სად გადავა და როგორი იქნება თბილისის ახალი ზოოპარკი?
29-06-2015
სად გადავა და როგორი იქნება თბილისის ახალი ზოოპარკი?
"თუ სათანადო ვოლიერები გვექნება, ნებისმიერი ცხოველის მოყვანას შევძლებთ"

ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვასთან, დენდროლოგიური პარკის მახლობლად, 50 ჰა-ზე დაიდებს­ ბინას. მშენებლობა ეტაპობრივად დაიწყება და სამ წელიწადში დასრულდება. ახალი ზოოპარკი უფრო მრავალფეროვანი იქნება, ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს მიმსგავსებული ვოლიერები შესანიშნავ პირობებს­ შექმნიან კონსერვაციისთვის. 

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე:

- ძველ ზოოპარკში, ყველა­ფერი თავიდან ასაშენებელია, ამიტომ სჯობს, ახალ ადგილზე­ ავაგოთ­ ვოლიერები. უამრავი­ საერთაშორისო ორგანიზაცია გვთა­ვაზობს დახმარებას... უპირველესად საზრუნავია ბეჰემ­ოთი. ის დროებით სპილოს ვოლიერში­ ცხოვრობს­,
სადაც მხოლოდ ცივი წყლის აუზი აქვს, არადა, როგ­ორც კი აცივდება, მზად უნდა ჰქონდეს თბილი წყლის აუზი, თავისი„აპარტამენტით, თორემ დაიღუპება. შემდეგ გადავიყვანთ სპილოებს, პინგვინებს, ლომებს,­ ლეოპარდებს... სამწუხაროდ, ბევრი ცხოველი დაიღუპა. გადარჩა ძვირფასი თეთრი მარტორქა, ბეჰემოთი, სპილოები, თეთრი ლომები, ლეოპარდები, ჩლიქოსნები, რომელთა­ ვოლიერების აშენება არ არის რთული.
ყველაზე ძვირი დაჯდება ეგზოტარიუმის აშენება, მაგრამ ბოლოში მოვიტოვებთ, რადგან არ დაზიანებულა.
ახალ ადგილზე არანაირი ინფრასტრუქტურა არ არის. ვფიქრობთ, თავიდან 5-6 ჰა ავითვისოთ, რათა ცხოველებს საუკეთესო პირობები ჰქონდეთ. 

- ახალი ზოოპარკის პროექტი არსებობს?
- არსებობს კონცეფციების ოთხი ვარიანტი. თავის დროზე ფონდ "ქარ­თუს" მიერ ჩატარებულ­ ტენდერში მონაწილეობდნენ სხვა­დასხვა უცხოური კომპანიები. ერთ-ერთის ავტორები ინგლისელები არიან (კომპიუტერული ესკიზი მედიით ვრცელდება). ის ნახევარი მილიარდი დოლარი ჯდება და ძვირი შესანახიცაა.
ამ პროექტით ზოოპარკი შედგება რამდენიმე პავილიონისგან. ერთ-ერთი უნდა იყოს მინით დახურ­ული ტროპიკული ტყე, რომელშიც­ გემით იცურავებ და დაათვალიერებ ჯუნგლებს.

აქ, ისევე, როგორც გერმანულ პროექტში, აქცენტი კეთდება ტექნოლოგიურ ფაქტორებზე, რაც ძალიან ძვირი ჯდება. თუ ბილეთის ღირებულება 20-30 დოლარის ეკვივალენტი იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ასეთი ზოოპარკი თავის შენახვას. ამიტომაც არ ვემხრობი ამ კონცეფციას. უნდა ავაშენოთ ისეთი ზოოპარკი, რომელიც ხალხ­ისთვის ხელმისაწვდომი იქნება. შედარებით იაფია ისრაელის და ამერიკული პროექტები. ტროპიკული ტყეები მათშიც არის გათვალისწინებული, მაგრამ არა იმხელა, როგორც ინგლისურ­ და გერმანულ პროექტებში. ამერიკული­ მარტივ ვოლიერებს ითვალისწინებს. მოგზაურობ და თან უამრავ ინფორმაციას იღებ, დათვალიერების პროცესი შემეცნებითი ხასიათისაა.

2009-2010 წლებში ეს კონცეფციები აღარ განიხილებოდა და თბილისის მერიამ კომპანია "არუპის"­ დაუკვეთა კიდევ ერთი კონცეფციის მომზადება. მეც ვმონაწილეობდი. პროექტი 60 მილიონამდე ჯდება და ძალიან საინტერესოა. შესანახადაც იაფია და ადგილობრივ გამოცდილებასაც ეყრდნობა. მერიაში მითხრეს, რომ კიდევ არსებობს კომპანია "ჰასლერის" კონცეფცია.

- ბევრ ორგანიზაციას უნდა, ზოოპარკს ცხოველები აჩუქოს.

- ყველასგან ვერ მივიღებთ ასეთ საჩუქარს, რადგან თბილისის ზოოპარკი არის ევროპის ზოოპა­რკებისა და აკვარიუმების ასოცია­ციის (ეაზა) წევრობის კანდიდატი და ჩვენ ვემორჩილებით მათ წესებს. კოლექციის შესავსებად არ ვაპირებთ ზიანი მივაყენოთ ბუნებაში არსებულ რომელიმე პოპულა­ციას. ეაზა არის ზოოპარკების ყველაზე დიდი ქსელი და დიდი რესურსიც აქვს, ამიტომ ის დაგვეხმარება. ეაზა-ს კონცეფციის თანახმად, ზოოპარკი უნდა იყოს სამეცნიერო, კვლევითი, საგანმანათლებლო კონსერვაციული ორგანიზაცია. თბილისის ზოოპარკს აქვს პრეტენზია, გახდეს კონსერვაციული ცენტრი, ანუ ზოოპარკების ყველაზე მაღალი კატეგორია ჰქონდეს. შესაბამისად, ძირითადად, სწორედ სახეობების აღდგენაზე ვიზრუნებთ.

მნიშვნელოვანია, ყველა ცხოვ­ელს ჰქონდეს თავისი ფუნქცია. მაგალითად, ლომები სანახაობრივად დააინტერესებენ დამთვალიერებელს და ამ დროს მათ უნდა ანახო ისეთი ცხოველიც, რომლისთვისაც საგანგებოდ არ მოვიდოდნენ ზოოპარკში, თუნდაც ტაპირი (საბედნიეროდ, გადარჩა),­ ან მილკბილა (დაიღუპა). თეთრი ვეფხვი კომერციულად მომგებიანია - იმდენად ლამაზია, რომ საგანგებოდ მის სანახავად დადიან ზოოპარკში.

- თბილისის ზოოპარკს უკვე მინიჭებული აქვს რამდენიმე პოპულაციის აღმდგენის ფუნქცია, არა?
- დიახ სპილოები, პინგვინები­ და ლეოპარდებიც კონსერვაციული­ მიზნებით ჩამოვიყვანეთ. მართალია, სამხრეთი აფრიკა ჩვენგან ძალიან შორს არის და ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც საქართველოდან წაიყვანენ ყველა ნამრავლს, მაგრამ ასეთი კონსერვაციული ჯგუფების არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს  ეაზა-ს სივრცეში­. რომელიმე ზოოპარკში­ რაიმე უბედურება რომ მოხდეს, თუნდაც ისეთი, როგორიც ჩვენთან, პოპულაციები სხვა ზოოპარკში გადარჩება და რესურსები გადანაწილდება. 

- ახალ პარკში ალბათ ახალი ცხოველები გვეყოლება.
- ვიმედოვნებთ, ჟირაფ­ები გვეყოლება. თუმცა, ზუსტად რა კოლექცია უნდა გვყავდეს, ამას დავგეგმავთ...
თუ სათანადო ვოლიერები გვექნება, ნებისმიერი ცხოველის მოყვანას შევძლებთ, მათ შორის, მთის გორილისაც.

- სტიქიამ მაიმუნების კოლექცია გაანად­გურა.
- ძალიან გული მწყდება. განსაკუთრებით გიბონ მაუგლიზე...
ვისარგებლებ და მადლობას ვუხდი მათ, ვისაც სურს ზოოპარკს­ დაეხმაროს: თუ შეგიძლიათ ვოლიერების მოწყობაში მოგვეხმარეთ. EAZA-ს სივრცეში ცხოველები არ იყიდება. ზოოპარკებში ცხოველებით არ ვაჭრობენ, არც შავად, არც თეთრად...
რეზო
28 მარტი 2016 18:42
კონკრეტულად ხოარ იცის ვინმემ რა ადგილზე შენდება ზხვაზე ეს ზოოპარკი
n ini
12 ივლისი 2015 21:56
ერიჰაა, იქ ვინ ივლის, შორსაა ცენტრიდან..... არ მომწონს ეს იდეა....
jemali
03 ივლისი 2015 16:34
ღმერტმა შეძლება მოგცეს, ეს სურათი რომ ვნახე ჩემი კავკასიური ნაგაზი გამახსენდა, ლომივით ფიგურა ჰქონდა, დიდი თავი, დიდი გულმკერდი და ფაფარივით ბეწვი, შვილივით გავზარდე, 6 წლისა მომიწამლეს, 2008 წელს აგვისტოში, მას შემდეგ ძაღლი აღარ მყოლია, აღარ მინდა ის მწუხარება კიდევ როდისმე განვიცადო.

რედაქტორის რჩევით