მოგიახლოვდებიან და... დნებიან ღიმილად - კვირის პალიტრა

მოგიახლოვდებიან და... დნებიან ღიმილად

ყურადღებას არ მიაქცევდით, მაგრამ ასე კია, - ჩვენ რომ, ზაფხულში თბილისიდან გავდივართ, ზოგიერთი პირიქით, თბილისში ჩამოდის დასასვენებლად. ისვენებენ და

  • ძალიან მაგრადაც! გამოელაპარაკები, ეგრევე მომზადებული აქვთ ღიმილი. მოდიან ქუჩაში დაფიქრებულები, გეგონება, მსოფლიო ამათი მოსაწყობიაო, მაგრამ მოგიახლოვდებიან და... დნებიან ღიმილად!

    მიხვდებოდით ალბათ, - უცხოელებზე ვლაპარაკობ, თორემ ჩვენ მათნაირი სიცილის  ხასიათზე როდის ვიქნებით, კაცმა არ იცის. ბედნიერი ხალხია და იმიტომ, - ჩვენსავით პრობლემებით აქვთ დამძიმებული თავი თუ რა. ერთი სიტყვით, არ გვგვანან: - ჩვენ რაც მოგვწონს, მათ არ მოსწონთ; რასაც ჩვენ ზედაც არ ვუყურებთ, ისინი თვალებით ჭამენ; ჩვენ ერთმანეთის სიყვარულის დრო არა გვაქვს, ისინი - ხალისიანი პაპები და შარვლიანი ბებოები ისე უღიმიან ერთმანეთს, შეგშურდება...  ახლაც, ამ წუთში რომ ჩაიარო შარდენის ქუჩაზე, "საქეიფოდ" ჭიქა კოქტეილზე არიან გამოფენილები. ასე, თბილი ღიმილით, სხედან გუგულებივით და შესციცინებენ თვალებში ერთმანეთს.

    შენც რაღა დაგრჩენია, უნდა ჩაუარო და შენატრო, თუნდაც ქალების ბედს... ისე მზრუნველად გადაუკიდიათ წლებით დამძიმებულ მხრებზე მათი ჩანთები მათ რჩეულ მამაკაცებს... ამ დროს კი შენ  ლამის ბეჭი ჩამოგვარდეს ხუთკილოიანი "ტომრის" თრევით.

    ნეტა, ის გამაგებინა, ასე ყველაფერი როგორ ხიბლავთ, - ფოტოაპარატს რომ  დააძრობენ და ყელს იგლეჯენ, - აქ და აქ  დავდგებით და გადაგვიღეო! შენც მორჩილად ართმევ და იმ ადგილს უცხოსავით აკვირდები, სადაც ფოტო უნდა გადაუღო... მერე კი საკუთარ თავს ლანძღავ, რომ შენი ქალაქით დიდი ხანია აღარ დამტკბარხარ. თითქოს ახლა პირველად ხედავ  ჩუქურთმიან სახლებს, მშვიდად გაწოლილ მტკვარს და ზედ გადმოკიდებულ აივნებს, ან უფრო ძველსა და უხსოვარს - სულ ცოტა, თხუთმეტი საუკუნის თბილისის გალავანს! და...

    ამ დროს ჩაივლის ჯიშიანი ქართველი ბიჭი ან გრძელფეხება, ყელმოღერებული გოგო, რომელთაც სულაც არ აინტერესებთ უცხოელი ტურისტის მათი ქალაქით აღფრთოვანება. ჩაივლის და გულზე გეშვება, - ეგრე, რა! ის თუ არ დარდობს, შენ რა ფიქრმა დაგიმძიმა გული, რომ შენი თბილისის სილამაზე ვეღარ შეგიმჩნევია...

    და მაინც, სევდა მოგეძალება: მაინცდამაინც უცხოელმა უნდა დაგანახვოს შენი თბილისი?