"გულს მიკლავს, რომ ჭედურობის ოსტატი აღარ დარჩება საქართველოში" - კვირის პალიტრა

"გულს მიკლავს, რომ ჭედურობის ოსტატი აღარ დარჩება საქართველოში"

კაცის ბედი კაცისავე ხელთ არის, თუმცა არჩევანს უფალი აძლევს - მან იცის, საით წაიყვანოს ადამიანი. ამაში უფლის ხელი ერიაო, ამბობს ბატონი თამაზ გოზალიშვილი იმ ხუთ წელიწადზე, რომელიც საბერძნეთში გაატარა.

ბერძნულ ეკლესიას თითქოს რა უნდა გასჭირვებოდა ისეთი, რომ საბერძნეთში ის ხელოვანი ვერ ეპოვა, ვისაც უძველეს სიწმინდეებს შეამკობინებდა, მაგრამ, ქართული ჭედურობის ოსტატი მიიწვიეს. სწორედ ის ამკობდა მართლმადიდებლურ სიწმინდეებს. მერე დაბრუნდა და... როცა მისი ხელოვნების გამო აღტაცება ვერ დავფარე, "უცნაური" რამ მითხრა:

- აი, "მოხუცის პორტრეტში" ერთი უცხოელი 17.000 დოლარს მაძლევდა და არ მივეცი!

- რატომ, ბატონო თამაზ?

- მაშ, რატომ წამოვედი საბერძნეთიდან? იმიტომ, რომ ჩემს ქვეყნას დავუტოვო, რასაც ღირებულს შევქმნი. ეს პორტრეტიც ღირებულია. ფული კი წარმავალია.

- მაგრამ ხელოვანს შემოსავლის სხვა წყარო რომ არა აქვს?

- რას ვიზამთ. განგების ნებით, ხან რა გამოჩნდება და ხან - რა. მე გულს ის მიკლავს, დღეს ხელოვნების ეს დარგი რომ აღარ აინტერესებთ. მაგალითად, ჭედურობის უდიდესი ოსტატი ბიძინა ბიძინაშვილი მშიერი კვდება, მისი დარი კი მსოფლიოს არ ჰყავს. მეშინია, რომ ჩვენ შემდეგ ჭედურობის ოსტატი აღარ დარჩება საქართველოში.

საბერძნეთში კუნძულ კვიპროსის ტაძრებისთვის ვმუშაობდი, სადაც ადრე ჩვენ, ქართველებსაც გვქონდა მონასტრები. ამბობენ, შესაძლოა, თამარ დედოფალი ღალიაშია დასაფლავებულიო. ქართველები კვიპროსის მონასტრებს დიდ ლარს ვწირავდით. ჯვრის მონასტერში ახლაც არის ერეკლე მეფის მეუღლის ხელით მოქარგული საფარებელი - ამ მონასტრისთვის შეუწირავს. მეამაყება, რომ მონასტრის მამათა კურთხევით, ჩემი სახელი ამოვკვეთე იმ ჯვრის პერანგზე, რომელშიც ჩატანებულია ნაწილი ჯვრისა, ქრისტე რომ ევნო. ასევე პერანგით შევმოსე ლუკა მოციქულის დაწერილი ღვთისმშობლის ხატი.

თურმე, როცა ელენე დედოფალმა იერუსალიმში იესოს ვნების ჯვარი მოიძია, მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა მხარეში დაინაწილეს. გემს, რომლითაც ამ ნაწილებს მიაბრძანებდნენ, ანგელოზი აედევნა და აუწყა, ჯვრის ნაწილი აქაც უნდა დარჩესო. ასე აიგო კვიპროსის ჯვრის მონასტერი. ეს ერთი უძვირფასესი განძია ქრისტიანობისა. მისთვის 2,40-მეტრიანი პერანგი მოვჭედე... მანამდე მის სამთხვევად რიგში მეც ვიდექი. ჩემმა ბერძენმა მეგობარმა ჯვარი ხელზე დამადო. იქიდან საოცარი სითბო წამოვიდა, ხელი გამოიარა და გულამდე მოვიდა.

- იქ, უცხოეთში ქართველებს ხვდებოდით?

- რაღა თქმა უნდა. მოძღვარი ზაქარია ფერაძე იქ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელია. მის მიმართ მადლიერებას ვგრძნობ - ჯერ ერთი, კვიპროსზე ქართულ ენაზე აღავლენს წირვა-ლოცვას და იქ გადახვეწილ ქართველობას ნუგეშს აძლევს. მეორეც, მან ჩემს სულშიც შემოაბიჯა. ისეთი დამოძღვრა შეუძლია, მთელ ცხოვრებას რომ შეგაცვლევინებს.