უსახელო საფლავების სევდა - კვირის პალიტრა

უსახელო საფლავების სევდა

რა ღირს სამშობლოსთვის შეწირული სიცოცხლე? ალბათ ის, რადაც სამშობლო გვიღირს. ხოლო ვის როგორ უღირს სამშობლო, საძმო სასაფლაოებს ეტყობა.

კუკიის საძმო სასაფლაოზე ისე ვერ გაივლი, უსახელო საფლავებმა თვალები არ დაგწვას, - მემორიალური დაფებიც მოპარულია. ამიტომ არ ვიცოდი აფხაზეთში დაღუპული 22 წლის ჭაბუკის მამა როგორ მენუგეშებინა.

თავად კი აქეთ დამამშვიდა: - აქაურობა ამ ბიჭების მამების იმედადააო და თვალმოუშორებლად დაჰყურებდა გმირი შვილის საფლავს და აფხაზეთის ომის შემდეგ, 17 წელიწადში რა გადაიტანა, იმაზე მიყვება. მთხოვა, ჩემს სახელს ნუ ახსენებ, ჩემი შვილის საფლავს ავად არ შეეხონო.

- საძმო სასაფლაო კუკიაზე პირველად მეორე მსოფლიო ომის წლებში გაიჭრა - მახლობლად სამხედრო ჰოსპიტალი იყო და გარდაცვლილ ჯარისკაცებს აქ მოასვენებდნენ. საძმო სასაფლაოზე, მოსწავლეებიც კი ამოჰყავდათ ფიცის დასადებად. მეც ამოვსულვარ. რას ვიფიქრებდი, რომ ომში დაღუპულ ჩემს შვილსაც აქ დავკრძალავდი და მერე ომი დამჭირდებოდა, აქაურობის ავი ხელისაგან დასაცავად. ბალახს კიდევ არა უშავს, ადვილად ვერევი... თავში საცემი სხვა რამ არის, სასაფლაოს ტერიტორიაზე ადგილებს ისაკუთრებენ.

სამშობლოსთვის დახოცილი ბიჭების გვერდით ორმეტრიანი მარმარილოს საფლავები ჩნდება თავისი მაგიდებით, აი, ისეთით, პურმარილი რომ უნდა გაშალო და, როგორ ვთქვა... იქეიფო... ჯერ ვემუდარები, მერე ვებრძვი ყველას, - სირცხვილია, რას სჩადიხართ, საძმო სასაფლაოზე ხართ, მარმარილოების გამოფენაზე ხომ არა-მეთქი... აქვე კუკიელი ლოთების თავშესაყარია. იმდენ ნაგავს ტოვებენ, სიმწრის ცრემლი მდის... 1993 წელს აფხაზეთიდან ჩამოსვენებული ჩემი შვილი აქ ჩემი ხელით დავკრძალე, მერე მას სხვა ბიჭებიც დაემატნენ - ჩემი თვალით მინახავს მათი დამწვარი, დასახიჩრებული ცხედრები... ქვეყანამ ეს პატივი მაინც მიანიჭა - კარგი სასაფლაო ჰქონდათ და რატომ უნდა შერყვნილიყო აქაურობა? ვინ აღარ მოვიყვანე აქაურობის სანახავად.

თავს მიქნევენ, მაგრამ არაფერს აკეთებენ - აქაურობა "ჰერმესს" ეკუთვნის. ეს ამბავი რომ წაიკითხოს ვინმემ, არ იტყვის - რისთვის უნდა ვასწავლო შვილს სამშობლოს სიყვარული, მაინც არ ღირებულაო? ის კი არა, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალური დაფები ისე გააქვთ ჯართში ჩასაბარებლად, თითქოს საკუთარ ქონებას ეზიდებოდნენ... წავედი ქალაქის მერიაში და აღვადგენინე. ისევ მოიპარეს...

P.S. სხვა რა უნდა გვითხრას გმირის მამამ... ღამითაც რომ ნახოთ ეს მდუმარე სასაფლაო, ისიც კი ყვირის ჩვენს სირცხვილზე! ეს არის ქვეყნის სიყვარული?

ნანა რამიშვილი