საუკუნის მტვერში ჩაკარგული სიყვარულის ისტორიები - კვირის პალიტრა

საუკუნის მტვერში ჩაკარგული სიყვარულის ისტორიები

გარშემო ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, ვერც კი ამჩნევ, რადგან შენც მასთან ერთად იცვლები. ერთ მშვენიერ დღეს კი მიხვდები, რომ დაიღალე და სიმშვიდე გჭირდება.

ასეთ დროს მიდიხარ იქ, სადაც ძველ ნივთებს მარადიულობისა და სიყვარულის სურნელი ასდით და იმაზე გიყვებიან, რომ თუ არა სიყვარული, ცხოვრებას ვერავინ ვერასოდეს გაუძლებდა.

ქუჩის კუთხეში მიმალულ ანტიკვარიატის მაღაზიაში ქალბატონები მშვიდად წმენდენ  საუკუნეების მტვერს და ძველ ნივთებში ჩატოვებული სიყვარულის ამბები მზის სინათლეზე გამოაქვთ, როგორც მარადიული სიცოცხლის სხივი.

- როგორ თქვით? შემოსვლისთანავე ეს ცისფერი ჭაღი მომხვდა თვალშიო? შეამჩნევდით აბა რა... ორი საუკუნის წინანდელი ვენეციური მინაა. ჩვენთან როგორ მოხვდა? მოხუცმა ქალბატონმა მოიტანა: ამაში ჩემი წარსულია, არაფრით გავყიდდი, ავად რომ არ ვიყოო.

KvirisPalitra.Geამის პირველი პატრონი ფრანგი ვაჭარი ყოფილა, - იშვიათი ცისფერი მინა მამასისხლად უყიდია და მაშინ დიდი იუველირისთვის, გარდნერისთვის მიუტანია ჩამოსასხმელად, -  ისეთი რამ შექმენი, რომ იმ ქალმა, ვისთვისაც მინდა, თვალი ვერ მოსწყვიტოსო. იუველირს ჭაღი ჩამოუსხამს...

მაგრამ ვაჭარმა, რომელსაც ყველაფრის ყიდვა შეეძლო, სიყვარულის ყიდვა ვერ შეძლო -  მშვენიერმა ბარონესამ გაუძლო ჭაღის მაცდუნებელ ციალს და საკუთარი მუსიკის მასწავლებლისთვის რომ დაემტკიცებინა, - ისე მიყვარხარ, ჩემთვის საჩუქრები არაფერს ნიშნავსო, - ჭაღი მის თვალწინ გადაულოცა მოახლეს. მოახლე ამ საჩუქარმა ბედნიერ საცოლედ აქცია, - რუს ოფიცერს შეუყვარდა და ჭაღიანად წაიყვანა რუსეთში.

იქ კი, როცა რევოლუციამ ზარ-ზეიმით დაამხო იმპერატორი და მისი ოფიცერიც, მათი ქალიშვილი  საქართველოში პროლეტარმა რევოლუციონერმა წამოიყვანა. ცისფერმა ჭაღმა კი პროლეტარული ბინა დაამშვენა თბილისში. და რადგან დრონი მეფობენ და არა მეფენი, ის ახლა იმათ სახლს დაამშვენებს, ვინც მას შეიძენს. სიყვარული კი, რომელსაც ფული ვერ მოერია, მასში დარჩება...

...ქართველი თავადის სიყვარული შემოუნახავს ვარდისკოკრიან ლარნაკს.  ეს სიყვარული იქ დაიწყო, სადაც მან, იმპერატორის მამაცმა ოფიცერმა სისხლის ტბა დააყენა, - თურქეთში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს. სწორედ იქ აჩეხა ოფიცერმა თურქი ბეი და ხმალშემართული შევარდა მის სასახლეში.

იქ კი მხოლოდ პირქვედამხობილი ნორჩი ასული დახვდა, რომელიც  სიმწრით იგლეჯდა თმას, -ისეთი მშვენიერი იყო, რომ მამაცი ოფიცერი იქვე დაეცა მუხლებზე - მენდე და არაფერს დაგიშავებო.

KvirisPalitra.Geიმ უბედურსაც სხვა რა გზა ჰქონდა - ენდო და გამოჰყვა, ოღონდ ზღვის შუაგულამდე - იქ გადაეშვა წყალში და ქართველ თავადს თავისი თავი სიზმრად დაუტოვა, - ისე, როგორც ვარდისკოკრიანი ლარნაკი, რომელიც თავადმა ამ ვარსკვლავივით ჩამქრალი სიყვარულის ნიშნად გააკეთებინა და მუდამ წინ ედგა...

...ამურებიან ლარნაკს კი გიმნაზიელი ქალის სიყვარული შემოუნახავს, - ქალს საფრანგეთში სასწავლებლად წასული ჭაბუკი ჰყვარებია - გლეხის გვარისა, მაგრამ იმდენად კარგი,  სხვა ქალიც ყოფილა მისი სიყვარულით გზაარეული.

იმ ქალს შეუთვლია გიმნაზიელისთვის, - შენმა საქმრომ ფრანგი ქალი შეირთო ცოლადო. ამის გაგონებაზე გიმნაზიელს ჯერ გული წასვლია, მერე დაუფიცია, - ამიერიდან ის ჩემთვის მკვდარიაო და გათხოვილა!

ამურებიანი ლარნაკი კი იმ ჭაბუკს გამოუგზავნია საფრანგეთიდან და უცოლშვილოდ გადაგებულა...

ლარნაკში კი, როგორც მტვერი საუკუნოვან ნივთებზე, სიყვარულის მარადიულობა ჩარჩენილა, რომელიც დროის ცვალებადობაში გაბედნიერებს და გამშვიდებს.

ნანა რამიშვილი