ხმაურიანი დუმილი
31-05-2010
ხუთშაბათს, ჟურნალ "გზასთან" ერთად, მკითხველი "ქართული პროზის საგანძურის" კიდევ ერთ ტომს მიიღებს - არჩილ სულაკაურის მოთხრობებს. "კვირის პალიტრა" რეგულარულად შემოგთავაზებთ წერილებს იმ მწერლებზე, რომლებთან შეხვედრაც გელით. ახლა კი სულ რამდენიმე შტრიხი არჩილ სულაკაურზე.

ეს მისი პიროვნების ირგვლივ, რათა გაცილებით სახიერი გახდეს, ვინ იყო მწერალი არჩილ სულაკაური...

მწერალთან მთავარი შეხვედრა კი "ქართული პროზის საგანძურის" მომდევნო, მე-14 ტომში გელოდებათ.

80-იან წლებში ქართველ მწერალთა დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა - მწერალთა კავშირის ყრილობაზე. ერთ-ერთი სხდომისას  
ტრიბუნაზე რასპუტინი ავიდა და ქართველების ლანძღვა-გინება დაიწყო: "ქართველი ავადმყოფი ერია, მას უნდა ვუმკურნალოთო"... დარბაზი დუმდა. ტრიბუნაზე არავინ შერხეულა. უცებ დარბაზიდან მოულოდნელად ფეხზე წამოიჭრა მწერალი და ძალიან ხმამაღლა დაიძახა: "რასპუტინ, შენ კაცთმოძულე და ფაშისტი ხარ"!

80-იანი წლები იყო და არა 30-იანი და 50-იანი, რომ სიტყვისთვის, გვარისა
თუ გამოხედვისათვის ვინმესთვის შორეულ აღმოსავლეთში ეკრათ თავი, მაგრამ მაინც შიშის უხილავმა ფრინველმა გადაუფრინა გარინდებულ მწერლებს. სისხლი გაეყინათ დიდი რუსეთისაგან შევიწროებული პატარა ქვეყნების შვილებს და ვიდრე  რაიმეს მოიფიქრებდნენ, ის ერთი არ ცხრებოდა: "პროტესტის ნიშნად ვტოვებ დარბაზს!.." ის ერთი, ქართველი მწერალი - არჩილ სულაკაური იყო. სხვა ქართველებიც დგებიან. ზოგი თამამად, ზოგიც ცოტა უხერხულად მიჰყვება კოლეგას უკან. დგებიან ბალტიისპირელი მწერლებიც...

საერთოდ, ძალიან ჩუმი კაცი იყო. შეეძლო საათობით მჯდარიყო და სიჩუმისთვის ესმინა. ისიც შეეძლო, თანამოსაუბრისათვის სიჩუმის მთელი ხიბლი დაენახებინა, ამიტომ ხშირად ხდებოდა - იჯდა ახლობლის პირისპირ და ხმას არ იღებდა, რაც უნდა დიდხანს გაგრძელებულიყო დუმილი, არც მოწყენა ჩნდებოდა, არც უხერხულობა. "სიჩუმე ერთადერთი არის მუსიკა, განთიადისას რომ მომიხმობს ოქროს ბუკივით", - წერდა.

ვინ იცის, რაზე ფიქრობდა ხოლმე "სიჩუმის მუსიკის" მოსმენისას. ერთზე კი უეჭველად იფიქრებდა: "ნაწილ-ნაწილ გაიყიდა საქართველო მთლიანად, თავის დედაბუდიანად, კაციან-ქალიანად, გაიყიდა ჩალის ფასად, წარსულმომავლიანად"... 1994 წელი იდგა და დაზამთრულ სულს აღარაფერი ათბობდა.

დუმილისას იქნებ მამაც ახსენდებოდა, რომელიც "სამანელების საქმის" გამო დააპატიმრეს და 10 წლით გადასახლება მიუსაჯეს. არჩილი მე-7 კლასელი თუ იქნებოდა მაშინ. რატომღაც კა-გე-ბეში წაიყვანეს და ნაწამები, დასისხლიანებული მამა აჩვენეს... ეს, ალბათ,  იმიტომ, მამასაც გახეთქოდა გული შვილის სულიერი ტკივილის შემხედვარეს და შვილსაც აღარასოდეს გაებედა ფიქრი სამშობლოზე, თავისუფლებაზე... ერთადერთს მიაღწიეს, - სამუდამოდ შეიძულა ბავშვმა ოფიციალური სტრუქტურები, კა-გე-ბე... ამ ყველაფერს იხსენებს მწერალი ვალერიან სულაკაური, არჩილ სულაკაურის ბიძაშვილი და სევდა ეძალება:

"ბიძაჩემი გადასახლებული რომ იყო, თბილისში ვსწავლობდი. როგორც კი თავისუფალი დრო გამიჩნდებოდა, არჩილთან მივდიოდი, რიყეზე ცხოვრობდნენ. ერთ დღესაც დამხვდა: მამა დაბრუნდაო. თბილისში ცხოვრების უფლება არ მისცეს, ან რუსთავში უნდა ეცხოვრა, ან თელავში. მერე გაჩნდა შესაძლებლობა დაბრუნებულიყო თბილისში და დაბრუნდა, მუშაობაც დაიწყო... არჩილმა დაწერა "აბელის დაბრუნება", - ეს მამამისის დაბრუნება იყო.

ხანგრძლივი დუმილისას მეგობრებზე ფიქრობდა არჩილ სულაკაური. მეგობრები კი ნელ-ნელა მიიკრიფნენ, დაცოტავდნენ, ამაოდ საძებარნი გახდნენ რეალურ სამყაროში.

"დაბორიალებს მთვრალი ლანდი თამბაქოს ბოლით / და ალკოჰოლით გაბრუებულ ინტერიერში, / მაგიდებშორის დადის, დადის, / დაბინდულ მზერით ეძებს მეგობრებს / და ვერ პოულობს. / ვერც იპოვის, რადგან ისინი, / დიდი ხანია, სხვაგან, / ჩრდილების ქვეყანაში გადასახლდნენ / და დაიმკვიდრეს სამკვიდრებელი... / მათ ალბათ უკვირთ, რომ არ ვეძებ / იქ, სადაც წესით უნდა ვეძებდე" ("კაფე "თბილისის" ნოსტალგია").

გიგი სულაკაური, მწერალი, არჩილ სულაკაურის შვილი: "ერთ დღეს დიდხანს ვისხედით "მნათობში". არ ვიყავით გუნებაზე, ოტია პაჭკორია ახალი გარდაცვლილი იყო.

- წამო, თითო ჭიქა დავლიოთ, - მითხრა არჩილმა.

კაფე "თბილისში" გადავედით. ჩვენდა ბედად, სულ 2-3 მაგიდა აღმოჩნდა დაკავებული. ჩუმად ვსვამდით.

- იცი, ამათ ადგილზე რას ვიზამდი, - თქვა არჩილმა (კაფეს ადმინისტრაცია იგულისხმა), - ამ კედელს დავაწერდი: აქ უყვარდა მოსვლა ედიშერ ყიფიანს, თამაზ მელიავას, გურამ ასათიანს, სარგის ცაიშვილს და სხვა ბიჭებსაც... და ოტია პაჭკორიას, - ბოლო სახელი ხაზგასმით წარმოთქვა, - ამქვეყნად არსებობს ასეთი ტრადიციაც...

ახლა, ხანი რომ გამოხდა და "თბილისთან" ჩავივლი ხოლმე, ვფიქრობ:
- უკვე არჩილს, უკვე არჩილსაც უყვარდა-მეთქი".
mzia
08 ივნისი 2010 00:29
ლამაზი და სუფთა სულის ადამიანი იყო და ლექსებიც ასეთვე ჰქონდა.
ხანდახან ვფიქრობ, რა უხმაუროდ, არა, რა უმადურად ვისტუმრებთ ასეთ განძივით ადამიანებს იმქვეყნად? სიცოცხლეშივე რომ მოვეფეროთ, გვარიშვილობას წაგვართმევენ?
მაგრამ მართალი იყო კ. გ. როცა მათრახივით სიტყვები უძღვნა ჩვენს ამ ნაკლს: "ქართველები ჩვენს სიმცირეს მივტიროდით ოდითგან, მაგრამ თუ ........"
მართლაც ასეა.
ერთი და ორი ჟურნალისტის მცდელობა ვერ ცვლის ვერაფერს ამ კუთხით.
კომუნისტებს ლანძღავენ, არადა კომუნისტების დროს ბევრად მეტი სითბო, ბევრად მეტი სიყვარული ჰქონდათ ნიჭიერ და წესიერ ქართველებს მთავრობის მხრიდანაც და საზოგადოების მხრიდანაც
ნათელი დაადგეთ არჩილ სულაკაურისთანა სუფთა სულებს.......
lilia
31 მაისი 2010 13:09
ძალიან კარგი სტატიაა და სევდიანი...

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?