მივიწყებული უნდა აღდგეს
ქართული ცეკვა - ის მაგიური ძალაა, რომელსაც შეუძლია ენერგიით აგავსოს და სასიყვარულოდ, სამშობლოს დასაცავად მოგმართოს. ამიერიდან, ერთი თვის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, "ჩვენს დილაში", ქართული ხალხური ცეკვის კონკურსი მოეწყობა წყვილთა შორის.

ნათია წულაძე, პროექტის პროდიუსერი და წამყვანი: - ამ კონკურსის მიზანია ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალური შემსრულებლების პოპულარიზება. კონკურსი ეძღვნება ნინო რამიშვილის დაბადების მე-100 წლისთავს. 60-იან წლებში დიდი ყურადღება ექცეოდა ინდივიდუალურ შემსრულებლებს. იმ პერიოდში არსებობდა ხალხური ცეკვების შემსრულებელთა მსოფლიო კონკურსიც კი,
სადაც ქართველები დიდი წარმატებით გამოდიოდნენ. მაგალითად, ვარშავაში, სადაც ამ კონკურსში მსოფლიოს 150 ქვეყანა მონაწილეობს, ოთხი ქართველი შემსრულებელი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

- ვინ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას?
- ჩვენ დავუკავშირდით ყველა მოზრდილთა ანსამბლს, გ
არდა "ერისიონის", "სუხიშვილებისა" და "რუსთავისა". ჩავთვალეთ, რომ ამ ანსამბლების წევრების მონაწილეობა და სხვებთან გაჯიბრება არ იქნებოდა სამართლიანი. დანარჩენი ანსამბლებიდან გამოგვეხმაურა 20 წყვილი. ისინი ერთი თვის  მანძილზე საზოგადოების წინაშე წარადგენენ თავიანთ ცეკვას. "ჩვენს დილაში" კვირაში 5 წყვილი მიიღებს მონაწილეობას. კომპეტენტური ჟიური იამზე დოლაბერიძის, ფრიდონ სულაბერიძის, ომარ მხეიძისა და თენგიზ უთმელიძის შემადგენლობით, მაყურებელთან ერთად გამოავლენს შედეგს.

- რომელი ქართული ცეკვები უნდა შესრულდეს?
- აუცილებლად უნდა შეასრულონ ქართული, მთიულური, აჭარული, ოსური... მეხუთე ცეკვა შეუძლიათ სურვილისამებრ აირჩიონ.
ომარ მხეიძე, ჟიურის წევრი: - ჩვენს ეპოქაში ინდივიდუალური შემსრულებლები თითქმის დაიკარგნენ. ბევრ ერს არა აქვს სატრფიალო ცეკვები, ჩვენ გვაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, უფრო და უფრო იშვითად ასრულებენ. ცეკვა "ქართული", მაგალითად, თითქმის აღარ სრულდება.

მიზეზი ის არის, რომ საბრძოლო ილეთებით მდიდარ ცეკვებს უფრო დიდ ტაშს უკრავენ... არადა, ცეკვა "ქართული" ხომ ჩვენი ცეკვების გვირგვინია - რა დამოკიდებულებაა ქალსა და ვაჟს შორის, რა კდემამოსილება, ღირსება. ან "მთიულური" ცეკვა ნახეთ, ჩვენ რომ "ყაზბეგურს" ვეძახით. გამოჩნდება ქალი, ჩააგდებს მანდილს და ვაჟები იჩოქებენ. ქართველი კაცი მუხლს მხოლოდ სამშობლოს დროშის, ხატისა და ქალის წინაშე იდრეკს... ამ ცეკვასაც ვეღარ ცეკვავენ ისე, როგორც საჭიროა... რატომ? ალბათ იმიტომ, რომ წყვილებს შორის დამოკიდებულება იკარგება, იმისი გამოხატვის უნარი ქვეითდება, რაც ქალ-ვაჟის ცეკვამ უნდა გამოხატოს.

ხომ მეთანხმებით, რომ ყველაფერი უნდა განვითარდეს. ტექნიკა დაიხვეწა და გაიზარდა. ისეთი ძლიერი მოცეკვავეები გვყავს, რომ იტყვიან, ფრინავენ, მაგრამ შინაარსი უკანა პლანზე გადავიდა და ნელ-ნელა სულ გაქრა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ინდივიდუალური შეჯიბრება ამ შინაარსის დაბრუნებას შეუწყობს ხელს.

გავუფრთხილდეთ ქართულ ცეკვას, ეს ხომ დამცავი მექანიზმია ერის თვითმყოფადობის გადასარჩენად. კომერციული მოთხოვნებიც დგას ქორეოგრაფების წინაშე, გასაგებია, მაგრამ ეს მოთხოვნები ყველაზე ძვირფასის ხარჯზე არ უნდა დავაკმაყოფილოთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?