თბილისში ვართ თუ?..
08-03-2010
ინგლისურენოვანი სიტყვების ტყვეობაში

თვალში საცემია, რომ ქართულ ენაზე ვერ ნახავთ თითქმის ვერც ერთი ცნობილი ბრენდის მაღაზიის სახელწოდებას


უკვე რამდენიმე უცხოელი ტურისტი ვნახე, საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში გაკვირვებული რომ კითხულობს, ეს თბილისიაო? სტუმრებს აოცებთ, თბილისში მაღაზიების უმრავლესობას უმთავრესად ლათინურენოვანი წარწერები რომ აქვს. აბრებზე იშვიათად თუ მოჰკრავთ თვალს სადღაც კუთხეში მიყუჟულ ქართულენოვან დასახელებებს. თვალში საცემია, რომ ქართულ ენაზე ვერ ნახავთ თითქმის ვერც ერთი ცნობილი ბრენდის მაღაზიის სახელწოდებას.

ეს ტენდენცია განსაკუთრებით ფრანგებს აოცებთ, რომელთაც
იციან, რომ საქართველოს არა მხოლოდ სახელმწიფო ენა აქვს ქართული, ანბანიც ქართული აქვს და თანაც მსოფლიოს თითზე ჩამოსათვლელ ანბანთაგან ერთ-ერთი და უძველესი.  ფრანგმა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც საქართველოში სამეცნიერო მივლინებით იმყოფება, ვერ მოითმინა და მობოდიშებით გვითხრა, ასე მგონია, ქართველებს საკუთარ ენაზე წერა და მეტყველება გერცხვინებათო. ფრანგ ქართველოლოგს
სხვაგვარად ვერ აუხსნია, რატომ არის თბილისი აჭრელებული მხოლოდ ინგლისურენოვანი წარწერებით.

სხვათა შორის, პარიზში, ცნობილ სვაროვსკის სალონში, სადაც იქვე მდებარე ლუვრიდან გამოსული უამრავი ტურისტი შედის, ეტიკეტებზეც კი მხოლოდ ფრანგული წარწერებია. საქართველოში კი სვაროვსკის სალონს ერთადერთი, ლათინურენოვანი წარწერა ამშვენებს "ადიდასის", "ტომ ტეილორის" და სხვების მსგავსად.

განსაკუთრებით სასაცილოდ გამოიყურება კაზინოს ლათინურასოებიანი სახელწოდება "გრანდ საქართველო", რომელიც ერთბაშად აჩენს ორ კითხვას, რატომ შეიძლება იყოს საქართველო გრანდი და არა დიდი, ან რატომ ვერ გაბედეს ქართული წარწერის დიდი შრიფტით გაკეთება?

ზოგიერთი მაღაზიის მენეჯერისგან ვცადეთ გაგვეგო, რამ გაუჭირვათ ისე საქმე, რომ ერთი ქართული წარწერა ვერ გააკეთეს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მათ ამ კითხვაზე პასუხი არა აქვთ, რადგან ეს კითხვა არც არასოდეს გასჩენიათ.

შევეცადე საზოგადოების წარმომადგენლებისგან გამეგო ამ უცნაური სენის მიზეზი:

მანანა გედევანიშვილი, მედიკოსი: "რაც ხდება, ეს არის უთავმოყვარეო ქედმოხრა უცხოელების წინაშე. ნუთუ ჰგონიათ, რომ ვაჭრობისთვის სჯობს ასე? უცხოელებს სულაც არ უკვირთ ინგლისურად, ფრანგულად დაწერილი სახელწოდებები, მათთვის უფრო საინტერესოა მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო ენაზე დაწერილი "სავიზიტო ბარათები" - აბრები. ლათინურენოვანი განმარტებები მხოლოდ მცირე ზომის შრიფტით უნდა იყოს. არც ერთი ქვეყანა, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, ასეთ რამეს არ დაუშვებს".

გია მაჩაბელი, ფიზიკოსი: "დაუშვებელია, რომ ქართულენოვან წარწერებს არ ჰქონდეს პრიორიტეტი. ამასთან, მთავარია ქართულადაც სწორად ეწეროს, გამართულად. მაგალითად, ზოგან წერია "შოთის პური", არადა "შოთი" უნდა ეწეროს. ასეთ სიმახინჯეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდებით. რაც ჩვენთან ხდება, არის სნობიზმის გამოხატულება, სხვანაირად ვერ ამიხსნია, რა გვჭირს, თბილისში ვართ თუ სან-ფრანცისკოში?"

P.S. როგორც ჩანს, სახელმწიფომაც უნდა შეიმუშაოს ენის დაცვის იურიდიული მექანიზმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ დიდხანს მოგვიწევს სასაცილო მდგომარეობაში ყოფნა. სასაცილოა, აბა, რა, როდესაც სასტუმრო "ივერიის" შენობაზე "რედისონის" მფლობელებმა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ დააწერეს "ივერია", ისიც არა სასტუმროს მაღლივ კორპუსს, არამედ კაზინოს ორსართულიან შენობას დააწერეს უცნაურად, "ბლუ ივერია". შესაძლოა, "ბლუს" ქართული მნიშვნელობა უცხოელებმა არ იციან, მაგრამ ქართველი მენეჯერები რომ დაბლუებულან, გასაკვირი ეგ არის.
nino
22 მარტი 2010 12:09
ადრე ყველაფერს რუსული წარწერები ამშვენებდა, ეხლა ინგლისურია მოდაში. სანამ საკუთარი ღირებულებების პატივისცემას არ ვისწავლით არავინ არ გვცემს პატივს.
tamar
12 მარტი 2010 18:30
ამაზე საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს განა ამისთვის ვიბრძოდით მონური სული გვაკვს და ეგაა .

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები