თბილისური "პაემანი ვერაზე" - კვირის პალიტრა

თბილისური "პაემანი ვერაზე"

არქივი, ინტერვიუ გამოქვეყნებულია 2010-05-10

თბილისში თუ გიცხოვრიათ, გეცოდინებათ, ამ ქალაქში გული გულობს, ამიტომაც ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ან რაც უნებურად გამოგვდის, ჩვენს გულში გაივლის ხოლმე.

აქ კარგი კაცი გულიანი კაცია, ცუდი - უგულო... ალალი კაცი ერთგული და გულმართალია, ცრუ - ორგული. მერე რა, თუ ზოგჯერ პატარა კაცი დიდგულობს და დიდი კაცი გულჩვილად მორჩილებს, ჩვენ ხომ ვიცით, ვინ ვინ არის და მადლობა ღმერთს, ისე არ გავღატაკებულვართ, კეთილშობილი, უანგარო, გულწრფელად მოყვარული თბილისელები რომ აღარ გვეგულებოდნენ ჩვენს ქალაქში.

ზოგჯერ ავირევით, დავირევით, ერთმანეთსაც გადავწვდებით ხან სიტყვითა და ხან მუშტით, ისიც დაგვავიწყდება, სად ვართ და ვისი შვილები ვართ, შიშიც აგვიტანს მომავალზე ფიქრისას... ამ ჩვენს სენს ძველებური შელოცვა, "გულო, ჩადექ საგულესა", სულაც არ სჭირდება... ისიც გვეყოფა, გიზო ნიშნიანიძის დანიშნულ პაემანზე არ დავაგვიანოთ, ერთად გავიხსენოთ წარსული და ვთქვათ სათქმელი, მოვისმინოთ და პატივი მივაგოთ იმას, რაზეც ჩვენი თბილისიცა და თბილისელობაც დგას...

რამდენიმე დღის წინ ეროვნულ საკონცერტო დარბაზში ანშლაგით ჩატარდა თბილისური "პაემანი ვერაზე". "ამ თბილისით მოვდივარ და იმ თბილისზე თვალი მრჩება", - ამბობს გიზო ნიშნიანიძე, მწერალი და ჟურნალისტი, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს თბილისი... მისი ბოლო წიგნის სახელწოდებაც ბევრს გეტყვით - "მიგულე". ჩვენც გვეგულება მისი სახით კარგი თბილისელი - კაცი, რომელმაც დავიწყებას გამოსტაცა ვერის უბნისა და მთაწმინდის ხიბლი და კიდევ ერთხელ გვითხრა სათქმელი: თბილისელობა ფულით არა, გულით იზომება.

- მაინც რაზე გრჩებათ თვალი თქვენი სიყმაწვილის დროინდელი თბილისიდან?

- რომელი ერთი ჩამოვთვალო: წინათ ასაკოვან ხალხს პატივს სცემდნენ, ახალგაზრდებს უფროსების რიდი ჰქონდათ და ერთმანეთის სიყვარული... ჩხუბი დაუნდობელი არ იყო, მეგობრობით მთავრდებოდა. მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ ერთადერთ ტელეფონის ავტომატზე ეწერა: "შუხურის შემთხვევაში დარეკეთ ჩემთან". ტელეფონის ნომერი და სახელი და გვარი - რეზო ფაღავა... როგორ არ მომენატროს ეს დრო?

- თბილისი ხალისიანი, ღიმილიანი ქალაქი იყოო...

- მოწყენილ კაცს ქუჩაში როგორ გავატარებდით! აუცილებლად ვკითხავდით, - ხომ მშვიდობააო. ახლა რომელ ერთს ვკითხოთ, ყველა მოწყენილია და...

- ყველა თავის ნაჭუჭში იკეტება?

- ეგრე გამოდის. ხომ გაჩნდა მობილური ტელეფონი და ყოველ წუთს ხომ შეგვიძლია სიახლოვე ერთმანეთთან... და მაინც ტექნიკის მიღწევებმა ვერ დაგვაახლოვა, პირიქით, სულ დაგვაშორა ერთმანეთს... დრო იყო, კარი არ იკეტებოდა. როცა კარის დაკეტვა და საჭვრიტინოების დაყენება დაიწყეს თბილისელებმა, ავთო ვარაზის მეუღლემაც მოინდომა თურმე მისი გაკეთება. ეგ რა არისო, - უკითხავს ავთოს. ამაში გავიხედავთ და ვნახავთ, ვინ მოვიდა, მერეღა გავუღებთ კარსო... ეგ საჭვრიტინო უკუღმა დააყენე, რომ იმათ გვნახონ, შინ ვართ თუ არაო... მაგას ვინ წარმოიდგენდა, კართან მისული კაცისთვის კარი არ გაეღოთ! ახლა დასჩერებიან მობილურს - ვინ რეკავს. უნდათ აიღებენ, უნდათ - არა...

- გამოდის, ძალიან შევიცვალეთ, არა?

- "რამ გაგვხადა ერთმანეთზე დანის მლესავი, გვეჯავრება ერთმანეთი ჭირის დღესავით"... ზოგჯერ და ხშირადაც, ასეა.

- უცხოეთში თუ გიამბიათ რამე თქვენი დროის თბილისზე?

- 1983 წელს ამერიკაში ვიყავი. გადამეკიდა სი-ენ-ენი - შეადარეთ ამერიკა და საქართველოო. რაც შემეძლო, თავი ავარიდე პასუხს. თქვენი ჯორჯია და ჩვენი ჯორჯია მაინც შეადარეთ ერთმანეთსო. ვუპასუხე: თქვენს ჯორჯიაში ღმერთი ისვენებს და კაცი მუშაობს, ჩვენს ჯორჯიაში ღმერთი მუშაობს და კაცი ისვენებს-მეთქი... იმ დღეს სულ ამ პასუხს ატრიალებდნენ. რომ ჩამოვედი, აქ უკვე ყველამ იცოდა ეს ამბავი... ეს ანეკდოტი იცით? აზერი გაუშვეს ამერიკაში. ჩამოვიდა. ეკითხება რუსი, - რა მოგეწონაო. პასუხობს: ტამ ტაკ ხარაშო ჟივუთ... რუსმა გაუბათილა: ვეზდე ხარაშო, გდე ნას ნეტო! ნუ, პრავილნა! ვეზდე ხარაშო, გდე ვას ნეთო - აზერმა... ეს ხუმრობით, თუმცა არც ისე ხუმრობით...

- ახლა უცხოეთში რას არ ამბობენ საქართველოზე...

- თბილისს ადრე "სახლს სიხარულისას" ეძახდნენ. ჩვენს დროში იქამდე მივედით, უბედურების ზონად გამოგვაცხადეს...

- ზოგადად სიტყვამ დაკარგა ფასი?

- დაკარგა... დრო იყო, "ნიანგში" მოხვედრისა ეშინოდათ... ერთხელ დავბეჭდეთ კარიკატურა: ღიპიანი ინსპექტორი დგას და იქვე გალეული დედაბერი აბალახებს ფერდებჩავარდნილ ძროხას... ქვემოთ ეწერა: - რა არის, აქ რომ მოგიყვანია შენი გაძვალტყავებული ძროხა, სად არის აქ საბალახოო. რა ვიცი, შვილო, შენც ასეთი გამხდარი მოგიყვანეს და ახლა ქე ხარ ბუღასავითო...

მძღოლებს ეს კარიკატურა მანქანებში საქარე მინაზე ჰქონდათ გაკრული. დაგვირეკა შევარდნაძემ - მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. სწყენიათ ძალიან.

ყური შევაჩვიეთ ერთმანეთის გინებას. ხალხს აღარაფრისა რცხვენია.

- სიცილი ყველას თავის ადგილზე აყენებს?

- სიცილი ყოველთვის გაჭირვებული კაცის მხარეზეა...

- ეხუმრებით "ძლიერთა ამა ქვეყნისათა"?

- რატომაც არა! ხუმრობა ისეთი რამაა, რომ მოვა, იტყვი, აბა, რას იზამ!.. ლადო კახაძე რომ დანიშნეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ, მკითხეს, თუ იცნობო... ვინ არის-მეთქი და - გინეკოლოგიაო... პროქტოლოგი უნდა დაენიშნათ, მაინც მაქეთ მიდის საქმე-მეთქი... ხუმრობას არასოდეს ავარიდებ თავს... "სათქმელი უთქმელი არ მწამს"!

- დღევანდელ დღეზე რა გაქვთ სათქმელი?

- დრო აღნიშნეო, გალაკტიონმა... მეც მივყვები დროს. "გათითოკაცება გვაოხერტიალებს,/ ვიცი ამ ცხოვრების მე ავან-ჩავანი,/რაც გაგვყოფს კი არა, რაც გვაერთიანებს,/ ეს არის, ეს არის, ეს არის მთავარი!/ თუ ასე არ ფიქრობ,/ ძალიანაც ცდები,/ ტყუილად გამსარჯე და ტყუილად გაისარჯე,/ შენი გამარჯვებით მე არ დავმარცხდები,/ ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ!" მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. ვხედავ, როგორ მოდის გაზაფხული დაზაფრული იებით, უნდა ვეცადოთ და გავერთიანდეთ...

P.S. თბილისში ახალი ვარსკვლავი გაიხსნა წარწერით "პაემანი ვერაზე"... ეს თბილისელების ვარსკვლავია და მე სიამოვნებით შევცვლიდი ვარსკვლავს გულის ფორმით... რა რთულ დროშიც უნდა ვცხოვრობდეთ, თბილისს თავისი დაუწერელი კანონი აქვს: აქ გა-გული-სებით კი არა, ერთ-გულ-ებით შეიძლება მომავლისკენ სვლა.