"ეს ჩვეულებრივი ხანძარი არ ყოფილა" - რა მოხდა ელიავას ბაზრობასთან?! - კვირის პალიტრა

"ეს ჩვეულებრივი ხანძარი არ ყოფილა" - რა მოხდა ელიავას ბაზრობასთან?!

"ხანძარი ასე სწრაფად, როგორც წესი, არ ვრცელდება"(?!)

"ჩვენ თვალწინ ჯოჯოხეთი დატრიალდა"

გასული კვირა სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის დაძაბული აღმოჩნდა - მაღალი ტემპერატურის გამო ხანძარი თბილისის რამდენიმე უბანში თითქმის ერთდროულად გაჩნდა. 4 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში, ცეცხლი ჯერ გლდანის ნაგავსაყრელზე ნაგავს წაეკიდა, დაახლოებით 17:00 საათისთვის კი ხანძარი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 3000 კვმ ბალახს მოედო. საბედნიეროდ, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს და ცეცხლი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებზე არ გადასულა. სამაშველო სამსახურს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაო დასრულებულიც არ ჰქონდა, როდესაც უზარმაზარი შავი კვამლი ამჯერად ელიავას ბაზრობის თავზე გამოჩნდა - გუდაუთის ქუჩაზე ცეცხლი საღებავების საწყობს გაუჩნდა. ხანძარმა სააქციო საზოგადოება "იბერიის" საწყობებში იფეთქა, სადაც რამდენიმე კომპანიას, მათ შორის "სილქნეტს", დიდძალი სამეურნეო ქონება ჰქონდა დასაწყობებული - ცეცხლმა სააქციო საზოგადოების შენობების ნაწილი წამებში შთანთქა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის 28 ეკიპაჟი და 150 მეხანძრე ოთხი საათის განმავლობაში ცეცხლს ებრძოდა, თუმცა ხანძარს ორი კაცის სიცოცხლე მაინც ემსხვერპლა. როგორც "კვირის პალიტრისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, საწყობი სწორედ ერთ-ერთი დაღუპულის საკუთრება გახლდათ. დაღუპულის ოჯახის წევრები ტრაგიკულ შემთხვევაზე საუბრისგან თავს იკავებენ.

საწყობში, სადაც ელექტროსაქონელი და საღებავები ინახებოდა, ხანძრის ჩაქრობა იმდენად გართულდა, რომ სალიკვიდაციო სამუშაოში ვერტმფრენიც ჩაერთო. კიდევ სამი კაცი დაშავდა, მათ შორის, ერთი მეხანძრე, რომელსაც სახის არეში დამწვრობა აღენიშნებოდა, და მაშველი, რომელმაც კვამლისგან ინტოქსიკაცია მიიღო. საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გივი ანთაძე, თვითმხილველი: "საშინელება ხდებოდა. საწყობი ბომბივით ფეთქდებოდა, ყველანი მხოლოდ თავის გადარჩენაზე ვფიქრობდით. ცეცხლი ჩვენ გვერდით მდებარე საღებავების საწყობში გაჩნდა, სადაც საღებავებთან ერთად, იატაკის ლაქი და საღებავის გამხსნელი საშუალებებიც ინახებოდა. ამბობენ, რომ ცეცხლი საღებავების შეზავების დროს გაჩნდა. მოგეხსენებათ, საღებავს ცეცხლი ბენზინივით ეკიდება. ჩვენ თვალწინ ჯოჯოხეთი დატრიალდა. როცა ცეცხლსაშიში და ფეთქებადი ნივთიერებები მაღალ ტემპერატურაზეა, არ არის გამორიცხული, აფეთქება თავისთავად მოხდეს". …

რომან ძინძიბაძე, თვითმხილველი: "ყველაფერი დანახშირდა, მილიონობით ზარალზეა ლაპარაკი. ზოგი მუშა ისეა დამწვარი, ალბათ, თვეობით ვერ იმუშავებს. აფეთქება მოულოდნელად მოხდა, როგორც ჩანს, გამხსნელები აალდა. რაც შეეხება დაღუპულებს - ისე დამწვარან, ოჯახის წევრებს ამოცნობაც კი გასჭირვებიათ".

"კვირის პალიტრა" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილს ესაუბრა:

- ცეცხლი იმდენად სწრაფად მოედო საწყობს, რომ მიზეზები აუცილებლად გამოსაძიებელია. ჩემი აზრით, ხანძრის კერა სხვადასხვა ადგილას ერთდროულად გაჩნდა. მართალია, იქ ადვილად აალებადი სითხეები იყო, მაგრამ, ვფიქრობ, ხანძარი მაინც უჩვეულოდ სწრაფად გავრცელდა.

- ხანძრის ერთდროულად რამდენიმე კერაზე გავრცელება ხომ არ ნიშნავს, რომ ცეცხლი ხელოვნურად წაუკიდეს?

- დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ეს ვერსიაც არ უნდა გამოვრიცხოთ. ხანძარი ასე სწრაფად, როგორც წესი, არ ვრცელდება. სახანძრო სამსახური გამოძახებიდან 3-4 წუთში მოვიდა, თუმცა ცეცხლი 40 ათას კვადრატულ მეტრზე უკვე მოდებული იყო. თავისი მასშტაბით ეს ჩვეულებრივი ხანძარი არ ყოფილა. თვითმხილველებს მეც ვესაუბრე, არაერთი ვერსია მოვისმინე, თუმცა ექსპერტის დასკვნამდე საუბარი მაინც გაუმართლებელი იქნება.

- ერთი ვერსიით, საღებავების შეზავებისას თანამშრომლები სიგარეტს ეწეოდნენ და ცეცხლიც დაუდევრობის გამო გაჩნდა...

- არ ვიცი, უნდათ ვინმეს ხელი შეახოცონ? ამ საქმეზე კრიმინალისტები მუშაობენ, დეტალები მალე გაირკვევა.

- რატომ გახშირდა ბოლო პერიოდში სავაჭრო ცენტრებში ხანძრები, ეს უსაფრთხოების ზომების დაუცველობის შედეგია?

- შენობებში, ძირითადად, გაუმართავი ელექტრომოწყობილობებია. ამასთან, გაზის სისტემები ხშირად არასწორადაა დამონტაჟებული. ობიექტებზე პირველადი დახმარების საშუალებებიც არ არსებობს, ავტოგასამართ სადგურებზეც წყლის ჭავლები გაუმართავია. საზოგადოებაც ასეთი შემთხვევებისთვის მოუმზადებელია.

საეჭვო ფაქტები

ცოტა ხნის წინ ცეცხლი ჰიპერმარკეტ "გორგიაში" გაჩნდა და ექვსი კაცი დაშავდა. ცეცხლი შენობის მეორე სართულზე, 50 კვმ-ზე გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძარი 5000-7000 კვმ ფართობს მოედო. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

2014 წელს ე.წ. ბოშების ბაზრობა მთლიანად დაიწვა. ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. ცეცხლმა 2500 კვმ ფართობი მთლიანად გაანადგურა. მიზეზად ძველი კონსტრუქციები და ელექტროგაყვანილობა დასახელდა, თუმცა მოვაჭრეებს ამ ვერსიის დღემდე არ სჯერათ. მათი თქმით, ადმინისტრაციას ტერიტორიის გაყიდვა სურდა და ხანძარს სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ.

რუსუდან შელია