სად გადავა და როგორი იქნება თბილისის ახალი ზოოპარკი? - კვირის პალიტრა

სად გადავა და როგორი იქნება თბილისის ახალი ზოოპარკი?

"თუ სათანადო ვოლიერები გვექნება, ნებისმიერი ცხოველის მოყვანას შევძლებთ"

ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვასთან, დენდროლოგიური პარკის მახლობლად, 50 ჰა-ზე დაიდებს ბინას. მშენებლობა ეტაპობრივად დაიწყება და სამ წელიწადში დასრულდება. ახალი ზოოპარკი უფრო მრავალფეროვანი იქნება, ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს მიმსგავსებული ვოლიერები შესანიშნავ პირობებს შექმნიან კონსერვაციისთვის.

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე:

- ძველ ზოოპარკში, ყველაფერი თავიდან ასაშენებელია, ამიტომ სჯობს, ახალ ადგილზე ავაგოთ ვოლიერები. უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია გვთავაზობს დახმარებას... უპირველესად საზრუნავია ბეჰემოთი. ის დროებით სპილოს ვოლიერში ცხოვრობს, სადაც მხოლოდ ცივი წყლის აუზი აქვს, არადა, როგორც კი აცივდება, მზად უნდა ჰქონდეს თბილი წყლის აუზი, თავისი„აპარტამენტით, თორემ დაიღუპება. შემდეგ გადავიყვანთ სპილოებს, პინგვინებს, ლომებს, ლეოპარდებს... სამწუხაროდ, ბევრი ცხოველი დაიღუპა. გადარჩა ძვირფასი თეთრი მარტორქა, ბეჰემოთი, სპილოები, თეთრი ლომები, ლეოპარდები, ჩლიქოსნები, რომელთა ვოლიერების აშენება არ არის რთული. ყველაზე ძვირი დაჯდება ეგზოტარიუმის აშენება, მაგრამ ბოლოში მოვიტოვებთ, რადგან არ დაზიანებულა.

ახალ ადგილზე არანაირი ინფრასტრუქტურა არ არის. ვფიქრობთ, თავიდან 5-6 ჰა ავითვისოთ, რათა ცხოველებს საუკეთესო პირობები ჰქონდეთ.

- ახალი ზოოპარკის პროექტი არსებობს?

- არსებობს კონცეფციების ოთხი ვარიანტი. თავის დროზე ფონდ "ქართუს" მიერ ჩატარებულ ტენდერში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უცხოური კომპანიები. ერთ-ერთის ავტორები ინგლისელები არიან (კომპიუტერული ესკიზი მედიით ვრცელდება). ის ნახევარი მილიარდი დოლარი ჯდება და ძვირი შესანახიცაა.

ამ პროექტით ზოოპარკი შედგება რამდენიმე პავილიონისგან. ერთ-ერთი უნდა იყოს მინით დახურული ტროპიკული ტყე, რომელშიც გემით იცურავებ და დაათვალიერებ ჯუნგლებს.

აქ, ისევე, როგორც გერმანულ პროექტში, აქცენტი კეთდება ტექნოლოგიურ ფაქტორებზე, რაც ძალიან ძვირი ჯდება. თუ ბილეთის ღირებულება 20-30 დოლარის ეკვივალენტი იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ასეთი ზოოპარკი თავის შენახვას. ამიტომაც არ ვემხრობი ამ კონცეფციას. უნდა ავაშენოთ ისეთი ზოოპარკი, რომელიც ხალხისთვის ხელმისაწვდომი იქნება. შედარებით იაფია ისრაელის და ამერიკული პროექტები. ტროპიკული ტყეები მათშიც არის გათვალისწინებული, მაგრამ არა იმხელა, როგორც ინგლისურ და გერმანულ პროექტებში. ამერიკული მარტივ ვოლიერებს ითვალისწინებს. მოგზაურობ და თან უამრავ ინფორმაციას იღებ, დათვალიერების პროცესი შემეცნებითი ხასიათისაა.

2009-2010 წლებში ეს კონცეფციები აღარ განიხილებოდა და თბილისის მერიამ კომპანია "არუპის" დაუკვეთა კიდევ ერთი კონცეფციის მომზადება. მეც ვმონაწილეობდი. პროექტი 60 მილიონამდე ჯდება და ძალიან საინტერესოა. შესანახადაც იაფია და ადგილობრივ გამოცდილებასაც ეყრდნობა. მერიაში მითხრეს, რომ კიდევ არსებობს კომპანია "ჰასლერის" კონცეფცია.

- ბევრ ორგანიზაციას უნდა, ზოოპარკს ცხოველები აჩუქოს.

- ყველასგან ვერ მივიღებთ ასეთ საჩუქარს, რადგან თბილისის ზოოპარკი არის ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის (ეაზა) წევრობის კანდიდატი და ჩვენ ვემორჩილებით მათ წესებს. კოლექციის შესავსებად არ ვაპირებთ ზიანი მივაყენოთ ბუნებაში არსებულ რომელიმე პოპულაციას. ეაზა არის ზოოპარკების ყველაზე დიდი ქსელი და დიდი რესურსიც აქვს, ამიტომ ის დაგვეხმარება. ეაზა-ს კონცეფციის თანახმად, ზოოპარკი უნდა იყოს სამეცნიერო, კვლევითი, საგანმანათლებლო კონსერვაციული ორგანიზაცია. თბილისის ზოოპარკს აქვს პრეტენზია, გახდეს კონსერვაციული ცენტრი, ანუ ზოოპარკების ყველაზე მაღალი კატეგორია ჰქონდეს. შესაბამისად, ძირითადად, სწორედ სახეობების აღდგენაზე ვიზრუნებთ.

მნიშვნელოვანია, ყველა ცხოველს ჰქონდეს თავისი ფუნქცია. მაგალითად, ლომები სანახაობრივად დააინტერესებენ დამთვალიერებელს და ამ დროს მათ უნდა ანახო ისეთი ცხოველიც, რომლისთვისაც საგანგებოდ არ მოვიდოდნენ ზოოპარკში, თუნდაც ტაპირი (საბედნიეროდ, გადარჩა), ან მილკბილა (დაიღუპა). თეთრი ვეფხვი კომერციულად მომგებიანია - იმდენად ლამაზია, რომ საგანგებოდ მის სანახავად დადიან ზოოპარკში.

- თბილისის ზოოპარკს უკვე მინიჭებული აქვს რამდენიმე პოპულაციის აღმდგენის ფუნქცია, არა?

- დიახ სპილოები, პინგვინები და ლეოპარდებიც კონსერვაციული მიზნებით ჩამოვიყვანეთ. მართალია, სამხრეთი აფრიკა ჩვენგან ძალიან შორს არის და ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც საქართველოდან წაიყვანენ ყველა ნამრავლს, მაგრამ ასეთი კონსერვაციული ჯგუფების არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს  ეაზა-ს სივრცეში. რომელიმე ზოოპარკში რაიმე უბედურება რომ მოხდეს, თუნდაც ისეთი, როგორიც ჩვენთან, პოპულაციები სხვა ზოოპარკში გადარჩება და რესურსები გადანაწილდება.

- ახალ პარკში ალბათ ახალი ცხოველები გვეყოლება.

- ვიმედოვნებთ, ჟირაფები გვეყოლება. თუმცა, ზუსტად რა კოლექცია უნდა გვყავდეს, ამას დავგეგმავთ...

თუ სათანადო ვოლიერები გვექნება, ნებისმიერი ცხოველის მოყვანას შევძლებთ, მათ შორის, მთის გორილისაც.

- სტიქიამ მაიმუნების კოლექცია გაანადგურა.

- ძალიან გული მწყდება. განსაკუთრებით გიბონ მაუგლიზე...

ვისარგებლებ და მადლობას ვუხდი მათ, ვისაც სურს ზოოპარკს დაეხმაროს: თუ შეგიძლიათ ვოლიერების მოწყობაში მოგვეხმარეთ. EAZA-ს სივრცეში ცხოველები არ იყიდება. ზოოპარკებში ცხოველებით არ ვაჭრობენ, არც შავად, არც თეთრად...