"ვიმედოვნებ, ყველაფერი რიგზეა და ბეტონის ნაცვლად პემზას არ ასხამენ" - კვირის პალიტრა

"ვიმედოვნებ, ყველაფერი რიგზეა და ბეტონის ნაცვლად პემზას არ ასხამენ"

”ამათი შეცდომა ის არის, 25 წლის ლაწირაკი ჩინოსანი რომ იტყვის, ჩვენ ყველაფერი ვიცითო და მართლა მცოდნეს სანაგვეზე მოსროლას რომ დაუპირებენ”

გასული საუკუნის 70-იან წლებში არსებობდა "გმირთა მოედნის" ამ სახით რეკონსტრუქციის პროექტი

ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა ხელისუფლებაზე "დარტყმისთვის" ამჯერად "გმირთა მოედანი" და მდინარე ვერეს ხეობაში მშენებარე ახალი ავტოსაგზაო მაგისტრალი შეარჩია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მრავალგზის გადაკეთებული მოედნის რეკონსტრუქცია ამჯერადაც უშედეგო იქნება, ვერეს ხეობაში გამავალი გზა კი ეკოლოგიურ ფონს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის "მზიურის" დასასვენებელ პარკს და ზოოპარკის ტერიტორიას. თბილისის მერიას, რომელიც ამ მშენებლობის დამკვეთია, იმაშიც სდებენ ბრალს, რომ მშენებლობა პროექტის გარეშე დაიწყეს.

"კვირის პალიტრა" შეეცადა, გაერკვია, რა საფუძველი აქვს ამ პრეტენზიებს. თუმც, სანამ ვერეს ხეობაში ნანახის შესახებ გიამბობდეთ, ცოტა ხნით ახლო წარსულში დაგაბრუნებთ. სწორედ "ვარდების რევოლუციიდან" დღემდე "გმირთა მოედანმა" გმირულად გაუძლო თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის რამდენიმე უშედეგო ექსპერიმენტს, რომელმაც კულმინაციას ე.წ. ბენდუქიძის ოყნის - უზარმაზარი შადრევნის დამონტაჟების შემდეგ მიაღწია. შადრევნის დადგმამდე სპეციალისტები, რომელთაც უფრო ოპონენტებად მიიჩნევდნენ ხელისუფლებაში, ვიდრე საქმის კარგ მცოდნეებად, მერიას უყიჟინებდნენ, რომ ამხელა შადრევნის მოედანზე განთავსება გაუმართლებელი იყო.

"ძაღლმა იყეფა, ქარავანმაც ჩაიარა" და შადრევანიც ასაღები და სხვაგან გადასატანი გახდა. შადრევნის დამონტაჟებასაც და დემონტაჟსაც სჭირდება ბევრი ფული, რომელიც ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მისი უყაირათოდ, ანუ გაუთვალისწინებლად ხარჯვა საზოგადოებაში იწვევს ეჭვს, რომ სახელისუფლებო უწყებებში ვიღაც ცდილობს ქალაქის კეთილმოსაწყობი სამუშაოებით ხელის მოთბობას. საბჭოთა ეპოქიდან დღემდე კარგად ცნობილია, რომ გზების მშენებლობებში, გამწვანების ღონისძიებებში და ქუჩების კეთილმოწყობის საქმეში დიდი ფული კეთდება.

ამბობენ, ასეთი სამუშაოების წინასაარჩევნოდ ჩატარება ორმხრივად მომგებიანია, - გაკეთებულ საქმესაც დაანახებ ხალხს და საარჩევნო კამპანიისთვის ფულის გადაქაჩვაც არ გაჭირდებაო. მოკლედ, საზოგადოება უამრავი ფაქტორის გამო შესაძლოა მეტისმეტად ჩასაფრებული და მომთხოვნი გახდა, მაგრამ ფაქტია, მას დაეჭვების ბევრი საბაბი აქვს... ყურიც კი არავისთვის აუწევიათ იმის გამო, რომ "გმირთა მოედანზე" შადრევანი გაუმართლებლად დაამონტაჟეს.

არც იმისთვის დაუსჯიათ ვინმე, რიყეზე მილიონ ლარად ნაყიდი ძველისძველი ატრაქციონი რომ დადგეს და რამდენიმე თვეში ავარიულობის გამო გააქრეს. ისიც ფაქტია, თბილისში ბევრი მშენებლობა მარცხით, ზოგ შემთხვევაში, ტრაგიკულადაც რომ დამთავრდა ("რუსთავი 2"-ის "ვარსკვლავების აკადემიის" შენობა, გოთუას ქუჩაზე საჯარო რეესტრის ოფისის შენობა) არასაკმარისი კონტროლის გამო. არც ის არის მოგონილი, ხშირად სამშენებლო მარცხის მიზეზი პროექტების არარსებობა რომ არის. ბოლოს და ბოლოს, ავადსახსენებელი მემორიალის დემონტაჟსაც ხომ ქუთაისში იმის გამო მოჰყვა მსხვერპლი, რომ აფეთქებისა და უსაფრთხოების პროექტი არ არსებობდა. შეშინდა ხალხი, ამიტომაც მისი პრეტენზიულობაც გასაკვირი აღარ არის.

საავტომობილი ესტაკადა, რომელიც გმირთა მოედანზე შენდება, თითოეულ მოქალაქეს უნდა მოემსახუროს და ჩვენი უსაფრთხოების გარანტიას იძლეოდეს. ამაში დარწმუნება კი ძნელია მაშინ, როდესაც კულუარებში გაუგონარ ამბებს ჰყვებიან ცემენტის გამოყენების თაობაზე. ამბობენ, ზოგ შემთხვევაში ცემენტის ხარისხი ქაღალდზე და რეალობაში ერთმანეთისგან განსხვავდება, ანუ სინამდვილე მარკას არ შეესაბამება. ძირისძირობამდე რომ ჩავყვეთ, საზოგადოების პრეტენზიულობას იმდენ გამართლებას მოვუძებნით, რომ ერთი საგაზეთო სტატიაც არ გვეყოფა. ვერეს ხეობაში ნანახი კი ჯერჯერობით საზოგადოების ეჭვის გაბათილების შესაძლებლობას იძლევა.

არაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე, ალაგ-ალაგ, მდინარე ვერეს კალაპოტი უახლესი ტექნოლოგიებით აშენებულ თაღოვან კედლებში ექცევა და ვარაზისხევში დიდი ხნის წინ აგებულ გვირაბს უერთდება. მდინარეზე თაღოვან ნაგებობას მიწა დაეყრება და ზოოპარკისა და "მზიურის" სანაპიროების სიმაღლეზე მოსწორდება. ახალი გზა სწორედ გვირაბისა და მიწის ქვეშ მოქცეული მდინარის თავზე აშენდება და ერთმანეთთან დააკავშირებს "მზიურსა" და ზოოპარკს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, გიორგი ლიპარტიას განცხადებით, აქ ნიუ-იორკის "გრანდ სენტრალ პარკის" მსგავსი დასასვენებელი ცენტრი შეიქმნება.

ამიტომაც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მითქმა-მოთქმას იმის შესახებ, რომ ახალი გზის მშენებლობა ვერეს ხეობაში ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. მისივე განმარტებით, ეკოლოგიას ზიანი არ მიადგება "მზიურიდან" თამარაშვილამდე მონაკვეთშიც, სადაც ბულდოზერები ახალი გზის ასაშენებლად კლდეს ჭრიან. მშენებლობის დასრულების შემდეგ გზის ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე, ხელოვნური გამწვანების ზოლი და საპარკე ტყეები გაშენდება. იქ, სადაც გზა მდინარეს გვერდს უქცევს, კალაპოტი ძალიან დაბინძურებულია. ვაითბილისელების გამო ვერე დიდი ხანია ებრძვის ეკოლოგიურ კატასტროფას. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თქმით, ვერეს საგზაო მაგისტრალისა და "გმირთა მოედნის" რეკონსტრუქცია ნაწილობრივ მაისში, ბოლომდე კი 2010 წლის მიწურულამდე დასრულდება და გვაიმედებს, რომ მშენებლობის ხარისხზე მკაცრი კონტროლის გამო გამორიცხულია უხარისხო ცემენტის ან სხვა საშენი მასალის გამოყენება, ესტაკადებს არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს.

თურმე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში არსებობდა "გმირთა მოედნის" ამ სახით რეკონსტრუქციის პროექტი, იგეგმებოდა გზის გაყვანაც ვერეს ხეობაში. სპეციალისტებთან საუბრისას კი გაირკვა, რომ არსებობდა მხოლოდ საპროექტო მონახაზი, რომელიც მოსკოვმა ორი მიზეზის გამო დაბლოკა: საბჭოთა კავშირის არც ერთ დიდ ქალაქში მსგავსი ნაგებობა არ იყო და პირველად მისი თბილისში აგება არ ისურვეს. ამასთან, ამ მონაკვეთზე სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობიდან გამომდინარე, დაასკვნეს, რომ ესტაკადა "გმირთა მოედანს" მხოლოდ 2000 წლიდან დასჭირდებოდა.

გიორგი ლიპარტია: "მხოლოდ ვერეს ხეობაში გზის გაყვანა საავტომობილო მოძრაობას ვერ განტვირთავდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ "გმირთა მოედნის" რეკონსტრუქციაც. ახალი საგზაო სისტემა განტვირთავს მოძრაობას საბურთალოს, ვაკისა და ვერეს მიმართულებებზე. შეამსუბუქებს დატვირთვას პეკინის, პავლოვის, ვაჟა-ფშაველას, ჭავჭავაძის, ფალიაშვილის, კოსტავას ქუჩებზე. ვაგზლის მოედნიდან თამარ მეფის ქუჩით მომავალ მძღოლს ესტაკადის დახმარებით ალტერნატივა ექნება დელისის მეტროსთან ან ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოში ვერეს ხეობის ახალი გზით მოხვდეს, სადაც არ ივლის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ იქნება შუქნიშნები და 3,500 მეტრის გავლა დაახლოებით ორწუთ-ნახევარში იქნება შესაძლებელი.

ვერის გზიდან ასასვლელები ყიფშიძისა და სხვა ქუჩებზე გაკეთდება. ვერეს გზაზე ასევე იქნება გადმოსასვლელი ხილიანიდან და დოლიძის ქუჩებიდან. ეს იქნება ოთხზოლიანი, ორი მიმართულებით სამოძრაო ტრასა, რომელიც მთლიანად ბეტონით დაიგება".

გიორგი ლიპარტია აბსურდულს უწოდებს ბრალდებას პროექტის გარეშე მშენებლობის დაწყების შესახებ. იმავეს აცხადებს საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი თამაზ შილაკაძეც. ისიც კი ითქვა, რომ შილაკაძეს ორიოდე კვირის წინ შეაქმნევინეს პროექტი, რასაც საერთაშორისო ექსპერტი ბრალმდებლის უვიცობით ხსნის და ნებისმიერ მსურველს პროექტის გასაცნობად ეპატიჟება საქართველოს გზათა სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო ტექნოლოგიურ კომპლექსურ ინსტიტუტში.

KvirisPalitra.Geთამაზ შილაკაძე: - საბოლოო ვარიანტამდე შვიდი საპროექტო ვარიანტი გავაკეთეთ.

დროდადრო კიდევ შეგვაქვს ცვლილებები. ეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და ამაში გასაკვირი არაფერია. გზას ახასიათებს მშენებლობის დროს საპროექტო ცვლილებების მოთხოვნა. პროექტი ჩემი ინსტიტუტის მომზადებულია და მისი სირთულის გამო თვითონ ჩავუდექი სათავეში.

- როგორც ვიცი, სამშენებლო ტენდერი ჯერ კიდევ საპროექტო სამუშაოების დასრულებამდე გამოცხადდა.

- მზად გვქონდა მუშა ნახაზები, სრული საპროექტო მოხაზულობა და საორიენტაციო განფასება, რაც საშუალებას გვაძლევდა, მშენებლობის პარალელურად გაგვეგრძელებინა სამუშაო. თავიდან, პროექტის მიხედვით, ვერეს ხეობაში ხიდები უნდა გაგვეკეთებინა გზის ასაგებად. ტენდერში გამარჯვებულმა ქართულ-გერმანულმა სამშენებლო კომპანიამ შემოგვთავაზა ხიდების ნაცვლად უახლესი ტექნოლოგიის თაღოვანი გადახურვა გამოგვეყენებინა.

ვისაც სურდა პროექტის დეტალები ეხილა, ხელი არავისთვის შეგვიშლია. ჩემთან სამსახურში მოვიდნენ არქიტექტორები, გავაცანი ყველა მასალა. არქიტექტორთა კავშირშიც ვიყავი და განვაცხადე, თუ ვინმეს უკეთესი იდეა გაქვთ, მზად ვარ, მოგისმინოთ და გავითვალისწინო-მეთქი. მათ სურდათ, გზა გადასულიყო მდინარის მარჯვენა მხარეს, ასე პირდაპირ შუაზე გადავჭრიდით "მზიურს" და ეს იქნებოდა დიდი დანაშაული.

პროექტზე განა მხოლოდ ჩემი ინსტიტუტი მუშაობდა? საკომუნიკაციო სისტემების კოლექტორების შექმნაზე დაკავებული იყვნენ წყლის, საკანალიზაციო სისტემებისა და სხვა საუკეთესო სპეციალისტები. ტომებად დევს მათ მიერ შედგენილი პროექტები, მობრძანდეს მსურველი და გაეცნოს ყველაფერს. არაფერს ვმალავთ.

- ექსპერტები ამბობენ, რომ ახალი საგზაო მაგისტრალი ბევრს ვერაფერს შეცვლის და გაუმართლებელია "გმირთა მოედნის" რეკონსტრუქციაზე ამხელა ფულის დახარჯვა.

- იქნებ ამიხსნან, რატომ აჯობებს ვერეს გზით გარბენას ჭავჭავაძეზე ან პავლოვზე გაჭედვა იმ გლეხისთვის, რომელიც კარტოფილითა და სხვა პროდუქტით დატვირთული მანქანებით წამოვა წალკიდან, მანგლისიდან, კიკეთიდან, სამადლოდან, წყნეთიდან და ბაგებიდან?

მშენებლობის ექსპერტი, დოქტორი გენო ურუშაძეც იწონებს ვერეს ხეობის გზისა და "გმირთა მოედნის" რეკონსტრუქციის პროექტს და იხსენებს, რომ უკმაყოფილოთა არმია თბილისში მაშინაც იყო, როდესაც ვასილ მჟავანაძემ ახლანდელი თამარაშვილის ქუჩით ვაკე-საბურთალოს გზისთვის მთა გაჭრა: "ამ მონაკვეთზე გზა გასული საუკუნის 40-იან წლებშიც იყო და სოფელ მსხალდიდამდე ადიოდა.

ეს გზა ვაკე-საბურთალოს გზის გაჭრის შემდეგ დაიკეტა. ისე, მაშინაც ატყდა ერთი ამბავი, ეკოლოგიური ფონი დაირღვაო.  პროექტი არ მინახავს, მაგრამ რასაც ვხედავ, ისე კეთდება, როგორც უნდა გაკეთებულიყო დიდი ხნის წინ. მივედი, დავათვალიერე, ნანახი შთამბეჭდავია. ვერაფერს გეტყვით ხარისხზე, ვიმედოვნებ, ყველაფერი რიგზეა და ბეტონის ნაცვლად პემზას არ ასხამენ. მოხარული ვიქნები, თუ ვერეს ჩაბინძურებული ხევი გალამაზდება და ხელისუფლება ისწავლის გამოცდილი სპეციალისტების პატივისცემას. ამათი შეცდომა ის არის, 25 წლის ლაწირაკი ჩინოსანი რომ იტყვის, ჩვენ ყველაფერი ვიცითო და მართლა მცოდნეს სანაგვეზე მოსროლას რომ დაუპირებენ. გაგიჟდება ხალხი, აბა რას იზამს?"

არასამთავრობო ორგანიზაცია "გზა, მძღოლი, სამართლის" ექსპერტი რეზო ველიჯანაშვილი კი მიიჩნევს, რომ კიდევ ათი წელი არ იყო საჭირო "გმირთა მოედნის" რეკონსტრუქცია. მისი აზრით, ახალი საგზაო სისტემა მერიის ჩანაფიქრის რეალიზებას ვერ შეძლებს და თუნდაც მხოლოდ კოსტავას გამზირზე საცობების გაჩენის შესაძლებლობასაც კი ვერ შეამცირებს.

ექსპერტის ვარაუდით, ამ მონაკვეთზე გათვლილი არ არის სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობის ინტენსივობა და რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება "ვიღაცამ" სპონტანურად მიიღო. გიორგი ლიპარტია კი ამტკიცებს, რომ სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა ჯერ კიდევ პროექტის შედგენამდე გათვალეს და ამ მასალებსაც სიამოვნებით გააცნობენ მსურველებს და დასძენს, გვაცალეთ მუშაობა და შემდეგ განგვსაჯეთო.

KvirisPalitra.Ge