იყო სავსე.
უღრმესი
მადლობა მინდა გა­­­დავუხადო ახალგაზრდებს,­ რაც მათ გააკეთეს, ამის მსგავსი არაფერი მინახავს და არც გამიგონია.

დუსია ბულაური: - ჩემი სახლი აღარ არსებობს, მაგრამ სახლს რაღას დავეძებ, გადავრჩით. 15 წუთში დაიტბორა და განადგურდა მთელი უბანი. სამშვიდობოს რომ გამოგვიყვანეს, ჩემი შვილი და შვილიშვილი ხალხის საშველად დაბრუნდნენ, მაგრამ უბანი წყლით იყო სავსე, მანქანები ყირავდებოდა...
საუბედუროდ, მეზობლები დავკარგეთ. დაიღუპა მაშველი, რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ჩვენს მეზობლად დათო ტურაშვილის ნათესავები ცხოვრობდნენ. სტიქიის დროს დათოც იქ იყო და წყლიდან რამდენიმე პატარა გამოიყვანა.

მერიიდან და საკრებულოდან მოდიან, გვეკითხებიან, რა გვჭირდება, იწერენ და ყველა თხოვნას გვისრულებენ. მადლობის მეტი რა გვეთქმის.

იულია ვარდიაშვილი: - იმ ღამეს მეგობარი გავაცილე და ბავშვები დასაძინებლად მიმყავდა, როცა შევნიშნე, რომ იატაკიდან წყალმა დაიწყო ამოსვლა. მეორე სართულზე ავედით, შემდეგ კი - სახურავზე. იმ დღეს სახლში ხუთნი ვიყავით - მე, მამა და ჩემი სამი შვილი (2, 4 და 15 წლის). სახურავზე როცა გადავედით, არ ვიცი, საიდან, ვიღაც კაცი გამოჩნდა. მან გადაარჩინა ჩვენი ძაღლი და კნუტიც კი, სახურავზე პატარა კარავიც გაგვიკეთა, ბავშვები არ დასველდნენო. ვკითხე, ვინ ხართ, აქ როგორ მოხვდით-მეთქი, რუსულად მიპასუხა, ვარკეთილელი ვარ, როგორც კი წვიმა დაიწყო, მაშინვე თამაზაშვილის თავშესაფარში წამოვედი ძაღლების საშველად, მაგრამ თურმე, ადამიანებს სჭირდებათ დახმარებაო. ორი საათი დავყავით სახურავზე. შემდეგ მაშველები გამოჩნდნენ და ნავებით გამოგვიყვანეს სამშვიდობოს.

შემზარავი სურათი იყო: წყალში სახურავები დაცურავდა, ყველაფერი განადგურდა და მდინარემ წაიღო. ალბათ, კარგა ხანს ვერ გამოვალთ მდგომარეობიდან.  


როგორ განსახლდებიან დაზარალებულები

"მთავრობა უზრუნველყოფს­ ყველა ოჯახის განსახლებას: იქნება ეს მათი დაბინავება, ბინების გამოყოფა, მშენებლობა და ა.შ.,”მოსახლეობის განსახლების კრიტერიუმებსა და მეთოდოლოგიას განსაზღვრავს­ განსახლების გეგმა, რომელზეც მუშაობს თბილისის მერია, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტრო და კომისიაც მიიღებს ამაში მონაწილეობას. არავითარი შეფერხება, არავითარი საზრუნავი ამ მხრივ მოსახლეობას არ ექნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"საბანკო დავალიანება ჩამოეწერებათ "

დაზარალებულ ფიზიკურ პირებს ასი პროცენტით ჩამოეჭრებათ საბანკო დავალიანება. ეს არის კომერციული ბანკების ინიციატივა, ამისთვის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ მადლობა გამოუცხადა. "ეს დიდი შეღავათი და დახმარებაა დაზარალებული მოსახლეობისთვის".

ივანიშვილის განცხადება

"რა თანხებიც მთავრობას დააკლდება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილი დაამატებს", -  განაცხადა 18 ივნისს  ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან. მისი თქმით,­ ხაზინაში „საქმე კარგად ვერ არის ფინანსური მობილიზების თვალსაზრისით: “"ხელისუფლება აქტიურად ცდილობს მოიძიოს რესურსები, რათა მაქსიმალურად დაფაროს ის ხარჯები, რაც სტიქიამ მოგვიტანა, რასაც ვერ შეძლებენ, ჩათვალეთ, რომ ყველა თანხა აქვთ. ასეთი დაზღვევა არსებობს ჩემი სახით. რასაც ვერ მოიძიებს ხელისუფლება, მე” დავამატებ", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

სადაზღვევო კომპანიები, სავარაუდოდ, ამ "დანაკარგს აუნაზღაურებენ"

ვისაც ავტომანქანა დაზღვეული ჰყავდა და სტიქიის დროს დაკარგა, მათ სადაზღვევო კომპანიები, სავარაუდოდ, ამ დანაკარგს აუნაზღაურებენ. მოსახლეობა ვარაუდობდა, რომ სახელმწიფო იმ დაზარალებულებსაც აღუდგენდა დანაკარგს, რომელთაც არ ჰყავდათ დაზღვეული ავტომობილი, რაზეც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა: "ჩვენ დავითვლით ყველაფერს და მოსახლეობას მივაწვდით და დავპირდებით იმას, რის გაკეთებასაც სახელმწიფო შეძლებს".

ნანა ფიცხელაური

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით