"არის თუ არა ეს ბილეთი?!" - კვირის პალიტრა

"არის თუ არა ეს ბილეთი?!"

"უგულავამ მიგვითითა, ვინც ასვლისთანავე არ აიღებს ბილეთს, დააჯარიმეთო!"

ვაკეში, ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა,  ხალხით გადაჭედილ ავტობუსში  ავედი. რადგან მგზავრებს თავზე ვერ გადავახტებოდი, წინ წასვლაზე არც მიფიქრია. თანაც, მალე ადგილი გათავისუფლდა. ცოდვა გამხელილი სჯობს და სკამი დასათმობად დამენანა. მოკლედ, ხურდა ხელში მოვიმარჯვე იმ იმედით, რომ ჩასვლამდე ბილეთს ავიღებდი.

ერთი მხრივ, კარგი იქნებოდა, როგორმე (ვაი-ვაგლახით) მძღოლისკენ გადამენაცვლა და ბილეთი ამეღო (პატარა ავტობუსებში მხოლოდ თითო-თითო აპარატია დამონტაჟებული), მეორე მხრივ კი ასეთ შემთხვევაში ვეღარ მოგითხრობდით ამბავს, რაც შემდეგ ელვისუსწრაფესად განვითარდა და ტრაგიკომიკური სახე შეიძინა.

ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის კარგად ნაცნობი "სცენარის" ეპიზოდი  კი ასე განვითარდა: ავტობუსის წინა და უკანა კარიდან ამოსულმა კონტროლიორებმა ბადრი ბრაჭულმა და თამრო მჭედლიშვილმა აშკარად ალყაში მომაქციეს. ხელისგული სასწრაფოდ გავშალე და მოღუშულ თამროს ხურდა ფული ვაჩვენე ნიშნად იმისა, რომ ბილეთის აღებას ვაპირებდი... "მაგ ხურდას რომ მიჩვენებ, ბილეთი მე უნდა აგიღო?!" - იუკადრისა კონტროლიორმა. აპარატისკენ წასვლა ვცადე, მაგრამ...

"თქვენ უბილეთოდ მგზავრობთ და ბილეთს არ აგაღებინებთ!" - უფრო მეტი კატეგორიულობა გამოიჩინა ბადრი ბრაჭულმა და  წინ გადამეღობა. "ყაჩაღობაა, ძალადობა თუ რა ხდება?!" - ვიკითხე აღშფოთებულმა. კონტროლიორმა კი სულ ხელის კვრით მაიძულა, ჩავსულიყავი  მომდევნო გაჩერებაზე. შეურაცხყოფილმა გაპროტესტება ვცადე და იმ წესებისა თუ კანონების დაზუსტება ვითხოვე, რომლის მიხედვითაც იგი მოქმედებდა.

- მოქალაქევ, თქვენ ბევრს ლაპარაკობთ და კიდევ უფრო გაგეზრდებათ ჯარიმა! - "დამაშინა" ბრაჭულმა.

- ვალდებული ხართ, განმიმარტოთ, რის საფუძველზე მაჯარიმებთ? - არ მოვეშვი.

- აუუ! დავურეკავ ახლავე პატრულს! მისი დახმარებით გაგიზრდით ჯარიმას! - დამემუქრა და ყურთან რაცია მიიტანა, - დაუმორჩილებლობისთვის საპატრულოს განყოფილებაში გადაგიყვანთ!

- კარგი, დაურეკეთ პატრულს! - ვთქვი მტკიცედ და "უგულავას დამქაშების" ფოტოების გადაღებას შევუდექი.

- გადამიღე ხო... გადამიღე! უცბად არ შემაშინო! - იხტიბარი არ გაიტეხა ბრაჭულმა, - ხომ არ იწერთ კიდეც ჩვენს საუბარს? - მაინც სიფრთხილე  გამოიჩინა მან.

- დიახ, ვიწერ, ესეც არ შეიძლება? - ვიკითხე გაოცებულმა.

- თქვენ ჩვენი საუბრის ჩაწერის უფლება არა გაქვთ! - ხმა ამოიღო აქამდე მდუმარე  მჭედლიშვილმა, რომელიც "ძველებური" თამრო ნამდვილად აღარ იყო... სახეზეც ეტყობოდა, ყური ჰქონდა მოკრული, სხვისი საუბრის  ფარულად ჩაწერის უფლება არავის აქვსო, მაგრამ ის კი აღარ იცოდა, რომ  სხვა პირთან საკუთარი საუბრის ჩაწერა დაშვებულია...

აშკარა იყო, ჩემმა კონტროლიორებმა არ იცოდნენ, რა არის კანონით დაშვებული და რა - არა. საკითხავი კი ის არის, მათ გამომიჭირეს უკანონობაში თუ პირიქით, თავად გამოვიჭირე ისინი... ასე რომ, "კედელთან მიმწყვდეულებს"  გამომცდელად ვკითხე:

- ვითომ რატომაა სავალდებულო, მგზავრმა ასვლისთანავე აიღოს ბილეთი?

- ეს გათვალისწინებულია 2009 წლის 16 ნოემბრის ბრძანებით, #653-ით, - მიპასუხა მჭედლიშვილმა (თამრომ  ბრძანების დასახელება ვერ გაიხსენა, თარიღიც და ნომერიც შეეშალა.), ბრაჭულს კი მისგან განსხვავებული "ვერსია" აღმოაჩნდა:

- ეს უგულავას ბრძანებაა, რომელიც თავიდანვე იყო მიღებული, მაგრამ არ ვითვალისწინებდით. იმიტომ, რომ  მგზავრებს მაშინ ბილეთის აღებას ვასწავლიდით. ახლა უკვე  ისწავლა ხალხმა ბილეთის აღება და უგულავამ მიგვითითა, ვინც ასვლისთანავე არ აიღებს ბილეთს, დააჯარიმეთო!

კომენტარი ზედმეტია, მაგრამ უგულავას გადაწყვეტილებამ მოლა ნასრედინზე ანეკდოტი გამახსენა. მოლამ შვილი ჯერ გვარიანად მიტყიპა და კოკით წყლის მოსატანად გაგზავნა. რად სცემეო, - ჰკითხეს მეზობლებმა.  კოკა რომ  არ გატეხოს, იმიტომო, - უპასუხა მოლამ. კი მაგრამ, ხომ არ გაუტეხიაო? - სულ გადაირია ხალხი. როცა გატეხს, გვიან იქნებაო, - დასძინა "საზრიანმა" ნასრედინმა.

ხუმრობა იქით იყოს და, არსებობს თუ არა ჩანაწერი კანონში იმის თაობაზე, რომ მგზავრმა ასვლისთანავე უნდა აიღოს ბილეთი? ამის გარკვევა მერიის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისა და სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის  განყოფილების უფროსთან, ვასილ აბულაძესთან ვცადეთ.

- არსებობს რეგლამენტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის შესახებ, სადაც ვკითხულობთ, რომ რეგულარულ მარშრუტზე  (იგულისხმება თვითმფრინავი, მატარებელი, ავტობუსი) მგზავრობისათვის მოქალაქემ უნდა იქონიოს ბილეთი, შეინახოს ის მგზავრობის დამთავრებამდე და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამის უფლებამოსილ პირებს. გარდა ამისა, ავტობუსშიც არის გამოკრული გაფრთხილება: "მგზავრი ვალდებულია, აიღოს ბილეთი ასვლისთანავე".

- მაგრამ იქ არ არის მითითებული, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მგზავრი დაჯარიმდება.

- ერთ ფურცელზე როგორ უნდა დავწეროთ კანონის ის პუნქტები, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ეს გადამღლელიც იქნება.

- პირდაპირი ჩანაწერი რომ არსებობდეს, კანონსა და მუხლს მიუთითებდით. ხელისუფლება თავადაც უნდა ცდილობდეს მოქალაქის ინფორმაციულ უზრუნველყოფასა და განმარტებას, თუ რა შემთხვევაში დააკისრებს მას ჯარიმას...

- ხელისუფლებამ ისედაც გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო. პირველ ეტაპზე, საკრებულოს დადგენილებით, 15-ლარიანი ჯარიმა  იყო დაწესებული, შემდეგ პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ მისი ოდენობა  5 ლარამდე შემცირებულიყო.

- აძლევს თუ არა კანონი უფლებას კონტროლიორს, მგზავრს ბილეთის აღებაში ხელი შეუშალოს?

- თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ,  მოქალაქე ვარკეთილამდე თუ მგზავრობს, კონტროლიორი ბოლომდე უნდა გაჰყვეს და მაჩვენეთ ბილეთიო, ჩამოსვლის შემდეგ უნდა უთხრას?

- ხანდახან გადაჭედილია ავტობუსი. უკანა კარიდან ასულ მოქალაქეს წინ გადაადგილება უძნელდება და ამ დროს იქვე მდგარ, ჩასაფრებულ კონტროლიორს მისი დაჯარიმების საშუალება ეძლევა. ასეთ ვითარებას როგორ არეგულირებს კანონი?

- ასეთ ვითარებაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება.

კახა კოჟორიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი: "ბრძანებაში, რომელზეც მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა მიგითითათ, არ არსებობს პირდაპირი ჩანაწერი, რომ "მგზავრი ვალდებულია, ასვლისთანავე შეიძინოს ბილეთი".

არ არის განსაზღვრული, რა მომენტში უნდა შეიძინოს მოქალაქემ ბილეთი. შესაბამისად, შესაძლებელია კანონის იმგვარად აღქმა, რომ კონტროლიორმა უნდა  მოსთხოვოს მგზავრს მისი თანდასწრებით ბილეთის შეძენა. დაჯარიმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ კონტროლიორი ავტობუსიდან ჩამოსულ უბილეთო მგზავრს აღმოაჩენს(!).

დასასრულ, იმასაც გაცნობებთ, რომ კომპანია შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" დამფუძნებელი (რომელიც მოქალაქეებს აჯარიმებს) დედაქალაქის მთავრობა ყოფილა (?!). ასე რომ, თუ მაინცდამაინც ავტობუსით მგზავრობა გიხდებათ, ადით მხოლოდ და მხოლოდ წინა კარიდან, რათა ასვლისთანავე  შეიძინოთ ბილეთი! და თუ ჩასაფრებული კონტროლიორი შეგხვდათ, გაიხსენეთ იპოლიტე ხვიჩიას ცნობილი ფრაზა: "არის თუ არა ეს ბილეთი?!"