ქუჩის პატარა ანგელოზები - კვირის პალიტრა

ქუჩის პატარა ანგელოზები

"მე ის ქვეყანა შემირცხვენია, სადაც ჩვილი ბავშვები ქუჩაში იზრდებიან!"

- ცოტა ფული არ გაქვს? - მეკითხება მშვიდად და იმწამსვე ხელსაც მიწვდის. ისე მოულოდნელად, რომ ფეხი მეკვრება - მაღაზიაში ვაპირებდი შესვლას და ვეღარ შევდივარ.

სწორედ მის შესასვლელში ზის სკამზე, კალთაში ჩვილი უზის და ისე შემომყურებს, თვალს ვერ ვაშორებ - თავადაც ხომ ლამაზია და კალთაში რომ ჩვილი უზის, კიდევ უფრო ლამაზი. პატარა ისე მიცინის, მოდი და ნუ შეხედავ: ფაფის ბოთლი ჩაუბღუჯავს, ასწევს თავს და ჯერ მე გამიცინებს, მერე ბოთლს პირში იტაკებს, მაგრამ შიგ აღარაფერია და ტირილს იწყებს. ჩანთაში ვიწყებ ქექვას. თან ფულს ვეძებ და თან ვბრაზდები:

- რატომ უნდა იზრდებოდეს პატარა ანგელოზი ქუჩაში? ამ ფულით დედამისი შევა აფთიაქში, იყიდის პამპერსსა და ფაფას. ფაფას ბოთლში ჩაყრის, იქვე ონკანიდან მოშვებულ წყალს დაასხამს და მზად ექნება. პამპერსის გამოცვლას კიდევ რაღა უნდა - პატარაც დაიძინებს და აღარ შეაწუხებს! მაგრამ სანამ დაიძინებს, მისი ეშმაკუნა თვალები ადგილზე გვატყვევებს:

ჩემ უკან რომ კაცია, იმის უკან რომ ქალი მოდის - იმასაც! ყველანი ჩანთებში ვიქექებით, თან ნერვები გვეშლება და თან პატარას დედას ფულს ვუყრით კალთაში. თუმცა რომელიღაც ჩვენგანი მაინც ვერ ითმენს:

- ბავშვს რა უნდა ამ პაპანაქებაში, ჭუჭყსა და უბედურებაში?

- მაგ ქალმა აქ ორი ბავშვი გაზარდა, ვიწვებით მაგ ბავშვის ცოდვით, - პასუხობს მოლარე და ცელოფანის პარკში გულმოსული უყრის ნავაჭრს, - მე ის ქვეყანა შემირცხვენია, სადაც ჩვილი ბავშვები ქუჩაში იზრდებიან!

- ქვეყანასთან რა გინდა, შვილო, სახელმწიფოს დაანებებს ეგ ქალი ახლა შვილს? - გულწრფელად უკვირს იმ კაცს...

მე მრცხვენია და მეშინია - ნამდვილად ვერ წაართმევს და ეს პატარაც ქუჩაში გაიზრდება. ასე შეინახავს დედას, მამას, ბებიას, ბაბუას... მერე გათხოვდება, ეყოლება ბავშვი, ჩაისვამს კალთაში და დაჯდება რომელიმე მაღაზიის წინ ან გზაჯვარედინზე...

და ასე გაგრძელდება უსასრულოდ...

და ჩვენ, ვინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად ქვეყნის მომავალზე ვკამათობთ, ისევე ჩავუვლით გვერდით, როგორც დღეს...