"თუ სადმე გველს გადაეყრებით, ნუ შეშინდებით" (?!)
06-07-2015
"თუ სადმე გველს გადაეყრებით, ნუ შეშინდებით" (?!)
თბილისში გველები მომრავლდნენ. ამაზე მეტყველებს გამოძახებების სტატისტიკაც. მერიის ცხოველთა მონიტორინგის­ სამსახურის ინფორმაციით, ივნისში 364 გამოძახება დაფიქსირდა. თუმცა, მხოლოდ­ 127 გველი დაიჭირეს. სამსახურის ინფორმაციით, ხშირად მოსახლეობა გამოძახებას აყოვნებს და ადგილზე მისული ჯგუფი ქვეწარმავალს ვეღარ პოულობს.

სპეციალისტები გველების მომრავლებას იმასაც უკავშირებენ, რომ წელს ნაადრევად დაცხა და გველები თბილისში ჯერ კიდევ აპრილიდან გამოჩნდნენ. შესაბამისად, ივნისში გამოძახებების გახშირებას დასაშვებად მიიჩნევენ.
თბილისში შხამიანი გველი იშვიათია. აქ, ძირითადად, გვხვდება ანკარა, წყლის ანკარა, წითელმუცელა, გველხოკერა, რომელიც გველი
არც არის, ხვლიკია, თუმცა კიდურები არა აქვს და გველს ჰგავს.­ ხშირად გამოძახებაზე მისულებს გველის ნაცვლად სწორედ გველხოკერა ხვდებათ.

მნიშვნელოვანია, რომ კორპუსების წინ, ეზოებში, ბალახი გათი­ბული იყოს. აუცილებელია სისუფთავის დაცვა. სადაც ნაგავია, იქ თაგვიც ჩნდება, გველი კი თაგ­ვის მტერია და ასეთ ადგილებს­ ეტანება.

თეონა კვაჭაძე, ჰერპეტოლოგი,
ზოოპარკის ეგზოტარიუმის თანამშრომელი:
- ნაგავი და ხშირი ბალახი ხელს უწყობს მათ მომრავლებას, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ წინა თვესთან შედარებით, ამ თვეში საგრძნობლად დაცხა. ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რომ გველები მომრავლდნენ.

- პრევენციისთვის რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ?
- ნაგავი გაიტანოს და ბალახი გათიბოს. გველებს თავშესაფარი აღარ ექნებათ. გარდა ამისა, მღრღნელები, რომლებიც ნარჩენებით იკვებებიან, აღარ იქნებიან. შესაბამისად, იქ გველი აღარ მივა.

- თბილისის ქუჩებში ხშირად ნახავთ­ ნაგავს, რომლის გატანა მოსახლეობას კი არა, დასუფთავების სამსახურს ევალება. ნაგვის ბუნკერები დროულად არ სუფთავდება და შეიძლება გველების თავშესაფრად იქცეს?

- არა, გველი სუფთა ცხოველია და მძაფრ სუნში თავს არაკომფორტულად გრძნობს, თუმცა არის ერთეული შემთ­ხვევები, როცა ხალხს გველი ნაგავსაყრელზეც უნახავს, იქ საჭმლის მოსაპოვებლად მიდიან - მომცრო ძუძუმწოვრებზე სანადიროდ.

თბილისსა და მის შემოგარენში 10-12 სახეობის ქვეწარმავალია. მათი უმრავლესობა მცურავია. თბილისში გავრცელებული ყველა მცურავი ადამიანისთვის უსაფრთხოა. ქალაქში ასევე­ მრავლად არიან გველხოკერები. გველის ეს ჯიში უვნებელია. მას არც კბილები აქვს და არც შხამი. გველი არ არის აგრესიული და ყოველთვის გაურბის ადამიანს. ამიტომ მოვერიდოთ მაღალ ბალახს, რათა შემთხვევით ფეხი არ დავადგათ ან ძალიან ახლოს არ მივიდეთ, რადგან გველი ამ შემთხვევაში თავდაცვის მიზნით თავს ესხმის და ჰკბენს ადამიანს.
თუ სადმე გველს გადაეყრებით, ნუ შეშინდებით. თქვენმა მღელვარებამ, შესაძლოა, ისიც ააფორიაქოს და გიკბინოთ. არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა. თუ მაინც გიკბინათ, სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.

პირველი დახმარებისას ნაკბენი სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ცივი წყლითა­ და სარეცხი საპნით. შეიმშრალეთ სუფთა მარლით. აუცილებელია ნაკბენის ზემოთ კიდურის კომპრესია, ოღონდ ისე, რომ არტერია არ გადაიკეტოს.

სალომე გოგოხია

ჯემალ რატიანი
06 ივლისი 2015 14:42
სამწუხაროდ, სტატიაში ბევრი ლაფსუსია. მაგალითად, გველებში ჯიში არ არსებობს. განასხვავებენ მის სხვადასხვა სახეობას. ჯიში შინაურ ცხოველებშია. მაღალი სიცხის დროს გველები, პირიქით, წყვეტენ კვებას,ვინაიდან ვერ ინელებენ საკვებს და გადადიან ზაფხულის ძილქუშზე. ეს ყველა კვალიფიციურმა ჰერპეტოლოგმა იცის.
ჯემალ რატიანი
06 ივლისი 2015 14:32
გველებში ჯიში არ არსებობს. არსებობს მისი სახეობები. ხოლო ჯიში შინაურ ცხოველებშია, ვინაიდან ისინი უშუალოდ ადამიანის მიერაა შექმნილი, ხელოვნური შერჩევა-გადარჩევით. ბუნებაში სახეობები კი იქმნება ბუნებრივი გადარჩევით, მისი მასტაბილიზირებელი ფორმით.
აქვე მინდა განვმარტო, რომ მაღალი სიცხეების (ოცდათხუთმეტ გრადუსზე ზევით)დროს გველები საკვებს ვერ ინელებენ, წყვეტენ კვებას და ეძლევიან ზაფხულის ძილქუშს.

რედაქტორის რჩევით