ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელი "სტუმარ-მასპინძლით" გაიხსნება
რაც უფრო სწრაფად მიდის დრო, მით უფრო უნდა გავაჩეროთ თეატრში წამი

წელს ვაჟა-ფშაველას 150 წელი უსრულდება. ქვეყანა ემზადება კიდეც ამისთვის. საიუბილეო წელს რუსთაველის თეატრი ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძლით" გახსნის. სპექტაკლს დგამს რეჟისორი გოშა გორგოშიძე.

- ვაჟას ამ ნაწარმოებში არის როგორც საზოგადო ამბავი (თემისა), ისე ოჯახის დრამაც და მისტიკური, მეტაფიზიკური თემა - მიცვალებულების თემაც, რამაც ძალიან დამაინტერესა. ჩვენს სპექტაკლში სულები დასაწყისიდან დასრულებამდე სცენაზე არიან, ისინი განიცდიან ყველაფერს, რაც ხდება სოფელში.

ჩვენში ხომ მიცვალებულის
კულტია... რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამ სპექტაკლის დადგმაზე, მით მეტად ვრწმუნდებოდი, რომ დღევანდელ საზოგადოებაში ვაჟა-ფშაველას სულისა და სამყაროს დეფიციტია. გასაოცარია, რა თავისუფალი იყო მთის საზოგადოება ბარის საზოგადოებასთან შედარებით, რამხელა სულიერი ძალა ჰქონდა... ეს ძალა ნამდვილად გვჭირდება.

- როგორი იქნება თქვენი "სტუმარ-მასპინძელი", ტრადიციული თუ მოდერნიზებული?
-
ვცდილობდით, ბეწვის ხიდზე გაგვევლო. სპექტაკლში, ტრადიციულ მიდგომასთან ერთად, თანამედროვე ელემენტებიც შეგვეტანა. ვეცადეთ განგვეზოგადებინა და ყოფისთვის მოგვეწყვიტა ნაწარმოების მოტივი. სპექტაკლის მხატვარმა გოგი ალექსი-მესხიშვილმა არაჩვეულებრივი კოსტიუმები შექმნა, რომლებშიც ეთნოელემენტებთან ერთად თანამედროვეც არის. მუსიკაშიც გამოვიყენეთ ეთნო და ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების მოტივები.

- როგორ ფიქრობთ, ქართული კლასიკა თეატრის სცენაზე - ეს მაყურებლისათვის თეატრში წასვლის კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი იქნება? ხომ ამბობენ, XXI საუკუნე თეატრის შემოდგომააო, სცენა ვეღარ უწევს კონკურენციას კინოსო...
- არა მგონია, ასე ცუდად იყოს საქმე. იმასაც ამბობდნენ, კომპიუტერი ჩაანაცვლებს წიგნსო. მსგავსი არაფერი მომხდარა. როგორც ფოტოხელოვნება ვერ ჩაანაცვლებს მხატვრობას, ისე კინოხელოვნება - თეატრს. ჩემი მასწავლებელი ლილი იოსელიანი გვიმეორებდა, რაც უფრო სწრაფად მიდის დრო, მით უფრო უნდა გავაჩეროთ თეატრში წამიო. მით უმეტეს, თუ ეს წამი ვაჟა-ფშაველასთან დაგვაკავშირებს.

P.S. რამდენიმე დღეში რუსთაველის თეატრში პრემიერა გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ყოველი შეხვედრა ვაჟა-ფშაველას სულთან და შემოქმედებასთან, მნიშვნელოვანი და შეუცვლელი იქნება ხალხისათვის. სიცოცხლეში გვიჭირს ხოლმე გენიოსების დაფასება, სითბოსაც ვაკლებთ და სიყვარულსაც. შთამომავლობა კი ამ გულცივობისა და სულიერი სიბრმავის გამოსყიდვას საუკუნეებს ანდომებს...
gocha
17 აპრილი 2010 21:14

"ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელი "სტუმარ-მასპინძლით" გაიხსნება"

მი-სა-სალ-მე-ბე-ლე-აააააააააააა!!!!!!!!!!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები