ისტორია გახდა გროშის საღირალი - კვირის პალიტრა

ისტორია გახდა გროშის საღირალი

- რა ღირს ფოტო?

- რომელი?

- აგე, იმ ლამაზი ქალისა და კაცისა!

- ხუთი ლარი!

- ეს?

- რომელი "ეს"?

- ჩიხტიკოპიან ქალს გარშემო რომ ოჯახი უდგას.

- ოთხი ლარი. კიდე აქვს ჩამოხეული და იმიტომაც ვყიდი ლარნაკლებ! წაიღე, რაღას დგახარ, თორემ გამოივლის ვინმე უცხოელი და ორჯერ მეტს მომცემს!

- კი მაგრამ, უცხოელებს რაღად უნდათ ჩვენი სურათები?

- ეეე, საქმე არაფერი გაქვს, ამდენს რომ მეკითხები? ეგ სურათები ისტორიაა, მორჩა, წავიდა! ისტორია ჩვენთვის გახდა გროშის საღირალი, თორემ იმათთვის ფასი აქვს. ჭკვიანები არიან და იმიტომ! - მეუბნება მშრალ ხიდზე ძველი ფოტოების გამყიდველი და ჩუმდება. მაგრამ მერე, თითქოს ჯიგარი დაეწვაო, ბრაზიანად აგრძელებს, - იყიდიან, აბა, რა იქნება! ხომ უყურებთ ამ ფოტოებს, განა მსოფლიოში სადმე ნახავ ასეთ ლამაზ კაცს და ქალს? - მტკვრის მოაჯირს ეყრდნობა და ჩამავალ მზეს რაღაცნაირი დარდით უყურებს.

KvirisPalitra.Geმაგრამ ის გულით დარდობს, ვიდრე შეგნებით. შეგნებულად ერთმა ქალბატონმა დაგვირეკა რედაქციაში. აღშფოთებული იყო, - ამერიკის სკოლებში სპეციალური გაკვეთილებია იმისთვის, რომ ბავშვებს ფოტოალბომების გაკეთება და შიგ წინაპრების სურათების ჩაკვრა ასწავლონ, ჩვენ კი ძველ ფოტოებს - ჩვენს წარსულს მშრალ ხიდზე ვყიდითო.

დიახ, ვყიდით! ათეულობით ძველი ფოტო აქვთ მშრალ ხიდზე ძველმანებით მოვაჭრეებს გამოტანილი - ზედ შეჩერებული მშვენიერებით, - მკრთალი მოყავისფრო ფოტოები!

- მა, რა ქნან! - ახლა თავისით მიბამს ლაპარაკს ხიდზე დგომით თავმობეზრებული გამყიდველი, - უჭირთ და რაც აქვთ, ის გამოაქვთ გასაყიდად, ან სად შეინახონ, ზოგიერთმა სახლ-კარი გაყიდა, თაგვის სოროში გადავიდა საცხოვრებლად და ფოტოები სადღა დაატიონ! მერე კიდევ ზოგ მაგ ფოტოებზე დახატულებს შთამომავალი აღარც კი დარჩათ და ფოტოს ვინღა უპატრონებს. ჰოდა, მოაქვთ და ჩვენ კი ვიბარებთ, ჩვენც ხო გვინდა ცხოვრება! ამ მშრალ ხიდზე ფოტოების კოლექციონერი რატო ათი კაცი მაინც არ არის!

- რას ამბობთ, მაგდენი?!

- მა, რა! საქართველოში იცით, რამდენი კარგი ფოტოგრაფი იყო? სუ პროფესიონალები ყველა კუთხიდან! ქართველები ისეთი ლამაზი ხალხი ვართ, სურათის გადაღება რად დაგვეზარებოდა, გლეხიც ბლომად იღებდა და თავადიც, ფოტოგრაფები კიდევ ფულს აკეთებდნენ. აგე, სიღნაღიდან ჩამოტანილი ფოტოები მაქვს. საუკუნის დასაწყისში ისეთი ფოტოგრაფი ჰყავდათ სიღნაღელებს, თვალი მომცა და მაყურებინაო! აი, ასე იყო!

- თუ საიდუმლოდ არ ინახავთ, რამდენად ყიდულობთ ამ ფოტოებს?

- ეგ რა საიდუმლოა, ათ შაურად...

- ანუ 50 თეთრად. ჩვენი ქვეყანა წარსულის გულშემატკივარი რომ იყოს, მაგ ფასად თავად იყიდდა მაგ სურათებს, მერე ან არქივს ჩააბარებდა, ან მუზეუმს გახსნიდა და შთამომავლობას შეუნახავდა!

- გულშემატკივარი, არა... გინდათ, საიდუმლოდ რამე გითხრათ?

- მითხარით.

- მე სიღნაღელი ვარ. აქაოდა, სიღნაღს ვალამაზებთო და ვანო სარაჯიშვილის მუზეუმი გამოყარეს ბინიდან, შემდავებელი არავინ ჰყავდათ და იმიტომ. ვანოს როიალი სად არ ლპებოდა, ახლა აღარ ვიცი, სად არის.

- ასეთი უსიამოვნო რაღაცები რომ მითხარით, დარდმა გუნება გამიფუჭა. უფრო რომ არ დავდარდიანდე, ამიტომ ერთ-ორ ფოტოს ვიყიდი და წავალ.

- თქვენ ნუ იყიდით, გაჩუქებთ! - მითხრა მეძველმანემ და გაცრეცილ გაზეთში გახვეული ორი ფოტო შემომაჩეჩა. გამოვართვი, ჩანთაში ჩავიდე და მოულოდნელი ბედნიერების გრძნობა გამიჩნდა. იმ წუთში არ მიფიქრია, რატომ, მერე კი, როცა ფოტოებს დავხედე, მივხვდი! წარსულის პაწაწინა  ნაწილი დავიბრუნე! ახლა იმაზე ვფიქრობ, როგორ გავახარებდით შთამომავალს, უპატრონო ფოტოებისთვის მართლა რომ მიგვეჩინა რაიმე ადგილი.

განა უფრო მდიდარნი არ შევიქნებოდით წარსულით?!