"ახალგამოცემული წიგნი ახალშობილი ბავშვივითაა" - კვირის პალიტრა

"ახალგამოცემული წიგნი ახალშობილი ბავშვივითაა"

"ქართული პროზის საგანძურის" მიმართ დაინტერესება ისევ მატულობს. ჟურნალ "გზასთან" ერთად თითო წიგნის უჩვეულოდ იაფად (4 ლარი) შეძენის საშუალებამ ქართველი კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების მრავალტომეულზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა, ამან კი, თავისთავად, ტირაჟის ასევე უჩვეულოდ გაზრდაც მოითხოვა.

თბილისში, ფაქტობრივად, ამ მოცულობის სამუშაოს ოპერატიულად შესრულება შეუძლებელი გახდა და "პალიტრის" მედიასახლს ბეჭდვის დამატებითი სიმძლავრეების გამოძებნა საზღვარგარეთ დასჭირდა. თურქეთიდან, წიგნების დაბეჭდვის შეკვეთის მისაღებად არაერთი სტამბის წარმომადგენელი ჩამოვიდა.

პოლიგრაფიული კომპანია "იმაკის" (სწორედ ეს კომპანია დაბეჭდავს ჩვენი წიგნების დიდ ნაწილს) დირექტორი, ბატონი ილიას კარადემირი საკუთარ ტიპოგრაფიულ საქმიანობაზე, ზოგადად, წიგნის მნიშვნელობასა და ჩვენს პროექტზე "მედია პალიტრის" ოფისში გვესაუბრა.

- გაოცებული ვარ საქართველოში წიგნების ასეთი დიდი ტირაჟებით, - როგორც ჩანს, თქვენთან ძალიან უყვართ კითხვა. ჩვენთვის გამორჩეული პატივია თანამშრომლობა საქართველოსთან, რომელიც ამ თვალსაზრისით სხვა მეზობელ ქვეყნებს უსწრებს კიდეც, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან უმეტესად ხელისუფლება გვიკვეთავს და თანაც მემუარულ, ბიოგრაფიულ წიგნებს და არა - მასის, ხალხის ინტელექტუალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანს.

საქართველოში სულ სხვაგვარადაა: აქ იბეჭდება წიგნები იმისთვის, რომ განათლების დონემ აიწიოს და ადამიანები განვითარდნენ.

- რას იტყვით კონკრეტულად "პალიტრა მედიასთან" თქვენს თანამშრომლობაზე?

- თქვენთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მახარებს. ფაქტობრივად, ეს ჩვენი პირველი სერიოზული პროექტია და ვიმედოვნებ, მომავალშიც განვაგრძობთ ურთიერთობას.

- თქვენი კომპანიის საქმიანობაზეც გვიამბეთ.

- უპირატესად, წიგნებს ვბეჭდავთ. განსაკუთრებულ აქცენტს ინგლისთან, ჰოლანდიასთან, გერმანიასთან, საქართველოსთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან და ტაჯიკეთთან  თანამშრომლობაზე ვაკეთებთ. რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ჩვენი წარმომადგენლობაც გვაქვს გახსნილი.

საქართველოში საკმაოდ ხშირად ჩამოვდივართ, ვამჩნევთ ქართველების წიგნით დაინტერესებას და ვფიქრობთ, ამას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენი ტიპოგრაფია საკმაოდ ხარისხიანია, ევროპის ქვეყნებში ბევრი საერთაშორისო სერტიფიკატიც გვაქვს მიღებული და, ძირითადად, გერმანულ და იაპონურ აპარატურაზე ვბეჭდავთ. ყოველი ახალგამოცემული წიგნი ჩვენთვის ახალშობილი ბავშვივითაა და ძალიან მნიშვნელოვნად და სასიამოვნოდ მიგვაჩნია თუნდაც რაღაც წვლილის შეტანა თქვენს პროექტში.

მით უმეტეს, ვიცით, რომ დიდი წარმატებით მიმდინარეობს, - თქვენი "საგანძურის" ტირაჟი ხომ თურქეთის მასშტაბითაც საკმაოდ სოლიდურია. სულითა და გულით გილოცავთ ამ გამარჯვებას. ერი ხომ თავისი კულტურით ფასდება, თქვენი საქმე კი სწორედ ეროვნულია და საქართველოს, მისი მომავალი თაობის განათლებასა და განვითარებას ემსახურება. ერთი თურქული ხალხური გამონათქვამი გამახსენდა: თუ ვინმეს საკუთარ ნივთს უზიარებ, ორივეს თითო ეგზემპლარი გრჩებათ, თუ სიყვარულსა და პატივისცემას უზიარებ, ეს შეუფასებელია და ყველას გადაედება. თქვენ ხალხს კულტურასა და განათლებას უზიარებთ და ეს მართლაც შეუფასებელია.

KvirisPalitra.Ge13 მაისს ჟურნალ "გზასთან" ერთად მკითხველი "ქართული პროზის საგანძურის" XI ტომად ბევრი ქართველისთვის საყვარელი ადამიანისა და მწერლის, ოტია იოსელიანის ნაწარმოებების კრებულს მიიღებს. სატელეფონო ზარებითა და ინტერნეტგამოკითხვებით აშკარაა, რომ სხვადასხვა თაობის ქართველი მკითხველი მოუთმენლად ელის ბატონი ოტიას წიგნის გამოსვლას. მწერალს წყალტუბოში დავუკავშირდით და "პალიტრის" მედიასახლის ახალ პროექტზე მოსაზრებაც გაგვიზიარა:

- ფასი აქვს ამას ისეთი, რაფერ მოახერხეთ, მე არ ვიცი, - გასაოცარია ჩვენს პირობებში. ამით ხალხი წიგნს მოუბრუნდა. სამ ლარად ყიდით? - აგაშენათ ღმერთმა. ამაზე დიდებულ საქმეს ვინ გააკეთებს! თქვენი საქმე სულიერი შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაა, აგერ მიდევს ახლა მეათე ტომი, დავით კლდიაშვილის ნაწარმოებები და ძალიან მომწონს. გაოცებული ვარ, კაცო, ასეთ გათახსირებულ დროში და გაღატაკებულ ქვეყანაში როგორ შეძელით ის, რომ ადამიანი მოახედეთ წიგნისკენ? ხო იცით, თუ რამე არ მომეწონება, პირში მოგახლით. ძალით კი არ ვამბობ ამას. მომეცით საბაბი, ბატონო, და მე კაის თქმა მირჩევნია ცუდის თქმას, მარა, თუ არ მომეცი ამის საშუალება, გამევიგონო? ან სისულელეებს რომ აკეთებ, გითხრა, კაია-თქვა? მარა, როცა ამის საშუალება მეძლევა, მეც კმაყოფილი ვარ და შენც. ხელში მიჭირავს აგერ წიგნი და სად წოუხვალ ახლა სინამდვილეს?! აგაშენათ ღმერთმა. წარმატებას გისურვებთ.

P.S. 18 მაისიდან, 4 დღის განმავლობაში თბილისში, ფილარმონიაში, ტრადიციული წიგნის ფესტივალი გაიმართება და "პალიტრის" მედიასახლიც საკუთარ გამოცემებს წარმოგიდგენთ. სავარაუდოდ, 19 მაისს წყალტუბოდან ბატონი ოტია იოსელიანიც გვეწვევა ფესტივალზე, ასე რომ, ყველას გელით წიგნის დღესასწაულზე. იმასაც გეტყვით, რომ ვინც "ქართული პროზის საგანძურის" საწყისი ტომების შეძენა ვერ მოასწარით, ამას ფესტივალზე მოახერხებთ.

ირმა ხარშილაძე