მზე, წყალი და...ნაგავი! - რატომ დაემსგავსა თბილისის ზღვა ნაგავსაყრელს და როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა კუს ტბაზე?
06-07-2015
მზე, წყალი და...ნაგავი! - რატომ დაემსგავსა თბილისის ზღვა ნაგავსაყრელს და როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა კუს ტბაზე?
ზაფხული... ამ სიტყვის წარმოთქმისას რამდენიმე შეგრძნება ერთდროულად "მიტევს" - მზე, სითბო, დასვენება, გართობა, თავბრუდამხვევი ზღვის სურნელი და ტალღების მელოდია, მთის საამო ჰაერი და მდინარის რაკრაკი... "ზაფხულის" გარდა­, ქართულ ლექსიკონში ახლა ნამდვილად არ მახსენდება სხვა სიტყვა, რომელიც ერთდროულად ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის ჰარმონიასთან ასოცირდება. წელიწადის ამ დროს ცდილობ, ყველა­ ყოფითი პრობლემა დროებით მაინც გვერდზე გადადო და მხოლოდ არდადეგებსა და დასვენებაზე იფიქრო...

სანამ ზაფხულის სეზონი ფრთას შლის და მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქ­იდან სოფელსა
თუ რომელიმე აგარაკს მიაშურებს,­ დამსვენებლების სიმცირეს დედაქალაქის გასართობი ადგილებიც არ უჩივის. გამონაკლისი არც თბილისის ზღვაა.­ მერე რა, რომ ხელოვნურად დაგ­უბებულია - ზღვის მოყვარულებისთვის და მათ შორის, ჩემთვის, ზღვა - ზღვაა, ხელოვნურიც და ბუნებრივიც.

ერთ დღესაც, ზღვის სიყვარულით შეპყრობილი და "მარილიან წყალს" მონატრებული "თემქის პლაჟს" მივადექი
- მაღლობიდან წინ გაშლილ სივრცეს რომ გადავხედე, საზაფხულო განწყობა მაშინვე გამიფუჭდა. აქ არაფერი შეცვლილა, თბილისის ზღვა ისეთივეა, როგორიც წლების წინ იყო - ერთფეროვანი და მოუვლელი, ადრინდებურად დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი.

სანაპიროზე რას არ წააწყდები: ძველ საბ­ურავებს, ცელოფანის პარკებს, ბოთლებსა და ქაღალდებს... აქ ანტისანიტარია ჩვეულ­ებრივი მოვლენაა - ვერც მთავრობისა და დედაქალაქის ხელმძღვანელობის ცვლამ უშველა და, რაც მთავარია, თბილისის ზღვ­ამდე ჯერ არც საპირფარეშოს ფენომენს მოუღწევია.

სანაპიროსკენ მაინც დავეშვი, თან დამსვენებლებს გადავავლე თვალი, უმრავლეს­ობა პლაჟზე მზეს ეფიცხებოდა, წყალში ორიოდ ადამიანს მოვკარი თვალი. მწარედ ჩამეცინა, აქ ხომ წყალში ჩასვლამდე კარგად­ უნდა დაფიქრდე. მეტიც, წყალმცენარეებიან წყალსაცავში ბანაობა დაუშვებელია,­ ისინი ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფენ - ასი გრამი წყლის ჩაყლაპვაც კი საკმარისია, რომ მინიმუმ კუჭ­ნაწლავის ანთება დაგემართოს.

სპეციალისტებიც დიდი ხანია აფრთხილებენ ხელისუფლებას თბილისის­ ზღვის საგანგაშო მდგომარეობაზე, მაგრამ...
წამოსვლას ვაპირებდი, როდესაც სანაპიროზე ახალგაზრდებს­ მოვკარი თვალი - ცელოფანის პარკები გაეშალათ და ლუდს სვამდნენ. გადავწყვიტე, მენახა, ლუდის ბოთლები ნაგვის ურნამდე მიაღწევდნენ თუ იქვე მიაგდებდნენ. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ერთი ყმაწვილი დანარჩენებს გამ­ოეყო და მოზრდილ პარკში ლუდის ბოთლების ჩალაგება დაიწყო. მერე იმავე პარკით ხელში, კიბეს აუყვა და ნარჩენები ნაგვის ურნაში გადაუშვა. არადა, ხომ შეეძლო, სხვებივით იქვე მიეყარა, მით უმეტეს, ირგვლივ იმდენი ნაგავი ეყარა!

გოგა წულეისკირი: "ზაფხულობით, სანამ ქალაქგარეთ გავალ, თბილისის ზღვაზე მეგობრებთან ერთად ხშირად ამოვდივარ - ლუდს ვსვამთ და მზეს ვეფიცხებით.
გული მწყდება, რომ ეს ადგილი ერთ დიდ ნაგავსაყრელად გადაიქცა. განსაკუთრებით დილით აქ საშინელება­ ხდება. ფრთხილად უნდა გაიარო, ფეხი ბოთლის ნამსხვრევებს რომ არ დააბიჯო.

ვიცი, თბილისის ზღვიდან დედაქალაქი სასმელი წყლით მარაგდება. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ნაგავს ნაგავი არ მივამატო. მე და ჩემს მეგობრებს აქ პატარა ტერიტორია არაერთხელ დაგვისუფთავებია".
თბილისის ზღვიდან კუს ტბას მივაშურე. აქ ბევრად მეტი ხალხი ირეოდა, საზაფხულო­ კაფეებიც სავსე იყო. მხოლოდ ავტოსადგომზე მანქანების დაუსრულებელი კოლონა და მეთვალყურის განწირული ყვირილი არღვევდა მყუდროებას - მძღოლები 15 წუთი მაინც ეძებდნენ კუს ტბის ტერიტორიაზე მანქანის გასაჩერებელ ადგილს.

ფეხით მოსიარულეთა ბილიკს ჩავუყევი­ - შეყვარებულები ტბას უკვე მერამდენე წრეს უვლიდნენ... თბილისის ზღვის ფონზე კუს ტბა ნაგავსაყრელს ნამდვილად არ ჰგავს, ურნებამდე კილომეტრების გავლაც არ მოგიწევთ.­ მხოლოდ ალაგ-ალაგ, მწვანე ბალახში ჩაკარგ­ულს თუ შეამჩნევთ პეიზაჟის განუყოფელ ნაწილს - პოლიეთილენის პარკებს.

ნინო ხვედელიძე: "კუს ტბაზე ყოველ საღამოს შვილთან და ჩემს ძაღლთან ერთად ამოვდივარ. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შეგიძლია თბილისის სიცხეს ცოტა ხნით მაინც გაექცე. პრობლემას გვიქმნის პარკინგის არარსებობა - უამრავი ავტომობილი ირევა, გასაჩერებელი ადგილი კი არ არის. არადა, ამხელა გზაზე ფეხით ხომ ვერ ამოხვალ? დღეს ამ ტერიტორიას ხუთჯერ შემოვუარე წრე, მანქანის გასაჩერებელი ადგილი რომ მეპოვა. იქნებ წელიწადის ამ დროს მაინც, ეს საკითხი პასუხისმგებელმა პირებმა მოაგვარონ".

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით