"ბედნიერების ფორმულა" ბავშვებისათვის - კვირის პალიტრა

"ბედნიერების ფორმულა" ბავშვებისათვის

კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია მედიასახლ "პალიტრისაგან"

დღე გამორჩეულად ლამაზი და შთამბეჭდავი იყო ყველა იმ ბავშვისათვის, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L "-ისა და მედიასახლ "კვირის პალიტრის" მიერ ჩატარებულ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა.

აქცია პატარა მხატვრების კონკურსით გაიხსნა. კონკურსის სპონსორებს იქ მყოფი არც ერთი ბავშვი უკმაყოფილო არ დაუტოვებიათ. თუმცა  გამორჩეული საჩუქრები მაინც გამარჯვებულებს ერგოთ. გამოფენა-გაყიდვაზე ბავშვებს ულამაზესი და საინტერესო წიგნები, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, მაღაზია "ბიბლუსმა" შესთავაზა.…

პატარები უყურადღებოდ არც ინტერნეტპორტალმა "ამბები. გე"-მ დატოვა, რომელიც ნოემბრის შემდეგ ატარებს ფოტოკონკურსს - "ბავშვები ამბებზე".

KvirisPalitra.Geკონკურსში გამარჯვებულებს დაურიგეს 50-ლარიანი ბარათი, რომლითაც მათ მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" შეუძლიათ წიგნების შეძენა. "წლის ბავშვის" ტიტული მიენიჭა ქეთი კაკაშვილს - დაბადების დღეს ის გასართობ ცენტრ "ბაო-ბაბში" გადაიხდის.

თამარ ბირკაძე - "მედია პალიტრის" ბრენდმენეჯერი: -  ამბები.გე-ზე ფოტოკონკურსი ნოემბრიდან დაიწყო. მასში მშობლები ძალზე აქტიურად მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები ბავშვთა დაცვის დღეს გამოვავლინეთ. გამარჯვება ხმების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული, ამიტომ "მედია პალიტრამ" და ამბები.გე-მ გადაწყვიტეს თავიანთი ფავორიტი აერჩიათ და ისიც დაესაჩუქრებინათ. მედიასახლის რჩეული პატარა ნიაკოა, რომელიც ველოსიპედით დაჯილდოვდება.

ირმა ბაქრაძე - "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელის მენეჯერი: - ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ბავშვები რაღაცით გაგვეხარებინა და "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში პატარ-პატარა სიურპრიზები მოვუწყვეთ. ხატვაში გამარჯვებულებს - აკვარელები, სახატავი რვეულები, კალენდრები, ჟურნალები დავურიგეთ, საუკეთესო ნამუშევრებს კი ჟურნალ "კარუსელში" გამოვაქვეყნებთ. გამარჯვებულებისთვის პრიზები დააწესა კომპანია "ბარამბომაც", დარწმუნებული ვარ, მათი საჩუქრები ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონებათ.

P.S.  "იმისათვის, რომ კარგ ადამიანებად აღიზარდონ, ბავშვებს  უბრალოდ, ბედნიერება უნდა ვაჩუქოთ!" - წერდა ოსკარ უაილდი. მედიასახლ "პალიტრის" მიერ გამართული აქციის დროს ძალიან ბევრი ბავშვი ჩანდა უბრალოდ, ბედნიერი! ეს კი ცოტას ნამდვილად არ ნიშნავს!