წიგნის ფესტივალი 2010 და "პალიტრა L"-ის "ლიტერატურული ტუსაღები" - კვირის პალიტრა

წიგნის ფესტივალი 2010 და "პალიტრა L"-ის "ლიტერატურული ტუსაღები"

- შეხვალთ კარცერში?!

- სხვა რა გზაა, შევალ, - ამბობს და მიღიმის.

- პირველი პატიმრობაა?

- პირველია!

- კარგი, აი, მანდ დაბრძანდით და აირჩიეთ, კარცერში შესვლამდე ხელზე ნომერს აკრავენ. რას წაიკითხავთ?

ტუსაღი #47 მორჩილად მიდის მითითებული ადგილისკენ, ჯდება, 10-წუთიან ქვიშის საათსაც ამოატრიალებს და კითხვას იწყებს: "დილის ექვსი საათი შესრულდა თუ არა, იმ სასტუმროს წინ, რომელშიაც მე წინა ღამეს ჩამოვხტი, რუსის პირდაუბანელმა და თავდაუვარცხნელმა "იამშჩიკმა" ფოშტის პოვოსკა მოაყენა"...

კარცერთან, რომელიც უბრალოდ კარცერი კი არა, "კარცერ-ლუქსია", ხალხი მატულობს.

- აქ რა ხდება? - კითხულობს ერთი.

- ნებით დაიტუსაღეთ თავი, სულ ათი წუთით, ხმამაღლა წაიკითხეთ ქართული ლიტერატურიდან თქვენთვის სასურველი ფრაგმენტი და მერე საჩუქრად სასურველი წიგნიც აირჩიეთ, - პასუხობენ.

გაღიმებული "სატუსაღეები", ზოგი "მისალოცი" და ზოგიც უკვე დიდი ხნის მკითხველი ანუ "დალოცვილი", თავის რიგს ელოდება...

- "მისალოცი" რა არის? - შემომცინა კუდრაჭა გოგომ...

" - ააა, მივხვდი, თქვენ ბეტანკურიანი რომანი არ წაგიკითხავთ, არა, ხომ?

- არა, - მივუგე, - ბოლოს და ბოლოს თქვენ შეგიძლიათ პასუხი რომ გამცეთ კითხვებზე?

- სიამოვნებით, სიამოვნებით... ბოდიში და არც ანსელმოიანი რომანი? ლიოსასი, მარიო ვარგასის...

- ა... არა...

- და... კორტასარი?

- ეე.... არა...

მეგონა, გამკიცხავდა, მაგრამ შურით ამათვალიერა:

- ბედნიერი კაცი ყოფილხართ!

- რატომ?

- რატომ და წინ ისეთი დიდი ბედნიერება გელით, მე კი ეს ბედნიერება უკვე გავლილი მაქვს. ეეჰ...

- რა ბედნიერება?

- პირველად წაკითხვის"...

და ვისაც პირველად წაკითხვის ბედნიერება წინ აქვს, ყველა "მისალოცია"...

გოგონა მიცინის, ფიქრობს, რომ ვხუმრობ... მერე "პალიტრა L"-ის გამოცემული ქართული პროზის საგანძურისკენ გაურბის თვალი:

- რომ წავიკითხო, მართლა მაჩუქებენ? - წიგნზე მიმითითებს.

- გაჩუქებენ, ცხადია!

და ვიდრე ნებით ტუსაღები საჩუქრებს არჩევდნენ, თქვენ რომ არ გეგონოთ ეს რეპორტაჟი რომელიმე ფილმის გადასაღები მოედნიდანაა, გეტყვით: ეს ყველაფერი წიგნის ფესტივალზე ხდებოდა.

და კიდევ, იქ სამი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ მოდიოდა მკითხველთა არმია (ღმერთმა ამრავლოს), იმართებოდა პრეზენტაციები, ხვდებოდნენ მწერლებს, ათვალიერებდნენ და ყიდულობდნენ საქართველოს სხვადასხვა გამომცემლობის მიერ წარმოდგენილ წიგნებს.

- საოცარი საქმე გაკეთდა, ჟურნალ "გზასთან" ერთად გამოსული ქართული პროზა ნამდვილი ხსნაა ჩვენთვის - პედაგოგებისათვის, - მეუბნება ქალბატონი ლუიზა ზაქარაია, რომელიც უკვე "ნატუსაღარია" და ხელში ნაჩუქარი წიგნიც უჭირავს: - ჯერ ერთი, ძალიან იაფია, და რაც მთავარია, სერიულად წარმოდგენილმა მე-20 საუკუნის ქართულმა მწერლობამ მასწავლებლებს მუშაობაც გაგვიადვილა.... ახლა მოსწავლეებიც ახერხებენ მათ შეძენას. მართლა საერო საქმეა...

- მე საბავშვო წიგნები ვიყიდე, - საუბარში ჩაერთო თამაზ ილურიძე, - არაჩვეულებრივი გამოცემებია, ამ წიგნებით შევაყვარე კითხვა ჩემს ურჩ შვილებს, - მეუბნება და რაინდებზე გამოცემულ ფერად წიგნს მიჩვენებს.

ამასობაში ახალი წიგნის პრეზენტაციის დროც დგება და ფოიეში ჩავდივართ. ეს "ლიტერატურულ პალიტრაში" გამოქვეყნებული საუკეთესო მოთხრობების კრებულია. 39 ქართველი ავტორის 39 რჩეულ მოთხრობას ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა. მას მერე, რაც საგანგებოდ მომზადებულ ბანერზე ყველა ავტორმა თავისი ავტოგრაფი დატოვა, მკითხველები მოდიოდნენ და ფოტოებს იღებდნენ. წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნება, როცა 20 ან თუნდაც 30 წლის მერე ამ ფოტოს დახედავ, მერე კი შვილს თუ შვილიშვილს აუხსნი:

- 2010 წელს წიგნის ფესტივალზე ვიყავი... მაშინ ესა და ის ავტორი, ახლა საქვეყნოდ აღიარებული, სულ ახალგაზრდა იყო: აი, ნახე, მისი ხელმოწერაც ჩანს ფოტოზე...

იქვე ახლოს კი პატარა სკივრი დგას, სადაც მკითხველები შევსებულ ბარათებს ყრიან - "50 წიგნი, რომელიც სიცოცხლეში უნდა წაიკითხო".

ხალხი მატულობს... სუნთქვა ჭირს... ვინ თქვა, საქართველოში წიგნს მკითხველი და დამფასებელი არ ჰყავსო?

ცოტა ხნის წინ რეზო ჭეიშვილიც ასე ფიქრობდა, ამბობდა,  - ახლა წიგნი რომ აჩუქო ვინმეს, სადმე შემოდებს, არავინ დაინახოს და არ შევრცხვეო... არა და, არ ყოფილა ასე:

- მეგონა, მართლა აღარავის არაფრის წაკითხვა უნდოდა, მაგრამ ჟურნალ "გზასთან" ერთად გამოსულმა პროზამ დამარწმუნა: მკითხველი არსებობს. მთელი ტირაჟი გაიყიდა...

ასეა, ბატონო რეზო, ხშირად ფასი აფერხებს "დალოცვილ" მკითხველს და რა ქნას!

- ფასი, ბატონებო, მთავარია! თუ ვერ ვიყიდე, რაც გინდა, ის გამოეცი! - კლიმტის ალბომს შლის ნუგზარ მამნიაშვილი, - რაც ეს სერია გამოვიდა, ოცნება ავისრულე, ალბომების კოლექციას ვაგროვებ.

მალე "კარცერ-ლუქსის" პოპულარობა ფესტივალის ფარგლებს იქითაც ვრცელდება. ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნებით მოდიან უსინათლოები, რომ თავადაც გახდნენ "ლიტერატურული ტუსაღები". "კარცერ-ლუქსს" 148 "ტუსაღი" ეწვია. მსურველი გაცილებით მეტი იყო, დრო იყო ცოტა... ხალხმრავლობისგან ლამის თავბრუდახვეულს თითქოს შორიდან ჩამესმის ტუსაღი #52-ის ხმა...

"- ბედნიერი ხართ?

- გააჩნია იმ დღეს როგორი ავტორი შემხვდება", - კითხულობდა თავაუწევლად "ტუსაღი" "კარცერ-ლუქსში".

წიგნის ფესტივალზე მოსულ უამრავ ადამიანს თვალი მოვავლე: ბედნიერები! რა ავტორებს ხვდებიან?!.