22-სართულიანი კომპლექსი საბავშვო ბაღის ნაცვლად - "როდის უნდა დამთავრდეს ეს განუკითხაობა?“ - კვირის პალიტრა

22-სართულიანი კომპლექსი საბავშვო ბაღის ნაცვლად - "როდის უნდა დამთავრდეს ეს განუკითხაობა?“

"ადრე გვეუბნებოდნენ, ეს კორპუსები უნდა დავანგრიოთ, რადგან სიცოცხლისთვის საშიშიაო. მაშინ ვინ გასცა უზარმაზარი კომპლექსის აშენების ნებართვა?"

სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ხშირად პეკინის ქუჩამდე ფეხით მივდივარ - ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. "რიტუალს" ორმაგად სასიამოვნოს ისიც ხდის, რომ გზად, გამსახურდიას ჩიხში, საბავშვო ბაღს უნდა ჩავუარო, საიდანაც ბავშვების ჟრიამული ისმის. ერთ დღესაც ჩვეულებისამებრ ამ გზას დავადექი. შორიდანვე ნათლად გავარჩიე ტრანსპარანტები - რამდენიმე ათეული მოქალაქე ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობას აპროტესტებდა. "აქ, ამ ვიწრო ქუჩაზე, მშენებლობა?" - ამ კითხვამ თავში რამდენჯერმე გამიელვა... როგორც ახლომახლო მობინადრეებთან საუბრისას გავარკვიე, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ხეების გაჩეხა და 22-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენება იგეგმება(!).

როგორც ჩანს, ქალაქში მომრავლებული მრავალსართულიანი უსახური კორპუსების აშენებას დასასრული არ უჩანს! პასუხისმგებელმა პირებმა ჯერ კიდევ ვერ გაიაზრეს, რომ თბილისი მხოლოდ წინა, დღევანდელი თუ მომავალი ხელმძღვანელების ქალაქი არ არის, ის ხალხს ეკუთვნის!

საბავშვო ბაღის ტერიტორია ირგვლივ არსებული კორპუსების ბინადრებისთვის პატარა წალკოტია - ახლომახლო არათუ სკვერს, თანამიმდევრობით დარგულ ორ ხესაც კი ვერ იპოვით. რაც მთავარია, გამსახურდიას ქუჩის ბინადრების განცხადებით, აქ არსებული კორპუსები მერიის დადგენილებით ავარიულია, შესაბამისად, ახალი 22-სართულიანი კომპლექსის აშენებას აქ მობინადრეთა "თავშესაფარი" შეეწირება.

აკაკი კილასონია, გამსახურდიას ქუჩის მცხოვრები: "ჯერ ერთი, რეკრეაციულ ზონაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება კანონით იკრძალება, თუმცა, აქ სხვა პრობლემასაც ვაწყდებით: ამ ტერიტორიაზე სულ მცირე ბიძგებიც კი ირგვლივ არსებულ ავარიულ კორპუსებს ისე დააზიანებს, რომ საცხოვრებლად უვარგისი გახდება. საბავშვო ბაღის ირგვლივ ყველა შენობა მესამე კატეგორიის ავარიული ნაგებობების ნუსხაშია შეტანილი. მერიამ ამ მასშტაბის მშენებლობის პროექტი ყოველგვარი მოკვლევისა და ნიადაგის შემოწმების გარეშე დაამტკიცა. მეზობლები წელიწადში ორჯერ ეზოში შემოსასვლელს ვავსებთ, რადგან აქ მიწა ვარდება.

როდესაც მერიაში გავაპროტესტეთ, არქიტექტურის სამსახურის უფროსმა გვითხრა: საუბარი დავამთავრეთ, თუ გნებავთ, ნარმანიას მიმართეთო, ნარმანია კი დიდი ხანია მოსახლეობას ემალება".

თეა გაფრინდაშვილი, გამსახურდიას ქუჩის მცხოვრები: "საბავშვო ბაღის გამწვანებული ეზო სუნთქვის საშუალებას გვაძლევს. ზაფხულში, როდესაც კორპუსებში ყოფნა შეუძლებელი ხდება, ბავშვებთან ერთად თავს ამ ხეებს ვაფარებთ. მერიამ კი ხეების გაჩეხა და მათ ნაცვლად ახალი მშენებლობის პროექტი ისე დაამტკიცა, რომ მოსახლეობას არც კი დაგველაპარაკა. როდის უნდა დამთავრდეს ეს განუკითხაობა?

კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეიწირონ, რომ გამოფხიზლდნენ და მსგავსი მშენებლობები შეაჩერონ?!

ადრე გვეუბნებოდნენ, ეს კორპუსები უნდა დავანგრიოთ, რადგან სიცოცხლისთვის საშიშიაო. მაშინ ვინ გასცა უზარმაზარი კომპლექსის აშენების ნებართვა? ხეების გაჩეხას არ დავუშვებთ, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არავის შევუშვებთ. ჩვენს პატარა წალკოტს არ დავთმობთ. ეს ახირება არ არის, საქმე შვილების მომავალს ეხება".

განმარტებისთვის მერიას დავუკავშირდით, თუმცა კომენტარის გაკეთება ხელმძღვანელმა პირებმა არ ისურვეს.

რუსუდან შელია