მტკვარზე ჩაწერილი ამბები, ანუ ვინ როგორ უყურებს ცხოვრებას - კვირის პალიტრა

მტკვარზე ჩაწერილი ამბები, ანუ ვინ როგორ უყურებს ცხოვრებას

მთელი დღის შრომით დაღლილს საღამოს აღარაფრის თავი არ გაქვს, გარდა იმისა, საკუთარი სახლის კარზე ზარი დარეკო, შინაც ერთი-ორი ნერვების ასაშლელი ამბავი მოისმინო ტელევიზიით და დაიძინო?..

მეც ზუსტად ასე ვარ. და მაინც, ყოველ დილით ყველაფერს თავიდან ვიწყებ. ცხოვრება მაინც კარგია. იქაც კი, სადაც ყველაზე ნაკლებად ელი, რომ კარგი იყოს. მაგალითად, ამ გაზაფხულზე მტკვრის ნაპირზე ჩაგივლიათ? იქ, სადაც "მალიარები" და "სვარშჩიკები" არიან გამოფენილი, ცოტა ქვემოთ კი "პივისტები" ლუდს სვამენ...

- ხელოსანს ეძებ, ქალბატონო? ჩემზე უკეთესს ვერ იპოვი ელიავაზე. "სვარშჩიკი" გინდა? ვარ!  "მალიარი" გინდა - ვარ! "ციკლოვშჩიკი" გინდა? წამო, ჩემს გაკეთებულ ციკლოვკას გაჩვენებ... მერე აღარ გეიხედავ სხვისკენ!

- სად მეპატიჟები? გამიშვი, თუ კაცი ხარ...

- კი გაგიშვებ, ქალბატონო, მარა რომ არ მემეტები? ან წამიყვანე, ან დანა მეიტანე და კისერი მომჭერი!..

- რა იყო? მე მაბამ, თუ სამუშაოს ეძებ!

- გლახა ბიჭი ვარ, თუ?

- იქნება გლახა არ ხარ, მაგრამ მასე თუ ელაპარაკე "კლიენტს", დააფრთხობ!

KvirisPalitra.Ge- რა ვქნა, ქალბატონო, თუ არ ვიხუმრე, ხო გედვირიე მთელი დღე სარივით დაყუდებული. ისე, ვინ გამოგგზავნა ამ ჟულიკებში, კაცი არ გყავს შინ?

- ეგ არ არის შენი საქმე!.. რა მოგივიდათ ამ ჭიათურელებს და საჩხერელებს, სულ საქირაოდ რომ დადიხართ?

- რას გვიწუნებ, ქალბატონო, ოქროს ხელი გვაქვს!

- იმდენი თქვენ რა გითხრათ!

- მტოვებ, ქალბატონო? ტრასაზე მაინც გადაგაცილებ! - მეხვეწება ჭიათურელი და ტრასაზე გიჟივით შემოვარდნილ მანქანებს "საბუთს" უძრობს, - გაჩერდითო! ისინიც, ჩემდა გასაკვირად, ჩერდებიან! ვუყურებ, - ადამისა და ევას დროინდელი კომკავშირელის ბილეთი უჭირავს: - რა იყო, ქალბატონო, დედაჩემს შეუნახია. წამევიღე და კი გამომადგა. აქანე იმისთანები დადიან, რამე თუ არ დაანახე, გზას ვინ დაგითმობს! მარა ეგ ამბავი მარტო მე ვიცი და ე, იმ კაცმა, "პოლის ჯოხებს" რომ ყიდის.

- რომ გაგცეს?

- ეე, ეგერაა გორაზე და ჰკითხე, თან "პოლის ჯოხი"  თუ გინდა, სწორედ მაგასთან გირჩევ იყიდო.

* * *

მე კი "პოლის ჯოხი" ნამდვილად მინდა.

- რა ღირს "პოლის ჯოხი", ბატონო?

- ...

- როგორ ყიდით "პოლის ჯოხს", ბატონო?

-...

- რა გაყვირებთ, ქალბატონო, 55 წელიწადია ყრუ-მუნჯია მაი კაცი და ახლა ამეიდგამს ენას?! დოუქნიე ხელი და ჩამოვა! - ვეცოდები "პერაშკების" გამყიდველს. მეც ხელს ვუქნევ, ჩამოდის და ათ თითს მიშლის.

- ხომ არ გაგიჟდა!.. "პოლის ჯოხს" ყიდის, ოქროს ხომ არა! - ვბრაზობ მე. გაბრაზება მასე არ უნდაო და "პერაშკებიანიც" ფეთქდება: - რა გიკვირს, ქალბატონო? ათ მაგდონს, ეგერ, პივნოია ქვემოთ, იქინე ერთ ცალ ტარანაში და ბოთლ პივაში იხდის ხალხი და მაინცდამაინც "პოლის ჯოხების" ფასი გაგიკვირდა? ვერ უყურებ, ცხოვრებას?!

* * *

KvirisPalitra.Geმეც ვუყურებ...

- აი, მესმის სტუმარი!.. დაგვილიე, ერთი ჭიქა, ქალბატონო, - მტკვრის მოაჯირზე შემომჯდარი "პივისტი" პლასტმასის ჭიქას გულმოდგინედ ფერთხავს და ტარანის ფხებს ერთი ხელის მოსმით მტკვარში ყრის.

- სიცოცხლე კი არ მომძულებია... ვერ ხედავ, მტკვარი რას მიშლიგინობს? - ვუარობ მე.

- ნუ გეშინია, კარგად ვცურავ, ქალბატონო, - მამშვიდებს "პივისტი" და ტარანის ნაგლეჯს მაწვდის, თან პლასტმასის ჭიქაში ლუდს მისხამს.

- ლუდით სადღეგრძელოებს რომ არ ამბობენ?

- ნუ იტყვით, გულში გაიფიქრეთ.

- არა, ვიტყვი... ვინც ცუდი თვალით შემოგვხედავს, იმას გაუმარჯოს.

- შენ გენაცვალე... თუ დარდი შემოგაწვება, აი, აქ უნდა მოხვიდე, ერთი ჭიქა დალიო და მტკვარს უყურო...

- ნიკოლოზ ბარათაშვილივით?

- ეგ ვინ იყო? მაგრამ ვინც იყო, მაგას ვენაცვალე, მტკვარი ჰყვარებია.

P.S. ცხოვრებაც უყვარდა... ისე, როგორც ჩვენ. ამიტომ რაც უნდა მძიმე იყოს, ცხოვრებას გაუმარჯოს. ეგ არის, იქიდან უნდა შეხედო, საიდანაც უფრო ლამაზი ჩანს.

ნანა რამიშვილი