"ამაზე გრძელი, ამაზე დიდი... ჯერ არ მინახავს მე მტკვარზე ხიდი!" - კვირის პალიტრა

"ამაზე გრძელი, ამაზე დიდი... ჯერ არ მინახავს მე მტკვარზე ხიდი!"

"ტრაგიკულია ის, რომ ისეთი დიდი ხიდი აშენდა, რომელშიც მთელი ისტორიული თბილისი ჩაეტია და დააკნინა, მოსპო ძველი თბილისის ყველა ღირსება"

თბილისი ყველა ღირსებასა და ნაკლთან ერთად ჭორიკანების დედაქალაქიც არის. რას აღარ გაიგონებთ ეზოებში, სადარბაზოებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ისეთ ჭორს მოისმენთ, ყურები გაგეზრდებათ და ზოგჯერ დაუჯერებელსაც დაიჯერებთ. როგორი წარმოსადგენია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კაბინეტის აივანზე ღია კარში დგას, ხელში პულტი უკავია და თბილისის ანძასა და რიყეზე გადებულ ახალ ხიდზე განათების ეფექტებს მართავს, ანუ ერთობა?! არა, ჭორის დაჯერებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ იმან კი დამაფიქრა, რა შეიძლება იყოს ასეთი ჭორების გამომწვევი მიზეზი? ალბათ, საზოგადოების ერთი ნაწილის გაღიზიანება იმ ხიდის გამო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზია, ზოგმა რატომღაც ვერ მოიწონა. რატომ? - ამ კითხვით რამდენიმე თბილისელს გავესაუბრე ბარათაშვილის ხიდზე.

თამარ აბულაძე: - ლამაზია, მაგრამ ამ ადგილს არ უხდება, ძველი თბილისის ხედები დააუშნოვა. შეიძლებოდა სხვაგან გაეკეთებინათ და არქიტექტორულ ანსამბლშიც კარგად ჩამჯდარიყო.

ვახტანგ ჭარელაშვილი: - ლამაზია, მაგრამ ის კი ვერ გამიგია, ორ ნაბიჯზე რომ ხიდებია, ამის შუაში ჩაკვეხება რაღა საჭირო იყო. თან ამბობენ, ძალიან ძვირი, 13 მილიონი ევრო დაიხარჯა მის აშენებაზეო. ამხელა ფულით რამდენ ბინას უყიდდნენ უამრავ უსახლკაროს, რამდენ სასიკვდილოდ განწირულ ავადმყოფს გადავარჩენდით. თუ ასე უნდოდათ ხიდის გაკეთება, სამანქანო გაეკეთებინათ, გზები მაინც განიტვირთებოდა. თუ შარდენზე ან ერეკლე მეორეს ქუჩაზე მინდა წასვლა, რიყეზე რატომ უნდა გავაჩერო ავტომობილი და ფეხით გადავიდე ხიდზე?

მანია ავეტისოვა: - კარუსელსა ჰგავს. ერთი კარუსელიც ხომ იდგა მანდა, რიყეზე, აიღეს და, ალბათ, ჯართში ჩააბარეს, ნეტა მაგასაც ეგ ბედი ელის?

ხიდის დანიშნულებისა და მისი აშენების იდეის, ასევე რიყის რეკონსტრუქციის პროექტის შესახებ ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფონდის ხელმძღვანელს, სერგო ქავთარაძეს ვესაუბრეთ.

- რიყის ტერიტორიის განაშენიანებაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. საბოლოოდ გადაწყდა, რომ რიყის ტერიტორიის დაახლოებით ათ ჰექტარზე გაშენებულიყო პარკი სასეირნო ბილიკებითა და ღია კაფეებით.

- საზოგადოებრივი კვების ობიექტები, რესტორნები ხომ აქ აქამდეც იყო?

KvirisPalitra.Ge- კაფე-ბარები და რესტორნები განსხვავდება ერთმანეთისგან, ეს იქნება ადგილი, სადაც ადამიანი გაისეირნებს, ნაყინს მიირთმევს. აქ აიკრძალება ავტომანქანების მიმოსვლა. ამისათვის 500 მეტრით დავაგრძელეთ ძველი ავლაბრის გვირაბი, რომელშიც ბარათაშვილის ხიდს გავცდებით თუ არა, მალევე შევალთ. ვისაც მეიდანზე ამოსვლა ენდომება, მეტეხის ხიდთან ამოვა პანდუსით. სატრანსპორტო სქემა, გვირაბის წყალობით, ფაქტობრივად, იგივე რჩება. პარკთან ერთად მოცეკვავე შადრევანი იქნება. მის უკან დიდი ეკრანი დაიდგმება. რიყის პარკსა და ერეკლეს ქუჩას ეს ჩვენი ე.წ. მშვიდობის ხიდი დააკავშირებს.

- რატომ მშვიდობის?

- ალბათ, ეს არქიტექტორს უნდა ჰკითხოთ, მიკელე დე ლუკის. საავტორო უფლებები მას ეკუთვნის და ნამდვილად არ ვიცი, რატომ დაარქვა ეს სახელი.

- მისი ნახვა სად შეიძლება?

- მილანში.

- აქ წარმომადგენელი არა ჰყავს?

- ოფისი არა აქვს, მაგრამ ხშირად ჩამოდის.

- რა ჯდება ეს პროექტი?

- ხიდი 12 მილიონ-ნახევარი ლარი დაჯდა. რიყის რეკონსტრუქციაზე გახარჯულ თანხას კი ზუსტად ბოლოს დავიანგარიშებთ.

- მაინცდამაინც იტალიელი არქიტექტორი რატომ შეირჩა ხიდის დიზაინერად, ტენდერი ან კონკურსი გქონდათ?

- ტენდერი და კონკურსი არ გამოცხადებულა, ამის უფლება კანონით გვაქვს. მიკელე დე ლუკისთვის ეს არ არის პირველი პროექტი, მისი შემოქმედებაა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციისაც. როგორც ვიცი, ბათუმშიც მუშაობს რამდენიმე პროექტზე.

განათების პროექტი ფრანგი დიზაინერის, ფილიპ მარტინოს გაკეთებულია. მანვე გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ანძის განათება. ხიდის გასანათებლად გამოყენებულია თანამედროვე განათების მეთოდი - ელიდი, რომელიც ძალიან ცოტა ელექტროენერგიას ხარჯავს, თვეში დაახლოებით 500-600 ლარი ჯდება(?!).

ხიდის ამ მონაკვეთზე აშენებას მიუღებლად მიიჩნევს არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი:

- ხიდის აგება იქ, სადაც არ არის საჭირო, გადაყრილ ფულს ნიშნავს. 400 მეტრში ორი ხიდია, რომლებიც ქალაქის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთებს ტრანსპორტითა და ფეხით სავალი გზით ერთმანეთთან აკავშირებს. მათ შუა კეთდება ხიდი, რომელიც ერთ მხარეს ებჯინება ბარათაშვილის აღმართის კედელს, ანუ არსად არ მიჰყავხარ, და მეორე მხარეს - განაშენიანებას, სადაც ქუჩის სიგანე ანჩისხატსა და სიონს შორის მონაკვეთში 4-5 მეტრსაც არ აღემატება. აქედან გამომდინარე, ამ ხიდის აშენების აუცილებლობა არ არსებობდა, მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ესეც არ არის.

ტრაგიკულია ის, რომ ისეთი დიდი ხიდი აშენდა, რომელშიც მთელი ისტორიული თბილისი ჩაეტია და დააკნინა, მოსპო ძველი თბილისის ყველა ღირსება. ისტორიული ქალაქი არის ფანტასტიკური შერწყმა ლანდშაფტის მხატვრული მნიშვნელობისა და მასში ჩასმული ადამიანის ხელოვნური ქმნილებებისა. ამას ჰქვია არქიტექტურა და მშენებლობა. ნარიყალა თავისი ეკლესიით, მარცხენა მხარეს - მეტეხის პლატო თავისი ეკლესიით, აქეთ - სიონი, ანჩისხატი, უკანა ხედზე რამდენიმე გუმბათითა და ისტორიული განაშენიანებით, - ყველაფერი ეს ამ ხიდის ერთ მალში ეტევა. ეს არის ქალაქის კულტურული ღირებულებების წინაშე ჩადენილი დანაშაული. მშენებლობა რომ დაიწყო, ამ საკითხზე რამდენჯერმე დავწერე სტატია, მაგრამ ყური არავინ მათხოვა.

- სად უფრო მართებული იქნებოდა ამ ხიდის გაკეთება?

- მტკვარზე საცალფეხო ხიდი არსად არ გვჭირდება, რამდენიმე ავტოსატრანსპორტო ხიდია საჭირო, რადგან განივი კავშირები ძალიან სუსტი გვაქვს. თუკი ქალაქს ჰქონდა შესაძლებლობა, ხიდი აეშენებინა, რაღა იქ ააშენეს, სადაც საჭირო არ იყო, სადაც მხოლოდ და მხოლოდ დისონანსს შეიტანდა და დააუშნოებდა ქალაქის არქიტექტურას? არ ჯობდა ხიდი იქ აგვეშენებინა, სადაც მართლაც გვჭირდებოდა? ლაგუნა ვერესთან, სატივეზე გაეკეთებინათ. ორძაფიანი ხიდის წყალობით დიდუბის ხიდიდან ორთაჭალჰესამდე ორივე სანაპიროს ცალმხრივ მოძრაობაზე გადავიყვანდით. ეს მთლიანად განტვირთავდა საცობებს, რომლებიც ყოველდღიურად იქმნება მაგ მონაკვეთებზე.

მე ამას სალაღობო ხიდს ვეძახი. ვიღაცამ თავის გასართობად აიშენა. ამ ქალაქის მმართველები ის ხალხია, ვინც თავის ხოშზე მართავს ქალაქს. ქალაქს არ გააჩნია გენერალური გეგმა. ასეთი გენგეგმა ჯერ კიდევ ერეკლე მეორის დროს ჰქონდა თბილისს. გენერალური გეგმა ქალაქის კონსტიტუციაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქის მმართველი, ვინც უნდა იყოს ის, ვალდებულია ყველა ღონისძიებას ქალაქში ამ გენერალური გეგმის შესაბამისად უხელმძღვანელოს.

ქალაქის გენგეგმა არ არის ერთი არქიტექტორის ნაფიქრალის შედეგად მიღებული პროდუქცია. ქალაქის გენგეგმა და განვითარების კონცეფცია დგება ყველა დარგის ინსტიტუტის აქტიური მუშაობის შედეგად და მას არქიტექტორები კომპოზიციურ ერთობაში აქცევენ. გამოაცხადეს, გვაქვს გენგეგმაო, მაგრამ ტყუილია, გვაქვს მიწათსარგებლობის გეგმა, რომელიც ძალიან აწყობდათ და იმიტომ მიიღეს, რადგან ეს იძლევა საშუალებას, დაადგინო, სად რა მიწაა გასხვისებული. რა თქმა უნდა, მიწათსარგებლობის გეგმა უნდა ჰქონდეს ქალაქს, მაგრამ ის იქმნება ქალაქის პერსპექტიული განვითარებისა და გენგეგმის საფუძველზე და არა პირიქით.

ქაოსი ჰქვია იმას, დღეს რომ გაასხვისებ ტერიტორიას და ხვალ კი აღმოჩნდება, რომ იმ ადგილზე სატრანსპორტო კვანძი უნდა შეიქმნას, ან რომელიმე ღონისძიებაა ჩასატარებელი და რას ვიზამთ, ხელახლა დავიწყებთ ნგრევას?