შალვა ერისთავი მაშინ მხოლოდ 22 წლის იყო - კვირის პალიტრა

შალვა ერისთავი მაშინ მხოლოდ 22 წლის იყო

1921 წელს გმირულად დაღუპული იუნკერის მემორიალი გაიხსნა

"კვირის პალიტრის" # 6-ში დაიბეჭდა წერილი სათაურით "უნდა გავძლოთ, ბიჭებო!", სადაც გიამბობდით იუნკერ შალვა ერისთავზე,  რომელიც ტაბახმელასთან ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა. მისი გმირობის შესახებ (მტრის ტყვიამფრქვევს გადაეფარა) ლეგენდებს ჰყვებოდნენ, მაგრამ მოგეხსენებათ, ძალადობასა და ტერორზე დამკვიდრებულ სახელმწიფოში ეროვნულ გმირზე ლაპარაკს არაერთი გადააყოლეს - პოლიტპატიმრობისათვის სულ უბრალო სიტყვაც საკმარისი იყო. ამიტომ შალვა ერისთავზე ლაპარაკს ოჯახშიც ერიდებოდნენ და გარეთაც. ახალმა თაობამ კი, რომელიც საბჭოთა სახელმწიფოში დაიბადა და გაიზარდა, საერთოდ აღარ იცოდა, ვინ იყო იუნკერი ერისთავი...

წერილში მოგითხრობდით, როგორ წავიდნენ გმირულად დაღუპული ვაჟის ჩამოსასვენებლად მისი მამა, და, საცოლე და ახლობლები, როგორ მალვითა და თავგანწირვით, რუდუნებით წამოასვენეს ძვირფასი ნეშტი და დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე, მწერალ დანიელ ჭონქაძის გვერდით, მაგრამ ოჯახს ნებართვა არ მისცეს, საფლავზე რაიმე ნიშანი მაინც დაედოთ. მეორე მხრივ, თვითონაც შიშობდნენ, ბოლშევიკებს ცხედარი არ შეურაცხეყოთ. ეს საფლავი ყოველგვარი ნიშნის გარეშე რჩებოდა ათწლეულები. აქ დადიოდნენ ერისთავები და პატივს მიაგებდნენ თავის მიცვალებულს.

შალვა ერისთავის და - თამარ ერისთავი დისწულთან ერთად ყოველ თებერვალში ჩუმად, მოკრძალებით გადიოდა საფლავზე და ბაგეზე მომდგარ მართალ სიტყვას გულში იბრუნებდა. აქვე დადიოდა შალვას საცოლეც - ანა ვასილევა თავისი ოჯახის წევრებთან ერთად. მისი დისშვილი - ქალბატონი თინათინ ჯავახიშვილი დღესაც ყვება, როგორი სიყვარულით იხსენებდა დეიდა გმირულად დაღუპულ საქმროს.

წერილში წუხილს გამოვთქვამდით, რომ შალვა ერისთავის საფლავი ისევ მდუმარედ, ყოველგვარი ნიშის გარეშე "აცილებდა" საკუთარი არსებობის უკვე 89-ე წელს. იმედს გამოვთქვამდით, თბილისის მერია იზრუნებდა და მოკრძალებულ საფლავის ქვას მაინც დაადებდა უსახელო საფლავს. რაოდენ სასიამოვნოა, რომ რამდენიმე დღის წინ ვერის სასაფლაოზე მემორიალი გაიხსნა.

1921 წელს გმირულად დაღუპულ შალვა ერისთავის მემორიალთან შეიკრიბნენ ისინი, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ტრაგიზმით სავსე ისტორია, მისი ხვალინდელი დღე. გაიხსნა მემორიალი, რომელიც ჩვენი საზოგადოებისათვის კიდევ ერთი წმინდა ადგილი იქნება სამარადისოდ...