"ასეთი გალახული საქართველო რომ არ მენახა, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი" - კვირის პალიტრა

"ასეთი გალახული საქართველო რომ არ მენახა, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი"

საოცარი სილამაზე დააბერტყა თბილისს გამჩენმა. დროის მანქანაში უმშვენიერესი პეიზაჟები ისახება ქალაქის ნებისმიერი უბნიდან: მთაზე მერცხლის ბუდესავით შეფენილი აივნიანი სახლები, ქვაფენილით მოკირწყლული ძველი ქალაქის ქუჩები, ფაეტონი, კონკა და იქვე ბებერი მეარღნე, "აჩაინი სონას" რომ ატრიალებს არხეინად...

დრო-ჟამმა თავისი გაიტანა, კონკაც წარსულს ჩაჰბარდა, ტრამვაიც, "აჩაინი სონამაც" მოგჭამათ ჭირი, თუმცა, მაინც დარჩა დიდი ნოსტალგია იმ ქალაქისა, რომლის სავიზიტო ბარათი ნაღდი, ადამიანური ურთიერთობები იყო. თბილისის ფენომენს სწორედ ის ურთიერთობები ქმნიდა, დღეს რომ საარაკოდ ჰყვებიან ჩვენი წინაპრები...

ძველი თბილისის შესანიშნავი მემატიანე, მწერალი გიზო ნიშნიანიძე გახლავთ ერთ-ერთი, ვინც დიდი რუდუნებით უგალობა მშობლიურ ქალაქს. ბატონ გიზოს მეიდანზე შევხვდით, იმ ადგილას, რომელსაც მსოფლიო ისტორიაში ანალოგი არ გააჩნია. ამ პატარა მიწაზე რამდენიმე ათეული საუკუნის განმავლობაში ერთად, მშვიდობიანად ცხოვრობენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები.

"თბილისელობა ნაციონალობაა"

გოგლა ლეონიძე ამბობდა, თბილისელობა ნაციონალობააო. სხვათა შორის, ეს მარტო ჩვენს ქვეყანას არ ახასიათებს, მაგალითად, მარსელელი არასდროს იტყვის, რომ ფრანგია, ის იტყვის, რომ მარსელელია. მე როცა უცხოეთში მეკითხებიან, სადაური ვარ, ვპასუხობ, რომ ვარ ქართველი.

როცა საქართველოში მისვამენ ამ კითხვას, ვპასუხობ, რომ ვარ თბილისელი, როცა თბილისში მეკითხებიან, სადაური ვარ, ვეუბნები რომ იმერელი ვარ. იმერეთში თუ ვინმე დამისვამს ამ კითხვას, ვუპასუხებ, რომ ოკრიბელი ვარ. თბილისში თუ ისევ გამიმეორებენ, სადაური ხარო, ვეტყვი, რომ ვერელი ვარ...

"ასეთ სალამს მარტო ღმერთებს აძლევდნენ"

ყველა ქუჩას და უბანს თავისი პეწი აქვს. უბნელებს ვცნობ ლაპარაკზე, მიხრა-მოხრაზე. იყო ალეკო დვალი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი კრივში. ისეთი სიარული იცოდა, ყველასგან გამოარჩევდი... მუხლებში კი არ დადიოდა, კოჭებში დადიოდა. ამას ჩასპანდურ სიარულს ვუძახდით. თავისი ეშხი ჰქონდა, ვინ როგორ დადიოდა... იყო ჩვენი მასწავლებელი მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ფრანგიშვილი, ისეთი სალმის მოცემა იცოდა, ასეთ სალამს ღმერთებს აძლევენ. მოუწესრიგებლები თუ ვიყავით, მიგლეჯილ-მოგლეჯილები, თავი წესრიგში მოგვყავდა, რომ კარგი სალამი მიგვეღო.

თბილისს "სახლი სიხარულისა" ერქვა, ძალიან გამიხარდა, ეს რომ  წავიკითხე. აღმოსავლურ სამყაროში, ორიენტალისტიკაში სახლი სიხარულისა რომ დაგარქვან, მართლა უნდა ღირდეს ეს ქალაქი სიხარულად. არადა, ახლა ისეთი დრო დაგვიდგა, ჩრდილოეთ კავკასიაში კინაღამ უბედურების ზონად გამოგვაცხადეს.

როგორ უნდა იცნო თბილისელი

მახსოვს, "პაემანი ვერაზე" რომ გავაკეთე, ჩემზე უფრო ხნიერმა და ძველმა გამაჩერა და მითხრა, შენ გიზო არა ხარ, ნიშნიანიძეო, რა კარგი პაემანი გააკეთეო. თუ იცი, როგორ უნდა იცნო თბილისელიო. ლაპარაკით და სიტყვა-პასუხით ვიცნობ-მეთქი, - ვუპასუხე. არა, ეგრე არაო. თბილისელი თუ გინდა იცნო, მაჯაზე მოჰკიდე ხელი და თბილისი უხსენეო. მაჯა თუ აუჩქარდა, თბილისელი იქნებაო.

ერთხელ ერთმა ჩამოსულმა კაცმა თბილისის სადღეგრძელო დალია, - ჩვენს თავშესაფარს გაუმარჯოსო. სხვანაირი მეტაფორა ვერ მოუგონა. სომეხმა უთხრა, შენ რა, ზონტიკის სადღეგრძელოს ხომ არ სვამო... ვიტალი კოროტიჩს აქვს ნათქვამი: "როცა თვალებს იფშვნიტავსო მზე, თბილისი მესიზმრებაო მე..." ანდა გალაკტიონის ლექსი რად ღირს: "და თუ ქრისტემ გალილეა აირჩია, მე თბილისი ავირჩიე ბებერი." თბილისს უხდება სიბერე და თბილისელი კაცი სხვანაირად ბერდება, აზრიანად, დაშხოშიანად, როგორც იტყვიან...

"მაუზერისტი" და ქურთი ადო

როცა მეკითხებიან, როდის იგრძენი თავი კაცადო, მენტალური მომენტი მაქვს მხედველობაში და არა ფიზიოლოგიური, ვპასუხობ, მაშინ ვიგრძენი, როცა "მაუზერისტების" რევოლუციის თაობის ერთ-ერთმა ტიპმა დედაჩემის ალუბლის ლიქიორი ამოიღო მიზანში. იქ ერთმა ჩემი ხნის 15-16 წლის ბიჭმა ხელი აუკრა რევოლვერზე და უთხრა, აქ ჩვენი ძმაკაცი ცხოვრობს და არ ისროლოო. მაშინ მივხვდი, რომ დაიწყო ჩემი კაცად აღიარების მომენტი.

მახსოვს ვერაზე ქურთი მეკურტნე ადო, როიალი ჰქონდა მოკიდებული, მოსკოვის ქუჩიდან (ახლანდელი ლეონიძის ქუჩა) ზემელისკენ მიდიოდა, ლამაზი ქალი თუ შეხვდებოდა გზად, ტვირთს შეაბრუნებდა, გზას დაუთმობდა... ამის მომსწრემ, აბა, მითხარით, რა უნდა ვუთხრა იმ უზრდელ ხალხს, სოკოებივით რომ ამოსულან თბილისის ქუჩებში? მედარდება, ქურთი ადოს ზრდილობა წარსულს რომ ჩაჰბარდა...

ცუდს კარგი დაერქვა, კარგს - ცუდი

ისე შეიცვალა თვალსა და ხელს შუა დრო, რომ ცუდს კარგი დაერქვა და კარგს - ცუდი. მე არც შევადარებ ამ ცხოვრებას იმ ცხოვრებას. მე იმ ცხოვრებამ გამხადა პოეტი. 53 წლის ვიყავი, ლექსი რომ პირველად დავწერე. ლექსი იმ მარადიულ ფასეულობებზე ვწერე, რასაც თბილისი ჰქვია. ამ დროზე მე ლექსს ვერ დავწერ...

ერთ ამბავს გავიხსენებ: დიდ ქართველ ფსიქიატრ ბატონ ავლიპ ზურაბაშვილთან ბებიას შვილიშვილი მიუყვანია, ისეთი ბიჭი, თურმე ავ თვალს არ ენახვებოდა. რა გაწუხებთ, ქალბატონოო, - უკითხავს ბატონ ავლიპს.

რა მაწუხებს და, აი, ეს დევივით ბიჭი ობლობაში გავზარდე, ეს კი ამხანაგებზეა გადაყოლილი, უკანასკნელი ლუკმა რომ ჰქონდეს, იმასაც ამხანაგს მისცემსო. ბატონ ავლიპს თავი გადაუქნევია, - რას ამბობთ, რას ამბობთო, სხვას რას იტყვითო. სხვა რაღა გითხრათ, ისე ჯანმრთელიაო.

შენა, ბიჭო, შენ რაღა გაწუხებსო, ახლა შვილიშვილს მიჰბრუნებია ბატონი ავლიპი. მე მარტო ის მაწუხებს, რომ ბებიაჩემი წუხსო. ბატონი ავლიპი ამდგარა, მამაშვილურად გადაუკოცნია "პაციენტი" და უთქვამს: შენ გაიხარე, შვილო, კაცი შენა ყოფილხარ, კარგი ბიჭი ხარ, ბებიაშენი რომ მომიყვანე სამკურნალოდო.

ჩვენს დროს ასეთი დაუწერელი კანონი იყო: მე შენთვის - შენ ჩვენთვის. მერე შეიცვალა: შენ შენთვის - მე  ჩემთვის. ახლა უარესიცაა: შენც ჩემთვის და მეც ჩემთვისო... როგორ გინდა შეეთვისო. ამგვარმა მენტალიტეტმა გადააგვარა ჭეშმარიტი ფასეულობები...

"გოდერძი ჩოხელი დარდებს აგროვებდა..."

ქვეყანას გოდერძი ჩოხელისთანა კაცი რომ მოუკვდება, იქ ვერ არის კარგად საქმე. რაც უნდა ილაპარაკონ, რომ კარგადა ვართ და ჩვენზე ბედნიერი არავინ არის, რაც უნდა იძახონ, რომ წაგებული მოგებულია, არავინ ჭამს... ასეთი გალახული საქართველო რომ არ მენახა, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი. გოდერძი ჩოხელი ვახსენე, საოცრად მტკივა გული, როგორ ვერ გავიცანი, კაცი დარდებს აგროვებდა, მეც იმისთვის ვმუშაობ, რომ დარდები შევაგროვო, ჩემი ერთ-ერთი დარდი ის არის, რომ გოდერძის ვერ ვუპატრონე. მე მაქვს ერთი ლექსი:

"აღარაფრის დარდი აღარ მაწუხებს,

დავეხსენი ამ ცხოვრების მარწუხებს,

უდარდელის მარიფათიც გაჩვენე,

რაღას ვუცდი? ისევ, დარდი მაჩერებს..."

P.S. ბატონი გიზოს დარდები ჩემთვისაც გადამდები აღმოჩნდა, თბილისურმა ნოსტალგიამ, წარსულის ულამაზესი ეპიზოდების გახსენებამ კიდევ უფრო გაგვიძლიერა ემოციური მუხტი, მდუმარედ გამოვუყევით ლესელიძის ქუჩას, ფიქრი ვერ ეშვებოდა 40-იანი წლების თბილისის სურათებს. მერე ისევ დავიწყეთ საუბარი...

რაღა არ გავიხსენეთ: ნიკალა ფიროსმანი, იეთიმ-გურჯი, არუთინა საიათნოვა, "გუტენ მორგენ გურგენა", ამერიკა, აფრიკა, ჟანგიანი რაფიკა თავისი პორნოსეანსების გრაფიკით... სევდიანი მირაჟის ფონზე ღიმილნარევი სიხარულით ვიგონებდით სხვა კიდევ უამრავ ამბავს... ბოლოს ჩვენი შეხვედრა დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო... პირველი სადღეგრძელო დარდადქცეული თბილისისა ვთქვით...

მამუკა ნაცვალაძე