ვერესი გეშინოდეთ... უფრთხილდით გლდანულას! - კვირის პალიტრა

ვერესი გეშინოდეთ... უფრთხილდით გლდანულას!

"მანჰეტენი იქნება თუ ბროდვეი, საფუძველი გამოვიკვლიოთ!"

დედაქალაქში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის ასამდე სახიფათო ღვარცოფული კერაა, მათ შორის განსაკუთრებულია მდინარე გლდანულა, რომელიც ვერეს შემდეგ ყველაზე გრძელი ღელეა. ხან საერთოდ არ მიედინება კალაპოტში, ხანაც სისასტიკით ტოლს არ უდებს დიდ მდინარეებს. ყოველ გაცოფებაზე იფართოებს კალაპოტს, სასოფლო-სამეურნეო ფართობად ქცეულ ჭალებს იტაცებს და გზებსა და ხიდებს ანადგურებს...

2010 წელს მოვარდნილმა გლდანულამ ზაჰესი-დიღმის დამაკავშირებელი ხიდი ჩაანგრია და ორი კაცი იმსხვერპლა.

როგორ შეიძლება გავაკონტროლოთ გლდანულა? - ამ კითხვაზე ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ექსპედიციური სამმართველოს წამყვანმა სპეციალისტმა, თემურ ტბელიშვილმა გვიპასუხა:

- გლდანულა 17 კილომეტრზე მიედინება. არც დიდი წყალშემკრები აუზი აქვს, მაგრამ სახიფათოა - წყალმოვარდნები ახასიათებს. არამდგრადი კალაპოტი აქვს და აბობოქრებული ჯერ ეროზიულ ნაპირებს ანგრევს, როცა ძალიან ადიდდება, ეს ნაშალი ქვემოთ მოაქვს და საშიშროებას ქმნის.

1933 წელს განსაკუთრებით გაცოფებულა. მაშინ ზარალი არ დაუთვლიათ, მაგრამ წყაროებში ვკითხულობთ, მტკვარს რომ შეუერთდა, რამდენიმე ათეული სანტიმეტრით ასწია წყლის დონეო. ვფიქრობ, ათეული სანტიმეტრი გაზვიადებაა, ან მართლაც კატასტროფა ხდებოდა...

- გლდანულას ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა თუ არა მის სათავეში ადრეული შეტყობინების სისტემის დადგმა?

- ამას აპირებენ კიდეც, თუმცა, ჯერ გამოსაკვლევია, რომელი სისტემები დაგვიცავს უკეთ და სად დაიდგას. შეიძლება ადრეული გაფრთხილების სისტემა ერთ ადგილზე იყოს, ღვარცოფული კერა კი მის ქვემოთ განვითარდეს, შესაბამისად, ის ზუსტ და დროულ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის.

- კიდევ რომელი მდინარეებია საშიში?

- თბილისში 91 მშრალი ხევი და მდინარეა. ზოგის სიგრძე ხუთი კილომეტრია, მაგრამ ძალიან საშიშია. მოკლე სიგრძის გამო ადრეული გაფრთხილების სისტემა ვერ გაამართლებს. ლოკალურად მოსული ნალექი სწრაფად ჩამორეცხავს ფერდობებს და წყალი 10-15 წუთში ჩაირბენს მთელ სიგრძეზე. ერთადერთი პრევენციაა, კალაპოტი და დიდ მდინარესთან შესართავი ჩაუხერგავი იყოს, რომ წყლის გადინება არ შეფერხდეს.

2012 წელს მდინარე დუქნისხევზე, ზედ ხევზე, არხზე იყო დადგმული სახლი. იქ ღვარცოფმა 6 კაცი იმსხვერპლა. დაუშვებელია ასეთ ადგილებში ცხოვრება კი არა, საერთოდ რაიმე წინააღმდეგობის არსებობა.

- ხშირად მსმენია, რომ მდინარემ 100 ან 1000 წელიწადში ერთხელ იცის გაცოფება. გლობალური დათბობის პირობებში, კატასტროფის საფრთხე უფრო ხშირად არ შეიქმნება?

- ბუნება არ ცნობს კანონზომიერებებს, მდინარეებს არა აქვთ არჩევანი, ახლა ადიდდნენ თუ 100 წლის შემდეგ. სამწუხაროდ, ერთი და იმავე ტიპის საფრთხეების გამეორება მომდევნო წელიწადში და უფრო ახლო პერიოდშიც არის მოსალოდნელი.

- მოისმენდით "ბიზნესპალატის" იდეას, ვერეს ხეობაში მანჰეტენის აშენების შესახებ: "ვერემ დაამთავრა ნგრევა და შენება უნდა დავიწყოთ". ვერემ დაამთავრა ნგრევა?

- არ შეიძლება იმის თქმა, რომ მსგავსი აღარ მოხდება. ეტაპობრივად უნდა ვიკვლიოთ საფრთხეები და თავის დროზე ავტეხოთ განგაში.

ვერე ისევ გვემუქრება?

მერაბ გაფრინდაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი: - ვერეს სათავეში, დიდი მეწყრის ადგილზე, დღესაც დარჩენილია მყარი მასები. მთის კონტურსა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაჩენილია ნაპრალები. ფერდობმა დეფორმაცია განიცადა. დიდია ალბათობა, რომ დარჩენილი მყარი მასები კვლავ გადაადგილდება. ეს შეიძლება გამოიწვიოს უხვმა ნალექებმა და სეისმურმა ბიძგებმა, 4-5 ბალიც საკმარისია ამ მასის ასამოძრავებლად. საფრთხე კვლავ არსებობს.

თუმცა, რაც 13-14 ივნისის ღამით მოხდა, მსგავსი მასშტაბის კატასტროფას არ უნდა ველოდოთ.

ვმსჯელობთ, რა ტექნოლოგიებით შეიძლება გავათავისუფლოთ მეწყრული ადგილი დეფორმირებული მყარი მასისგან.

ზოგი აფეთქების მომხრეა, რასაც ვეწინააღმდეგები, რადგან ამით მიმდებარე ფერდობებს გავააქტიურებთ.

მე არა მაქვს ინფორმაცია, მაგრამ პრობლემის გადასაჭრელად, შესაძლოა არსებობდეს თანამედროვე ტექნოლოგიები.

- თუ მდინარე ადიდდა, რა დამცავი მექანიზმები ამოქმედდება?

- კომისიამ უპირატესობა მიანიჭა ხერხეულიძის ნაგებობას. თავის დროზე, ის თელავის ხევში გაკეთდა. ეს არის ცხაური, რკინაბეტონის კონსტრუქცია, რომელიც მყარ ნატანს შეაჩერებს და წყლის ნაკადს გაატარებს ქვედა დინებებში. ასევე შევთავაზეთ, არამასშტაბური, დაბალზღურბლიანი ნაგებობების აშენება, რომელიც შეაჩერებს მყარ ნატანს, ოღონდ საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს, რომ მორიგი წყალდიდობის დროს მყარი ნატანი მიიღოს.

განიხილებოდა დამბის საკითხიც, მაგრამ ხერხეულიძის კონსტრუქცია მეტი მხარდაჭერით სარგებლობს.

ვერეს ხეობაში უკვე დაიდგა ნალექმზომი და მდინარის დონისმზომი სისტემები. ადრეული შეტყობინების სისტემის ინსტალაციას აზრი არა აქვს ამ ტერიტორიაზე არსებულ მეწყრულ სხეულებზე. რადგან აქ მეწყერი მყისიერად წყდება და მის შესახებ მოსული ინფორმაცია არაფრის მომცემია.  ვერეს ხეობაში აუცილებელია ნალექისა და წყლის დონის გაკონტროლება.

- ბატონო მერაბ, გეცოდინებათ ვერეს ხეობაში მანჰტენის აშენების იდეის შესახებ.

- ვიდრე რამეს აშენებას დავიწყებთ ან ქალაქის გენერალური განაშენიანების გეგმას შევადგენთ, აუცილებელია გეოლოგიურად შესწავლა. გვაქვს დეტალური საინჟინრო გეოლოგიური კვლევები? მანჰეტენი იქნება თუ ბროდვეი, ჯერ უნდა ვიცოდეთ საფუძველი როგორია.

სახლი არ არის მარტო სახურავი, პირველ რიგში ფუნდამენტია, შესაბამისად, ჯერ დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები უნდა ჩავატაროთ. მშენებლობის პროცესშიც კი აუცილებელია გადამოწმება, რის გამოც ხშირად კორექტირებაც კი გამხდარა საჭირო.

- როდის ჩატარდა თბილიში გეოლოგიური კვლევები?

- დიდი ხნის წინ. არადა, ეს აუცილებელია, რადგან  2002 წლის მიწისძვრების შემდეგ გეოლოგებსაც კი გვიკვირს, ისე შეიცვალა ქალაქის გეოლოგიური გარემო. ამას დაემატა კლიმატის გლობალური ცვლილებები. ახლა ვიმკით გასული საუკუნის 50-იან წლებში მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების შედეგს...