"რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მოგიშალოთ ღმერთმა!" - კვირის პალიტრა

"რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მოგიშალოთ ღმერთმა!"

ზაფხულია, წვიმს ("დაგვაღირსა" ამ ზაფხულს წვიმამ!) და მოვცურავ ჩიტაძის ქუჩიდან თავქვე - ასეა ეს ქუჩა რუსთაველის პროსპექტისკენ დაკიდებული. მოვყვები ნიაღვარს და იმაზე ვარ გამეცადინებული, ფეხსაცმელები არ გამხადოს.

ჰა და ჰა, ამოვისუნთქე და რას ვხედავ! გამოპაკუნდა მოსახვევიდან მაღალ ქუსლებზე შესკუპებული ქალბატონი, თეთრი, შემოჭერილი კოფთა და შარვალი აცვია, თავზე ბუმბულებიანი ქუდი ახურავს. მიბაკუნობს ჩემ წინ. არც იმჩნევს, წვიმამ რო ჩარეცხა იქაურობა. მგონი, რაღაც უცნაურად არ იმჩნევს, ან სხვა რაღაც სჭირს - მგონი, ვერ "ჯდება" ჩაცმულობაში - ალბათ ოთხმოცისა იქნება! მერე რანაირად ჩადის ამ დაღმართზე, უნდა მივეშველო!

- ხომ არ მოგეხმარო, დეიდა? - ვეკითხები შეშინებული, მგონია, გამიჯავრდება, - შენი დეიდა ვინ არისო.

არ მიჯავრდება, მიყურებს და...

- მომეხმარე, მერე, თუ გინდა!..

- ჰო, მინდა, - ვპასუხობ შემცბარი და ხელის წასაშველებლად ვემზადები. ის კიდევ - დაიცაო და მხარზე ჩამოკიდებულ რედიკიულს იხსნის, სარკეს იღებს, ბარაქიანად წასმულ პომადას ისწორებს და: - ახლა შეგიძლია მომეხმაროო!

- სად მიდიხართ, დეიდა? - ვეკითხები მე.

- ვერა, ხედავ, რუსთაველზე, სასეირნოდ! - მპასუხობს და უმატებს, - აბა, რუსთაველი რისთვის არის, თუ არ ისეირნე!

- მართალი ხართ, - ვუკრავ კვერს, - ხშირად დადიხართ სასეირნოდ?

- დავდივარ, აბა, რა!..

მერე ისევ: - შენ იცი, რომ 40 წელიწადი ოპერის მომღერალი ვიყავი?

- არ ვიცი, მაგრამ ისე გაცვიათ, გეტყობათ, რომ მსახიობი იყავით!

- მსახიობი კი არა, ოპერის მომღერალი, არ იცი, მომღერალი რა არის?! - მიბრაზდება და სანამ რამეს იტყოდეს ჩემი უწიგნურობის გამო, მე ვასწრებ: - რას მღეროდით?

- რასა? მეცოსოპრანოს პარტიებს! - და... - მღერის. მაღალი ხმა აქვს.

- კარგად მღერით... სად ცხოვრობთ?

- იქა, - ჯოხით მითითებს, - მისამართს გეტყვი და სტუმრად მოდი. მოხვალ?

- ვერ დაგპირდებით, - ვეუბნები ფრთხილად, -  დრო არ მაქვს...

- მაშ, იჯექი შინ და დაბერდი! არც სასეირნოდ დადიხარ?

- არა.

- მაშინ უფრო ადრე დაბერდები!.. აი, მე ფეხები მტკივა, მაგრამ სტუმრადაც დავდივარ და რუსთაველზეც ვსეირნობ, - ამბობს ჯიბრით და ამატებს, ოღონდ სევდიანად, - არ მინდა ლოგინში ჩავწვე და დავბერდე. ახლა წავალ! და... მიდის.

მე ვრჩები. ვდგავარ, ვდგავარ...

- რაო, ვერ იცანი? - ამივლის ერთი.

- ვერა!

- მთაწმინდის კოლორიტია, მაგარი ვინმეა, არა?

"ნამდვილად", - ვამბობ გულში და მივდივარ... რუსთაველზე... რომ არ დავბერდე!

მართლა რა მაგარი იყო! რაღაც დარდი მომაშორა, ასე იციან მაგნაირებმა. თვითონაც არ დარდობენ და არც შენ გაცლიან დარდიანობას. ამას წინათ ერთ ცნობილ ბაბუს ჩავუარე (აი, იმას, ყველა მიტინგზე რომ დადის), რუსთაველის ჭადრის ქვეშ სკამზე ჩამოძინებოდა. მიდი-მოდიოდა თბილისი გრიალით, იმას კიდევ ეძინა - თავზე სვანური ქუდით, ყელზე - ამერიკული დროშით და ხელში - ნაწერით გადაჭრელებული რვეულით. ისე მინდოდა მენახა, იმ რვეულში რა ეწერა, კინაღამ თავზე დავადექი. მერე გადავიფიქრე. საქართველოზე ეწერებოდა... ჰოდა, ჩავუარე, ცოტათი შურით - ნეტა, ასე დამაძინა და მერე მომკლა-მეთქი!