"თუ სადმე გველს გადაეყრებით, ნუ შეშინდებით" (?!) - კვირის პალიტრა

"თუ სადმე გველს გადაეყრებით, ნუ შეშინდებით" (?!)

თბილისში გველები მომრავლდნენ. ამაზე მეტყველებს გამოძახებების სტატისტიკაც. მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, ივნისში 364 გამოძახება დაფიქსირდა. თუმცა, მხოლოდ 127 გველი დაიჭირეს. სამსახურის ინფორმაციით, ხშირად მოსახლეობა გამოძახებას აყოვნებს და ადგილზე მისული ჯგუფი ქვეწარმავალს ვეღარ პოულობს.

სპეციალისტები გველების მომრავლებას იმასაც უკავშირებენ, რომ წელს ნაადრევად დაცხა და გველები თბილისში ჯერ კიდევ აპრილიდან გამოჩნდნენ. შესაბამისად, ივნისში გამოძახებების გახშირებას დასაშვებად მიიჩნევენ.

თბილისში შხამიანი გველი იშვიათია. აქ, ძირითადად, გვხვდება ანკარა, წყლის ანკარა, წითელმუცელა, გველხოკერა, რომელიც გველი არც არის, ხვლიკია, თუმცა კიდურები არა აქვს და გველს ჰგავს. ხშირად გამოძახებაზე მისულებს გველის ნაცვლად სწორედ გველხოკერა ხვდებათ.

მნიშვნელოვანია, რომ კორპუსების წინ, ეზოებში, ბალახი გათიბული იყოს. აუცილებელია სისუფთავის დაცვა. სადაც ნაგავია, იქ თაგვიც ჩნდება, გველი კი თაგვის მტერია და ასეთ ადგილებს ეტანება.

თეონა კვაჭაძე, ჰერპეტოლოგი, ზოოპარკის ეგზოტარიუმის თანამშრომელი: - ნაგავი და ხშირი ბალახი ხელს უწყობს მათ მომრავლებას, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ წინა თვესთან შედარებით, ამ თვეში საგრძნობლად დაცხა. ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რომ გველები მომრავლდნენ.

- პრევენციისთვის რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ?

- ნაგავი გაიტანოს და ბალახი გათიბოს. გველებს თავშესაფარი აღარ ექნებათ. გარდა ამისა, მღრღნელები, რომლებიც ნარჩენებით იკვებებიან, აღარ იქნებიან. შესაბამისად, იქ გველი აღარ მივა.

- თბილისის ქუჩებში ხშირად ნახავთ ნაგავს, რომლის გატანა მოსახლეობას კი არა, დასუფთავების სამსახურს ევალება. ნაგვის ბუნკერები დროულად არ სუფთავდება და შეიძლება გველების თავშესაფრად იქცეს?

- არა, გველი სუფთა ცხოველია და მძაფრ სუნში თავს არაკომფორტულად გრძნობს, თუმცა არის ერთეული შემთხვევები, როცა ხალხს გველი ნაგავსაყრელზეც უნახავს, იქ საჭმლის მოსაპოვებლად მიდიან - მომცრო ძუძუმწოვრებზე სანადიროდ.

თბილისსა და მის შემოგარენში 10-12 სახეობის ქვეწარმავალია. მათი უმრავლესობა მცურავია. თბილისში გავრცელებული ყველა მცურავი ადამიანისთვის უსაფრთხოა. ქალაქში ასევე მრავლად არიან გველხოკერები. გველის ეს ჯიში უვნებელია. მას არც კბილები აქვს და არც შხამი. გველი არ არის აგრესიული და ყოველთვის გაურბის ადამიანს. ამიტომ მოვერიდოთ მაღალ ბალახს, რათა შემთხვევით ფეხი არ დავადგათ ან ძალიან ახლოს არ მივიდეთ, რადგან გველი ამ შემთხვევაში თავდაცვის მიზნით თავს ესხმის და ჰკბენს ადამიანს.

თუ სადმე გველს გადაეყრებით, ნუ შეშინდებით. თქვენმა მღელვარებამ, შესაძლოა, ისიც ააფორიაქოს და გიკბინოთ. არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა. თუ მაინც გიკბინათ, სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.

პირველი დახმარებისას ნაკბენი სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ცივი წყლითა და სარეცხი საპნით. შეიმშრალეთ სუფთა მარლით. აუცილებელია ნაკბენის ზემოთ კიდურის კომპრესია, ოღონდ ისე, რომ არტერია არ გადაიკეტოს.

სალომე გოგოხია