აუდიობიბლიის პრეზენტაცია "ბიბლუსში" - კვირის პალიტრა

აუდიობიბლიის პრეზენტაცია "ბიბლუსში"

წიგნის მაღაზია "ბიბლუსში" ბიბლიის აუდიოვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნებით სავსე პატარა სივრცეში უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. ერმა ქვეშეცნეულად მაინც იცის:

როცა საქმე ბიბლიის წაკითხვას, გაცნობას ეხება, მისი ყოფნა-არყოფნისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ეს პროექტი, მნიშვნელობით, ერთ-ერთი უდიდესია XXI საუკუნეში. ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის კურთხევითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა. ბიბლიის ტექსტს მსახიობი გოგი ხარაბაძე კითხულობს, კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი გახლავთ, მხატვარი - კოტე ჯაფარიძე, პროექტის პროდიუსერები არიან: თამარ ცაგარეიშვილი და გიორგი ხარაბაძე-უმცროსი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და საზოგადოების ცნობილი მოღვაწეები.

მეუფე თეოდორემ დალოცა შემოქმედებითი ჯგუფი და პრეზენტაციაზე მობრძანებული სტუმრები, სრულიად საქართველო: «მინდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადმოგცეთ. თითოეული ჩვენგანის ვალია, ყოველ ადამიანთან მივიტანოთ ღვთის სიტყვა. ვისაც არ შეუძლია წაიკითხოს ბიბლია, დაე, მოისმინოს და მასში აღიძრას სურვილი ღვთის ძიებისა. გისურვებთ, ეძიოთ უფალი და იპოვოთ».

უფლის ძიება - ჩვენი მიწიერი ცხოვრების დედააზრია. ვიღაც უფრო იოლად მიდის საუფლო გზაზე, ვიღაცას მეტად უჭირს, შეიძლება ჯერ ბიბლია არც გადაუშლია. ღმერთს კი ყველა ვუყვარვართ. ამიტომ, მისი წყალობით, ახლა ბიბლიის მოსმენაა შესაძლებელი. წინ უდიდესი სიამოვნებაა - ბიბლია ხომ ყველაფერს აერთიანებს - სიბრძნეს, სახიერებას, მუსიკას, სულიერებას.

ნოდარ მამისაშვილი: - როცა წმინდა სამების ზარები ჩემი გამოთვლით ჩამოასხეს, რათა მათ ქართული ჟღერადობა ჰქონოდა, მივხვდი, კიდევ რაღაც უნდა გამეკეთებინა. უფლის წყალობით, ეს ბიბლიას დაუკავშირდა. ბიბლიას არ სჭირდება მუსიკალური გაფორმება, თვითონ არის მუსიკა.

გოგი ხარაბაძე: - მინდა ამ წიგნის სამყაროდან მადლობა ვუთხრა პატრიარქს - უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს იმ დიდი დახმარებისთვის, რაც სამი წლის განმავლობაში გაგვიწია. აუდიობიბლიის შექმნისთვის ლოცვა-კურთხევა სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველში მოგვცა და დასძინა, - ღმერთმა შეგაძლებინოთო. მადლობა უფალს, რომ შევძელით. მადლობა იმ ქართველს, რომელიც ამას აიღებს და მოუსმენს. როცა საქართველო ბოროტისა და კეთილის ასპარეზია, ბიბლიაზე უკეთესი ფარი და მახვილი არ არსებობს.

არ გაქვს ფარი? არ დაბრკოლდე, ბიბლია ხომ შენთანაა... მახვილი გადაგიმსხვრია მომხდურმა? მერე რა! ბიბლიას ვერც ერთი მტერი ვერ გაანადგურებს. სულ ცოტაა საჭირო: წიგნის მაღაზიის კარი უნდა შეაღო და ეს დიდი წიგნი, ან მისი აუდიოვერსია შეიძინო.

მარიკა ლორთქიფანიძე, ისტორიკოსი: - საღვთო წერილი ქართული კულტურის სახეა. ნიკო ბერძენიშვილი ამბობდა: საქართველო დგას სამ საყრდენზე: საღვთო წერილზე, "ვეფხისტყაოსანსა" და "ქართლის ცხოვრებაზე". როგორც ისტორიკოსი, «ქართლის ცხოვრებაზე» ვფიქრობ. იქნებ ამისი აუდიოვერისაც ჩაიწეროს. ცხადია, ჩაიწერება... ამისი პირობა "ბიბლუსშივე" მიიღო ქალბატონმა მარიკამ...