რა ვიცით, როდის ექნებათ გზაო... - კვირის პალიტრა

რა ვიცით, როდის ექნებათ გზაო...

"სოლომონ ქურდიანის ქუჩის  შეკეთება არ არის გეგმაში, რადგან დაზიანების ხარისხით პრიორიტეტულ პროექტებში  ვერ მოხვდა... დაგითვალოთ

სხვაგან რამდენი ორმოა?!"

ნაძალადევის რაიონში, ყოფილი ზაქრაძის, ამჟამინდელი სოლომონ ქურდიანის ქუჩაზე, გზაზე უზარმაზარი ორმოებია. უამრავჯერ მივმართეთ მერიას, მაგრამ აინუნში არ გვაგდებენ. რა უნდა რამდენიმე ორმოს ამოვსებას, რომ ავტომობილები არ დავაზიანოთ? მერიაში არავინ გვცემს პასუხს და იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ. გვითხრან, ოდესმე გაგვირემონტებენ თუ არა გზას? - გვწერენ ქურდიანის ქუჩის მცხოვრებლები. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თბილისის მოსახლეობა შიდა ქუჩებზე გზების გაკეთებას, ძირითადად კი ორმოების ამოვსებას ითხოვს.

"კვირის პალიტრას" თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლაშა ჩხიკვიშვილმა უპასუხა: - დედაქალაქის მასშტაბით ამუშავდა ავტოსატრანსპორტო გზების სარეაბილიტაციო ორი დიდი პროექტი, რომელთა ღირებულება 18 მლნ ლარს შეადგენს. ერთი პროექტია ე.წ. ჯეკ პაჩერი - ორმოების ამოვსება, რომელსაც სპეციალური მანქანა ასრულებს. ასეთი მანქანა მუშაობს თბილისის სხვადასხვა მიმართულებით. ამის გარდა, კაპიტალურად კეთდება 50-მდე ქუჩა, სადაც ორმოებიც ამოივსება, ასფალტის საფარიც შეიცვლება და ბორდიურებიც მოწესრიგდება.

რაც შეეხება სოლომონ ქურდიანის ქუჩას, მისი შეკეთება არ არის გეგმაში, რადგან დაზიანების ხარისხით პრიორიტეტულ პროექტებში ვერ მოხვდა.

- რის მიხედვით განისაზღვრება პრიორიტეტები?

- იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია ავტომობილების ნაკადის მოძრაობა ქუჩაზე. ამ ქუჩის მცხოვრებთ ვურჩევ კოლექტიური განცხადება დაწერონ და კეთილმოწყობის სამსახურში შემოიტანონ. განიხილავს გზების განყოფილება და ქუჩის საკითხიც უფრო გამოიკვეთება.

- ე.წ. ჯეკ პაჩერით რატომ არ შეიძლება ამოივსოს რამდენიმე ორმო ამ ქუჩაზე?

- იმიტომ, რომ სხვაგან უფრო დაზიანებულია გზები. დაგითვალოთ სხვაგან რამდენი ორმოა?!