ხიდია თუ გვირაბია?! - კვირის პალიტრა

ხიდია თუ გვირაბია?!

აშენდა შენი გამკეთებელი!  - ამაში გიხდით ხალხი ფულს?!

"გმირთა მოედნის ვარამის" დაბეჭდვის შემდეგ რედაქციაში უამრავი წერილი-საჩივარი შემოვიდა. თბილისელები გულისტკივილს ვერ მალავენ. განსაკუთრებით გზებზე გადებულ საცალფეხო ხიდებზე გამოთქვამენ საყვედურს.

"გვინდა თქვენი გაზეთის მეშვეობით თბილისის მერს მივმართოთ. ბატონო გიგი, წინასაარჩევნოდ თონე, ავტოგასამართი სადგური, მაღაზია - თითქმის არაფერი დაგრჩა უნახავი. დალოცვილო, ერთი ამ საცალფეხო ხიდზეც გასულიყავი, გენახა, რა არაპრაქტიკულია - ბოლოებგახსნილი სარკოფაგებივით დგას ქუჩებზე აქეთ-იქით მიბრეცილ-მობრეცილი კიბეებით. თბილისი, რომელიც უძველესი დროიდან ცნობილი იყო ულამაზესი კიბეებით, მოაჯირებითა და ხიდებით, ახლა ასეთმა უსახურმა ქმნილებებმა დაამახინჯა. დიახ, დაამახინჯა. აბა, რა დანიშნულება აქვს? ვითომ ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებაზე იზრუნეთ? ეგ როგორ? ამდენი საფეხურის ავლა ხომ დიდსა და პატარას უჭირს? ვინც გაბედა და აიარა, ლამის გული საგულედან ამოუვარდა.

KvirisPalitra.Geჰო, ამაზე გამახსენდა, როგორც ჩანს, მართალია, ხალხი რომ ამბობს, ეს ხიდები სარეკლამო ბილბორდების გასაკრავად გადეს გზებზეო. თუ ასე იყო, გაგედოთ დიდი რკინა და მიგეკრათ აქეთ-იქიდან ბილბორდები, ამას უფრო აიტანდა თბილისის ისედაც ვიწრო ქუჩები. რისთვის დახარჯეთ ამდენი ფული? თუ მაინცდამაინც ხიდები გინდოდათ, ხომ შეიძლებოდა, გაგეკეთებინათ შემინული პატარა ხიდები, რომელთაც ღია აივნების ფორმა ექნებოდა და მეტ ლაზათს შემატებდა ჩვენს ქუჩებს. მინა გაქვთ ძნელად საშოვნელი? ამბობენ, რომელიღაც ჩინოსნის მინის ბიზნესის გამო მთელ თბილისს მინაში ჩასმას უპირებენო. ბარემ ქალაქს სახელიც გადაარქვით და უწოდეთ "სტეკლოტარა" (როგორც ქუთაისში ჰქვია ერთ უბანს, რადგან ერთ-ერთ ქუჩაზე მინის მწარმოებელი ქარხანა იდგა).

დარწმუნებული ვართ, მინის დიზაინზე გადარეული არქიტექტორის ნახვაც არ გაგიჭირდებოდათ. პრეზიდენტის პატივსაცემად ერთ-ორ ნათურასაც მივამაგრებდით, სარეკლამო ბოლბორდებსაც გამოვაკრავდით და ყველას კეთილად მოვხვდებოდით თვალში. იტყოდა კაცი, აშენდა შენი გამკეთებელიო. ახლა კი ხიდების მოპირდაპირე საცხოვრებელი კორპუსებიდან ფანჯარაში გამოიხედავს თუ არა ვინმე, ყველა მათი გამკეთებლის ლანძღვაშია.

გალანძღავენ, აბა, რას იზამენ, გარეთ რომ 30 გრადუსია, ხიდზე ათი გრადუსით მეტია, ირგვლივ შემოკრული თუნუქის ფურცლები ისე ხურდება, თონეში გეგონება თავი. აბა, წარმოიდგინეთ, მოხუცი ქალი, რომელსაც ვენები აწუხებს, გული უფრიალებს და ხშირად მაღალი წნევა აქვს, როგორღაც რომ აბობღდება კიბის გროვაზე, გვირაბში ფეხს შედგამს და დაეტაკება ცხელი ალი, ხომ შეუღონდება გული? ვის მოეთხოვება პასუხი?

წინასაარჩევნოდ რიყეზე რომ გაქანდით იმ ლამაზ ხიდზე, ერთი წამით მაინც დაფიქრებულიყავით, რამხელა ზარალი მოაქვს თითოეულ არაპრაქტიკულ ნაბიჯს. ეგ ფერიასავით ხიდიც ხომ სალანძღავი გახადეთ იმის გამო, რომ უადგილოდ ჩააკვეხეთ მტკვარზე. ქალაქი დაამახინჯეთ, შნო და ლაზათი დაუკარგეთ. ამაში გიხდით ხალხი ფულს?

პატივისცემით, ელენე სარალიძე, ერთგული მკითხველი"