"თბილისს ავტოკოლაფსი ემუქრება!" - კვირის პალიტრა

"თბილისს ავტოკოლაფსი ემუქრება!"

"ნებისმიერი ახალი გზა უმნიშვნელო შეღავათს მოგვცემს... ამაზე უარეს დღეში არ უნდა აღმოვჩნდეთ..."

ალბათ, ბევრ თბილისელს ეგონა, რომ დედაქალაქი საცობებისგან ზაფხულში მაინც განიტვირთებოდა, თუმცა მოლოდინი არ გაუმართლდა. მცირეოდენმა განტვირთვამ თბილისს შვება ვერ მოჰგვარა, მალე ავტომობილით მიმოსვლა, ალბათ, შეუძლებელიც გახდება. "კვირის პალიტრას" საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი ესაუბრა:

- ეს პრობლემა კომპლექსურად უნდა განვიხილოთ... საპარკინგო ადგილების არარსებობა, უვარგისი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქაოსური მოძრაობა და ა.შ. ამ ჩამონათვალიდან ერთი კომპონენტის გამოსწორება საქმეს ვერ უშველის. ველოდები, რომ ტრანსპორტის საქალაქო სამსახური თავის ხედვას, ბოლოს და ბოლოს, წარმოგვიდგენს. არადა, პრობლემა სულ უფრო მწვავდება და მერწმუნეთ, ძალიან მალე გადაადგილება შეუძლებელი იქნება. თბილისს ავტოკოლაფსი ემუქრება! ამიტომ სწრაფად მოქმედება და ეფექტიანი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, რაც შესაძლოა, მოსახლეობისთვის მტკივნეულიც იყოს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ დედაქალაქში არ უნდა დადიოდეს ამდენი გაუმართავი ავტომობილი, რომლებიც მუდმივად ქმნიან წინასაავარიო სიტუაციას. ეს საკითხი ტექდათვალიერების დაწესებით უნდა გადაწყდეს, რასაც ბევრი მძღოლის უკმაყოფილება მოჰყვება. გარდა ამისა, ყველა ტაქსის მძღოლს უნდა ჰქონდეს ლიცენზია. ახლა, ვისაც მოესურვება, მანქანის თავზე კუბს დაიდგამს და საშოვარზე გადის. ეს წარსულს უნდა ჩაჰბარდეს (თუმცა ამან შესაძლოა გააძვიროს ტაქსის მომსახურებაც). ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტულ და მიმოსვლის იოლ საშუალებად აქციოს. მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეთ ავტომობილების შინ დატოვებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სურვილი. საჭიროა ველოსიპედით მგზავრობისთვის პირობების შექმნა და ამის პოპულარიზაცია.

პარალელურად უნდა გაძევდეს "სითი პარკი" (იმიტომ, რომ ამ კომპანიისგან არაფერი გამოვა) და შეიქმნას საპარკინგე ადგილები მიწის ქვეშ ან მიწის ზევით.

ამ ყველაფერზე თბილისის მერი დავით ნარმანია თავად უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ ეს კაცი რა საქმით არის დაკავებული, ვერაფრით მივმხვდარვარ. არადა, ცხოვრობს სპორტის სასახლის უკან, სადაც ყველა პრობლემა კუბშია აყვანილი. მის სახლთან ავტომობილით მისვლა შეუძლებელია, ვერსად გააჩერებ, არათუ პარკინგის ადგილი, ტროტუარიც კი არსად არის. ასეთ ადგილას ცხოვრობს კაცი და ვერ ხვდება, რა გააკეთოს...

მისი ყველა ღონისძიება იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ დედაქალაქში ავტომობილებით მგზავრობა შეიზღუდოს.

- არცთუ დიდი ხნის წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ავტომობილებით მიმოსვლის შეზღუდვის აუცილებლობაზე ილაპარაკა, რამაც მოსახლეობა გააღიზიანა...

- ეს რომ თქვა ნოდარ ჯავახიშვილმა, თავად ფეხით დაიწყო სიარული? ამოიოხრა სევდიანად და ჩაჯდა თავის ჯიპში, არა? მე თუ მკითხავთ, მოსახლეობას ყოველთვის ადეკვატური რეაქცია აქვს...

- ჩინოვნიკი თუ მთელი დღე ფეხით სიარულს მოუნდა, საქმე როდისღა გააკეთოს?

- მალე მთელი დღე სწორედ ავტომობილით მიმოსვლას დასჭირდება...  თბილისში ყველაზე ჩქარი სატრანსპორტო საშუალება მეტროპოლიტენია და სარგებლობა ჩინოვნიკებსაც შეუძლიათ.

- დედაქალაქის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ვერეს ხეობისკენ მიმავალი გზის აღდგენა და სხვა პროექტების განხორციელება საცობების წარმოქმნას ხელს შეუშლის.

- ახალი გზების გაყვანა გამოსავალი არ არის. რამდენიც უნდა გაიყვანონ და ხიდი გადონ, ყველა ავტომობილებით გადაიტვირთება და ისევ ახალი პროექტების აუცილებლობის წინაშე დავდგებით. არადა, ამ ყველაფერზე დიდძალი ფული უნდა დაიხარჯოს და დიდ შეღავათს მაინც ვერ მოგვცემს.

ევროპული ქალაქები მიხვდნენ, რომ საცობების ბუმის პირობებში ახალი გზების გაყვანა ეფექტიან გამოსავალს ვერ იძლევა. ფულს ამისთვის აღარ ხარჯავენ და ავტომობილების რაოდენობის შესამცირებლად ალტერნატიულ გზებს ეძებენ...

ნონა ყანდიაშვილი, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი: - მიმდინარეობს ვერეს ხეობისკენ მიმავალი გზის აღდგენა, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის გაყვანა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტია. იგეგმება პატარ-პატარა საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია, რაც ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობის განტვირთვას შეუწყობს ხელს. საგზაო მონაკვეთების გაფართოება-აღდგენით და მოძრაობის რეგულირებით არაერთი სატრანსპორტო კვანძი განიტვირთება... მიმდინარეობს ავარიული დიღმულას, ბარათაშვილის, ზაჰესის ხიდების რეაბილიტაცია. დაგეგმილია ვახუშტი ბაგრატიონისა და გულუას ხიდების რეაბილიტაცია. გლდანულაში ავარიული ხიდის რეკონსტრუქციაც არის დაგეგმილი. მუშაობა მიმდინარეობს მუხათგვერდში გადასასვლელ ესტაკადაზე, რომელიც 30 წლის განმავლობაში უფუნქციო იყო. გარდა ამისა, იგეგმება პროექტის განხორციელება, რომელიც კახეთის გზატკეცილს თბილისის ზღვასთან დააკავშირებს.

გიგა ბათიაშვილი, არქიტექტორი: - ამჯერად დიღმის მონაკვეთზე ასფალტს აგებენ და მოძრაობა გადაკეტილია. ის მალე გაიხსნება, აღდგება ვერეს ხეობისკენ მიმავალი გზაც. არსებობს პროექტები, რომელთა განხორციელება ქალაქს შეღავათს მისცემს. თბილისს 40 კმ სიგრძის მანძილზე სულ ოთხი გზა აქვს, რაც საკმარისი არ არის. ქალაქის ორი მესამედი კი, ფაქტობრივად, ობობას ქსელია, რადგან იმ ადგილებს, სადაც ავტომობილები გადაადგილდება, გზასაც ვერ დავარქმევ...

- მერიაში აცხადებენ, რომ არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება დედაქალაქს შეღავათს მისცემს.

- ნებისმიერი ახალი გზა უმნიშვნელო შეღავათს მოგვცემს, თუმცა საჭიროა ყველაფრის კარგად დაგეგმარება. ცხადია, ამაზე უარეს დღეში არ უნდა აღმოვჩნდეთ... ახლა სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ.