"ძველი ტფილისის აღწერანი და მცხოვრებთა რაოდენობა" - კვირის პალიტრა

"ძველი ტფილისის აღწერანი და მცხოვრებთა რაოდენობა"

თბილისში ყოფნის დროს ჭრელ აბანოში დადიოდა ალექსანდრე პუშკინი. ცნობილია, რომ პუშკინის მექისე უცხვირო კაცი იყო. იმ ნომერს კი, რომელშიც პუშკინი განიბანა, დღემდე "პუშკინის ნომერს" უწოდებენ.

1917 წელს გაზეთ "საქართველოში" ზაქარია ჭიჭინაძის სტატია გამოქვეყნდა, სათაურით: "ძველი ტფილისის აღწერანი და მცხოვრებთა რაოდენობა", რომელიც ერეკლე მეორის თანამედროვე თბილისზე, მის მოსახლეობასა და იერსახეზე გვიამბობს.

პირველი აღწერის ცნობები არ მოგვეპოვება, მეორე, 1769 წლის აღწერით, თბილისში ყოფილა 85 ათასი სული, ანუ 21 ათასი კომლი.

მოსახლეობის მესამე აღწერა 1780 წელს ჩატარებულა. "აღწერეს ქართლ-კახეთ-თფილისი, - წერს ჭიჭინაძე, - ვინ იყო აღმწერი, არ ვიცით, თუმცა ცნობილია, რომ მეთაურებათ იყვნენ: სოლომონ ლეონიძე - ქართლსა და თფილისში და გარსევან ჭავჭავაძე - კახეთში".

ამავე დროს, აღწერილ იქნა ქართლსა და კახეთში მცხოვრებ თავად-აზნაურთა რიცხვი და "გვაროვნობის ისტორია". ეს კონკრეტული აღწერა თელავის სემინარიის რექტორს, დავით მესხიშვილს ჩაუტარებია.

1780 წლის აღწერით აღმოჩნდა: "თფილისში მცხოვრებთა რიცხვი ბევრად ნაკლები იყო 1769 წლის აღწერებთან შედარებით - სულ 75 ათასი მცხოვრები.

მათ შორის, 50 ათასი ქართველი იყო ორივე სქესისა, 10 ათასი სომეხი, 10 ათასი მაჰმადიანი, რუსი, პოლონელი, ნემენცი და იტალიელი მცირე რიცხვი. ქართველი ურია 5 ათასი. ქართველი ებრაელნი ამ დროს თფილისში პირველად იყვნენ აღწერილნი".

მეოთხე - 1790 წლის მონაცემებით,  ტფილისში ბინადრობდა: "44 ათასი ქართველი, 12 ათასი სომეხი, 5 ათასი ურია, 10 ათასი მაჰმადიანი და 2-3 ათასიც სხვა და სხვანი".

ტფილისის უბნები

ტფილისი 8 ნაწილად იყოფოდა: 1) ქვაშვეთის უბანი, ანუ მთელი მთაწმინდა და მისი მიდამოები; 2) გარეთ უბანი, ამაში ჰყვება ყაბახიც; 3) განჯის კარი; 4) ავანაანთ უბანი, ამაში ჰყვება კალა, ანუ სოლოლაკიც; 5) ავლაბარი, ანუ ისანი; 6) ჩუღურეთი-კუკია, ამის საზღვრები აღმოსავლეთით ისანი, დასავლეთით დიდუბის დასაწყისი; 7) ვერა 8) სეიდაბადი.

"სახლები იყო ტფილისში ქვიტკირის, მიწური და თლილის ქვებისა. ყავარით გადახურული, - წერს ჭიჭინაძე, - ორსართულიანი სახლების უმეტესი ნაწილი აივნებიანი და ფერადი მინის შუშაბანდიანი იყო. შპალერის ხმარება მაშინ არ იცოდნენ, მის მაგიერ ფერადი საღებავით ღებავდნენ. სახლების უმეტესი ნაწილი უმთავრესად ორსართულიანი იყო, თუმცა სამსართულიანებიც ყოფილა. ყველა ესენი 1795 წელს დაუქცევია აღა-მაჰმად ხანს", - გვიამბობს ზაქარია ჭიჭინაძე.

ქართველები

"შეიძლება ზოგმა ეჭვი სთქვას იმის გამო, რომ XVIII საუკუნეში ტფილისში ქართველების რიცხვი სომხებზედ იმოდენად არ იყო დიდიო, - ამბობს ზაქარია ჭიჭინაძე და დასძენს, - ამის ეჭვს გაჰფანტავს შემდეგი გარემოება: ქართლისა და კახეთის თავადიშვილებს ხშირად უხდებოდა ტფილისში ჩამოსვლა და ცხოვრება. ამიტომაც ყველა თავადიშვილის გვარის წევრს ტფილისში თავისი საკუთარი სახლი ჰქონდა. ზოგს ორი, ზოგს სამი, ოთხი სახლი, ჰქონდათ ბაღები და სხვა. სახლთან ახლოს იქვე რამდენიმე ყმა-კომლიც - ესახლათ. გაჭირვების დროს ისინი მათ დახმარებას და მეზობლობას უწევდნენ. ასეთი თავადიშვილების სასახლეებით მთელი ტფილისი მჭიდროდ იყო მოფენილი და მრავალი იყო ქართველთა რიცხვიც.”ბარათაშვილების კომლთა რაოდენობა 20 ყოფილა, ხოლო ყმათა რიცხვი 100 კომლზე მეტი. გარეთ უბანში, ანუ სარდლიანთკენ, ორბელიანებს უცხოვრიათ 25 ოჯახად. მათ გარშემო სახლობდნენ ქართველი გლეხები და ყმები, რომელთაგან ყველას თავისი საკუთარი სახლი ჰქონია. ასევე იყვნენ თავადნი მუხრანის ბატონები. ისინი დიდძალი მამულებით და ყმებით ესახლნენ. ციციშვილების რიცხვი ტფილისში 40 კომლი ყოფილა, მრავლად სახლობდნენ სხვადასხვა აზნაურთა ოჯახებიც. 1801 წელს რაკი ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას შეუერთდა, ტფილისში ქართველმა თავად-აზნაურობამ კლება დაიწყო. დროის ცვლილების გამო ისინი გაჭირვებაში ჩაცვივდნენ, ქართველი თავადიშვილები დავალიანებას მისცემიან. ისინი ვალებს იღებდნენ სომხებისგან. ბოლოს, ამ ვალებში იყიდებოდა მათი ადგილ-მამულები და სულ სომხების ხელში გადადიოდა. მამულების გასხვისების შემდეგ თავადების ყმებიც ყიდდნენ თავიანთ ქოხებს და სოფლებში მიდიოდნენ”- განმარტავს ჭიჭინაძე, და დასძენს "ამ გარემოებისგან შემცირდა ტფილისში ქართველთა რიცხვი და 1801 წლიდან ქართველთა მამულებზე სომხებმა იწყეს გამრავლება".

ხიდები, აბანოები

1790 წელს ტფილისში 3 ხიდი ყოფილა. ორი ხისა - ავლაბრისაკენ და მესამე - ქვიტკირისა. ქვიტკირის ხიდიც ვერ გადარჩენია აღა-მაჰმად-ხანის რისხვას.

ტფილისში იყო 13 აბანო: 2 სამეფო, 2 ორბელიანებისა, 1 ბარათაანთი, 1 ციხისა, 1 ქართველ მთავრობისა, 1 ციციშვილებისა, 1 ჯავახიშვილებისა, 1 ბებუთაშვილისა და 1 სომეხ მოქალაქისა (დანარჩენი ორის შესახებ არაფერს ამბობს. - ე.ს.)

თბილისს შემოვლებული ჰქონდა გალავანი, რომელსაც 4 კარი ჰქონდა: ერთი ორთაჭალისკენ - განჯის კარი, მეორე - ავლაბარში, მესამე - გარეთ უბანში, მეოთხე კალას უბანში, ანუ სოლოლაკში... თბილისში მრავლად ყოფილა წყაროები. "ზოგი მლაშე იყო, ზოგი კი კარგი სასმელი".  XIX საუკუნის შემდგომ ეს წყაროები დაიკარგა ძველი შენობების მოწყობის გამოო, - იუწყება ზაქარია ჭიჭინაძე.

ვირის ხიდი

XIX-XX სს. თბილისში  ვირის ხიდი მტკვრის ქვედა დინებაში ორთაჭალის კუნძულს მარჯვენა ნაპირს უკავშირებდა. კოფოებზე შეყენებულ ხის ვიწრო ხიდზე ხილბოსტნეულიანი გოდრები სახედრებს გადაჰქონდათ. ამიტომ შეარქვეს "ვირის ხიდი". მტკვრის სანაპიროების მშენებლობის შედეგად მდინარის ტოტი მოისპო, კუნძული გაქრა და ხიდიც დაანგრიეს.

შემდგომში "ვირის ხიდი" დაერქვა ძველ მეტეხის ხიდს, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო... 1951 წ. ახალი ხიდის გახსნის შემდეგ, ვირის ხიდი აიღეს.

აბანოები...

X საუკუნის„არაბი გეოგრაფი, აბდულ კასიმ იბნ-ჰაუკალი თბილისის აბანოებს ასე აღწერდა: "აქ წყალი უცეცხლოდ დუღს", ყაზანელი სოვდაგარი ვასილი გაგარი კი XVII საუკუნეში ამბობდა, - ეს ადგილი ღმერთის შექმნილიაო, თან უკვირდა, აქ ქრისტიანები და მუსლიმანები ერთად ბანაობენო...

იოსებ გრიშაშვილი წერდა: "ციხის აბანოს უწოდებდნენ საჭურის ხოჯა აღა-მაჰმადის აბანოს. ტფილისის აღების დროს ხოჯა შევიდა ამ აბანოში, გაუკვირდა სიკეთე ტფილისისა, მოეწონა "წყალნი წმინდანი ყოვლითურთ, აღუმრეველნი და მარგებელნი", მაგრამ, სენისგან რომ ვერ განიკურნა, გაბრაზდა და ბრძანება გასცა, აბანოებიც, "ძირიად დაენგრიათ"...

აბანოებს ირანული არქიტექტურის კვალი აჩნია, რაც XVII  საუკუნის თბილისის არქიტექტურისთვის ნიშანდობლივია. XIX  საუკუნის II  ნახევარში აღმოსავლურ ყაიდაზე გადაკეთდა ორბელიანების, ანუ ჭრელი აბანო. ეს სახელწოდება ფერადი ფილებით მოპირკეთების გამო მიიღო. თბილისში ყოფნის დროს ამ აბანოში დადიოდა ალექსანდრე პუშკინი. ცნობილია, რომ პუშკინის მექისე უცხვირო კაცი იყო. იმ ნომერს კი, რომელშიც პუშკინი განიბანა, დღემდე "პუშკინის ნომერს" უწოდებენ. ალექსანდრე დიუმა "კავკასიაში"” წერდა: "როგორ მოხდა, რომ პარიზში, ამ გრძნობიერ სიტკბოებათა ქალაქში ჯერ არავინ შემოიღო სპარსული აბანო? ნუთუ ვერც ერთმა საქმოსანმა ვერ გამოიწერა თბილისიდან ორი მექისე? როცა თავით ფეხებამდის რძესავით თბილსა და თეთრ ქაფში გამხვიეს, აბაზანასთან მიმიყვანეს, სადაც ისეთი განუსაზღვრელი გატაცებით ჩავხტი, თითქოს მასში დასახლებული ყოფილიყვნენ ნიმფები, ჰილასი რომ მოიტაცეს".

ძველი თბილისის აბანოებს, მხოლოდ ჰიგიენური დანიშნულება არ ჰქონდა. იოსებ გრიშაშვილი წერს: "აბანო ჩამოსული გლეხისთვის ზოგჯერ სასტუმროც იყო. საქონელს ბაკში მირეკავდა, თვითონ კი, განბანილ-განსპეტაკებულს, ორ შაურად, მთელ ღამეს აბანოში არხეინად ეძინა... აბანოში ქალები მთელი დღით რჩებოდნენ და სადილობდნენ კიდეც... მერე ჩაის სმა იწყებოდა, ეს იყო მათი კლუბიცა და თეატრიც. ქალს ახალი ტანისამოსი უეჭველად აბანოში უნდა ჩაეცვა... ბევრი ლამაზი ქალის ბედი გადაწყვეტილა აბანოში".

ეკა სალაღაია