"არასდროს არ არის ადვილი გადარჩენა" - კვირის პალიტრა

"არასდროს არ არის ადვილი გადარჩენა"

"ქართველები თავმოყვარეები არიან და სიკვდილს ბრმად შეხვდებიანო"

რედაქციაში დარეკა, - 9 მაისი მოდის, ნამდვილი ტანკისტის ამბები არ გაინტერესებთო. სიამოვნებით მოგისმენდითო , - ვუთხარით. ომის ვეტერანები მიდიან და მიდიან, მაგრამ, იმის ნაცვლად, მოფერებას ვუმატებდეთ, ვაკლებთ. თუმცა პავლე ჭეჭელაშვილს, როგორც შევატყვე, მოფერება არც სჭირდება - 91 წლისას, თუ ბიჭი ხარ, სიცოცხლის ხალისში გაეჯიბრე!

- ბატონო პავლე, რა კარგი ქენით, რედაქციაში რომ დარეკეთ...

- რათა, აღარ არიან, არა, ჩემი ტოლი ვეტერანები? ხუთი წლის წინ ჯერ კიდევ ვხვდებოდით ერთმანეთს ჩვენთან, კასპში, სოფელ გარიყულაში. საკლავსაც ვკლავდით, ამბებსაც მაყოლებდნენ - ჩემ გარდა, არავინ იყო ტანკისტი!

- ახლა ჩვენც გვიამბეთ, რასაც ომის ვეტერანებს უამბობდით გარიყულაში...

- კი არ ვუამბობდი, ვიხსენებდი... ყველაზე მეტი ქართველი ფრონტზე იმიტომ გაგვიშვეს, რომ იცოდნენ, თავმოყვარეები არიან და სიკვდილს ბრმად შეხვდებიანო. ერთხელ ისე გვესროლეს, ტანკს სახურავი ააგლიჯა. სახურავზე ვინც იჯდა, დამმიზნებელი, გადმოვარდა და ტანკზე გადმოეკიდა, მეთაურიც უსულოდ დავარდა... რა უნდა მექნა, მოვაბრუნე ტანკი ჭაობში, წავიყვანე მკვდრები და ჩემი ნაწილისკენ გავვარდი. მეთაური ცოცხალი ყოფილა - ბრავო, ჭეჭელაშვილოო, მითხრა.

- მართლა ბრავო, ამდენი წლის შემდეგაც კი ინტერესით გისმენთ.

- მართლა? მაშინ სხვა ამბავსაც გეტყვით - ლატვიაში როგორ გადარჩა მხოლოდ ჩემი ტანკი და თაფლი და იტალიური ღვინო როგორ ვუშოვე ბიჭებს. გერმანელებს ნაძარცვი გაჰქონდათ და გვიბრძანეს, რადაც უნდა დაგიჯდეთ, დაატოვებინეთო! რვა ტანკით ვუტევდით. მეოთხე ვიყავი რიგში. პირველი სამი რომ გადავიდა შეტევაზე, ესროლეს და შეაჩერეს. მეც ასე ლაჩრულად ხომ არ გავჩერდები-მეთქი, სიჩქარე ჩავრთე და ეკიპაჟის წევრებს ვუთხარი, - თუ შეგიძლიათ, რაიმეს ჩაეჭიდეთ-მეთქი. სულ რვიანები ვაწერინე ტანკსა. სროლა ვერ მოასწრეს გერმანელებმა და ნაძარცვთან რაღა დააყენებდათ. ასე ჩავიგდე ხელთ იტალიური ღვინო და თაფლი.

- ახლაც თაფლი ხომ არ გშველით, ასე ჯანსაღად რომ ხართ?

- გლეხკაცის შვილი ვიყავი და სულ ვშრომობდი. ახლაც ვშრომობ, ვვარჯიშობ - ეზოში დავრბივარ. მგონი, იმანაც მიშველა, რომ თავის დღეში პაპიროსი არ მომიწევია. ეგ რომ მომეწია, 25 წლისა მოვკვდებოდი. ომში ფილტვების ანთება დამემართა, 420 სიცხიანი მორგში გადამიყვანეს - კვდებაო. მკვდრებში ჩემნაირსიცხიანი ორი ოფიცერიც იწვა. პაპიროსი უფასოდ გვქონდა და გამწარებულნი ეწეოდნენ. მე არ მოვწიე. ისინი ვერ გადარჩნენ, მე მორგიდან ცოცხალი გამომიყვანეს...

- გაიხარეთ!

- თქვენცა! ჩემს შვილიშვილებს რომ ვეუბნები, თქვენს მკითხველსაც იმას ვეტყვი: არასდროს არ არის ადვილი გადარჩენა, მაგრამ შენ უნდა გადარჩე!

ნანა რამიშვილი