იქნებ შეღავათიან ფასში გაგვაკოტროთ!.. - კვირის პალიტრა

იქნებ შეღავათიან ფასში გაგვაკოტროთ!..

თამაშის წესებს მერია განსაზღვრავს

ავტომფლობელები ჩივიან, რომ თბილისის ქუჩებში შემოღებული პარკირების გადასახადი მათ ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვა.

"თუ საჯარიმოზე გადაყვანისთანავე მანქანას უკან ვერ დაიბრუნებ, მეორე დღეს 10 ლარით მეტის გადახდა მოგიწევს. ეს ჯარიმა კი არა, ძარცვაა", - ამბობს ერთ-ერთი უკმაყოფილო მძღოლი და მიხსნის, თუ რამხელა დარტყმა განიცადა მისმა საოჯახო ბიუჯეტმა მას შემდეგ, რაც დედაქალაქის ქუჩებში პარკირების კომპანია ც.თ.პარკ-ი გამოჩნდა. გურამ თორთლაძე: "სახლთან ფასიანი ავტოსადგომი მაქვს, სამსახურის ოფისს მანქანის გასაჩერებელი ადგილი არა აქვს და ფასიანი სადგომით ვსარგებლობ. ისე გამოდის, C.T park-ი მე უნდა გავამდიდრო!.. ამბობენ, თვითონ ც.თ.პარკ-ი უბრალოდ მითითებების შემსრულებელია, წესებს და კანონებს კი მერია თუ მერი აწესებსო. თუ ასეა, ნუთუ არ შეიძლება, დედაქალაქის პირველმა პირმა და მისმა მთავრობამ თავისი "პარკინგიგით" (თბილისელმა მძღოლებმა ახალ ავტოსადგომებს უკვე სახელიც შეარქვეს - ავტ.) შეღავათიან ფასში გაგვაკოტრონ?"

კომპანია C.T park-ი თბილისის მერის მფარველობის ქვეშ ყოფნას კატეგორიულად უარობს, თუმცა, იმას კი ამბობენ, რომ პარკირების სისტემა დედაქალაქის სატრანსპორტო სამსახურის პრეროგატივაა, რომლის შესრულებაც გამოცდილ ებრაულ კომპანია "ამაგონსა და შოპან პარკინგსერვისს" მიანდო. სწორედ მისი შვილობილია C.T park-ი.

C.T park-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გიორგი ჯაფარიძე: - არ ვიცი, საიდან მოდის ჭორები ჩ.თ.არკ-ისა და თბილისის მერის ურთიერთობის შესახებ. ფაქტი კი ის არის, რომ 2007 წელს მერიამ გამოიტანა დადგენილება თბილისში პარკირების სისტემის მოწესრიგების შესახებ. ჩატარდა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა კომპანია C.T park-მა.

რაც შეეხება ტარიფებს, რომელიც ასე აშფოთებთ ჩვენს მოქალაქეებს, იგი ჩვენ კი არ მოგვიგონია, არამედ დადგენილია საკანონმდებლო ნორმატიული აქტების საფუძველზე. შესაბამისად, ტარიფებთან დაკავშირებით ჩვენ მიმართ პრეტენზიები სულ ტყუილად აქვთ. ასევე ტყუილად ჰგონიათ, რომ პარკირების შედეგად აღებული ფულით ვმდიდრდებით. C.T park-ი თავისი შემოსავლის 60%-ს ქალაქის ბიუჯეტში რიცხავს, 40%-იდან კი იხდის სხვა გადასახადებს. ანუ ფაქტობრივად, მთელი შემოსავალი ირიცხება ქალაქის ბიუჯეტში და არა ვიღაცის ჯიბეში.

- რა გამოდის, კომპანიამ კაბალური ხელშეკრულება გააფორმა მერიასთან და მოგებაზე არ მუშაობს?

- ალბათ კომპანიისთვის ხელსაყრელია ეს პირობები. მოგებას აღნიშნული 40%-იდან მიიღებს(?!).

- ცუდ დღეში ჩავარდნენ ის მძღოლები, რომელთა სამსახურსაც უფასო ავტოსადგომი არ გააჩნია...

- სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ჩვენთან პარკირება არასოდეს ყოფილა, ორგანიზაცია-დაწესებულებებიც არ ზრუნავდნენ იმაზე, რომ მათ თანამშრომლებს მანქანის გასაჩერებელი ადგილი ჰქონოდათ. ამ შემთხვევაში, ალბათ თავიანთ სამუშაო ადგილებზე უნდა მოითხოვონ ავტოსადგომების მოწყობა. რაც შეეხება კერძო ავტოსადგომებს, ეს ბიზნესია და სამომავლოდ, ალბათ ბევრი დაინტერესდება. ააშენებენ დედაქალაქის ცენტრში ან ახალ შენობებში შედარებით იაფფასიან ავტოსადგომებს და შესაბამისად, ხალხს აღარ მოუწევს ქუჩაში მანქანების დაყენება.

- ვინ ადგენს, სად უნდა იყოს ფასიანი სადგომი და სად უფასო?

- ქალაქის სატრანსპორტო სამსახური. არ შეიძლება ითქვას, რომ ყველგან ძვირია ფასიანი სადგომი. მხოლოდ კაზინოებთან და რესტორნებთან ღირს ერთი საათი ერთი ლარი, ცენტრალურ ქუჩებში 50 თეთრი ღირს, სხვა ქუჩებში 20 თეთრი ან საერთოდ არ არის სადგომის საჭიროება. მაგალითად, მართალია, კანდელაკისა და ნუცუბიძის ქუჩები საკმაოდ დიდია, მაგრამ რადგანაც ეს ქუჩები გადატვირთული არ არის, არც ფასიანი სადგომები დაუწესებიათ.

- რა უნდა ვქნა, თუ ისეთ კორპუსში ვცხოვრობ, რომელსაც საკუთარი ავტოსადგომი არა აქვს და იძულებული ვარ, ფასიან სადგომზე დავაყენო მანქანა. ერთ დილით კი გადასახადების გამო შესაძლოა, სულაც გაკოტრებულს გამომეღვიძოს...

- თუ თქვენს სახლთან მხოლოდ ფასიანი პარკირების ადგილია, ამ შემთხვევაში მიხვალთ გამგეობაში, სადაც C.T park-ის წარმომადგენლებისგან იყიდით 12 ლარად ერთწლიან საშვს. აგიხსნიან, რომელი სადგომებით უნდა ისარგებლოთ თქვენს სახლთან ახლოს. საღამოს 7 საათიდან დილის 10 საათამდე და შაბათ-კვირას არაფერს გადაიხდით. ანუ ფაქტობრივად, მთელი წლის განმავლობაში 12 ლარად შეგეძლებათ ავტოსადგომით სარგებლობა.

- თუ გაქვთ დღის მომსახურების იაფი სერვისი?

- თვითონ განსაჯეთ, რომელი მეთოდი უფრო იაფია. გვაქვს გადახდის სამი მეთოდი: 1. გადახდა პარკომეტრით, სადაც ხურდას ვაგდებთ სპეციალურ აპარატში, ვიღებთ ქვითარს და ვათავსებთ ავტომობილის საქარე მინაზე შიდა მხრიდან, რომ C.T park-ის ინსპექტორს შეეძლოს მისი ნახვა.

2. პარკინგის მომსახურების საფასური შეგიძლიათ გადაიხადოთ ბარათებით, რომელიც ქალაქში ყველგან იყიდება. იგი ორი სახისაა - გადასაფხეკი და მობილბარათი. გადასაფხეკ ბარათზე გადაფხიკეთ ავტომობილის პარკირების დღე, საათი, წუთი, თვე და რიცხვი. შემდეგ მიამაგრეთ ავტომობილის საქარე მინაზე ინსპექტორისთვის. თუ გადასაფხეკი ლარიანი ბარათი იყიდეთ და დგახართ 20-თეთრიან გაჩერების ზონაში, დგომა შეგიძლიათ 5 საათით. თუ გინდათ, რომ ლარიან სადგომზე 20 წუთით გაჩერდეთ, გადაიხდით მხოლოდ 20 თეთრს.

3. შეგიძლიათ პარკირების თანხა გადაიხადოთ მობილური ტელეფონით, სპეციალური ბარათებით, რომლის კოდიც შეგყავთ მობილურ ტელეფონში და რეგისტრირდებით. როდესაც გააჩერებთ ავტომობილს, დარეკავთ სპეციალურად მითითებულ ნომერზე, ეტყვით ავტომობილის დაყენების დროს და პარკირების ათვლა დაიწყება. ხოლო როდესაც გამოიყვანთ ავტომობილს, კვლავ დარეკავთ და პარკირება გამოირთვება.

- საჯარიმოდან ავტომობილის გამოყვანა 60 ლარი ღირს. რატომ ასე ძვირი, თქვენ ხომ არ მიგყავთ ავტომობილი პატრონთან, ის მოდის წასაყვანად.

- ეს ტარიფიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის მითითებული. ისე კი, ეს გახლავთ ავტომანქანის ევაკუაციის საფასური.

- კი მაგრამ, 60 ლარად ქუთაისში ჩავალ კერძო ტაქსით და დავიჯერო, ევაკუატორს იმაზე მეტი ხარჯი ექნება?

- ერთადერთი ის შემიძლია შევთავაზო მძღოლებს, რომ საქმეს ავტომობილის ევაკუაციამდე ნუ მიიყვანენ და მიეჩვიონ წესრიგს.

P.S. ფაქტია, ნებისმიერ სიახლეს ახლავს ნაკლოვანებები, რომელიც გამართული მუშაობის მოსურნე ორგანიზაციამ უთუოდ უნდა გამოასწოროს. ჩანს, სახელმწიფო მოხელეები კანონშემოქმედების დროს ყველაფერს საკუთარი თვალთახედვისა და ბიუჯეტის მიხედვით საზღვრავენ. მათი ხელფასები ბევრად აღემატება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს, მათი ავტომობილები კი მერიის, პარლამენტის ან რომელიმე სამინისტროსა თუ დეპარტამენტების ავტოსადგომებზე დგანან...