დღისით, მზისით ვიღაც მგლის ლეკვს დაატარებდა - კვირის პალიტრა

დღისით, მზისით ვიღაც მგლის ლეკვს დაატარებდა

დღისით, მზისით, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე მგლის ლეკვი ვნახე. დედაქალაქს ბუღი ასდიოდა, ის კი კანკალებდა და პაწია შავ დრუნჩზე ბავშვივით ჩამოსდიოდა ცინგლი.

მოვეფერე, თავიდან არ გაჭრა ალერსმა, დამფრთხალი მათვალიერებდა. მერე პაწია ცხვირი მომიტანა სახესთან და ალოკვაც კი დამიპირა. შემეცოდა, თვე-ნახევრამდე ასაკის იქნებოდა. დედას ახალმოწყვეტილი, დაობლებული. ვიღაც მონადირეს მოუკლავს ძუ მგელი და ლეკვი თან წამოუყვანია გასაყიდად. ვერ გაუყიდია და უცხოსთვის უჩუქებია.

მგლის ლეკვებზე დიდი მოთხოვნაა. ამაში იოლად დარწმუნდებით, თუ ინტერნეტსაიტებზე ფლორა-ფაუნის სექციებს გადაავლებთ თვალს. "ვყიდი ან ვიყიდი მგლის ლეკვს", - იუწყება განცხადებები. ფასები ასიდან სამას დოლარამდე მერყეობს. ჩვენებური მგელი იაფი ღირს, უფრო ჩრდილოურის ლეკვებს აქვს ფასი. არ ვიცი, ნამდვილად შემოჰყავთ თუ შემოყვანილად ასაღებენ, მაგრამ ზოგიერთი განცხადება იუწყება, რომ იყიდება ალასკური მგლის ლეკვი.

ვის რად უნდა? ზოგს უბრალოდ ახირება აქვს და მგლის გაძაღლება სურს, ზოგიც სანახაობისთვის ყიდულობს, ძირითადად, პერიფერიებში რესტორნების მეპატრონეები. ჰგონიათ, გალიაში გამომწყვდეული, გასაცოდავებული და დათრგუნვილი მგელი მუშტარს მოიზიდავს. ყიდულობენ საწყალ პაწია ლეკვებს, გალიასაც თოთოობიდან აჩვევენ და ასაკის მატებასთან ერთად კბილებს აცლიან, საშიში რომ აღარ იყოს. ერთ დღესაც, სანახაობისთვის უვარგისი რომ გახდება, მოკლავენ ან ძაღლებს მიუგდებენ და...

მგლის ლეკვს "შავლეგო" დავარქვი. პატრონსაც ვთხოვე, ასე დაუძახე-მეთქი. კარგი რა, სახელი დავუძახო არა, ერთი თვე მეყოლება, ბავშვებს გავართობ და მერე მოვიშორებო. უსიამოდ გამაჟრჟოლა, მყისვე გამიელვა თავში, ნეტავ რა ელის ამ უბედურს, რესტორნის მეპატრონისგან კბილების დაძრობა თუ ზოოპარკი? გნებავთ, ახლავე დაგაკავშირებთ ზოოპარკის დირექტორს, მგლის ლეკვის დაბინავებაში დაგეხმარებათ-მეთქი, შევთავაზე ლეკვის დახმარებამოწადინებულმა. ვნახოთ, ვნახოთ, თვითონ მოვიფიქრებთ რამესო, უხეშად მომიშორა თავიდან ახალგაზრდამ და მგლის ლეკვი ხელიდან ამართვა. ისიც ისევ აკანკალდა.

იქნებ ახლა ვინმე გამიბრაზდეს და თქვას,  სოფლებს შემოსეული მგლები გვჭამენ და შენ რა ლეკვების დაცვა აგიტყდაო. იქნებ, რასაც ვთესავთ, იმას ვიმკით?! ჯერ იყო და, ბრაკონიერობამ გაწყვიტა ტყეებში მგლის სარჩო... ლადო ჭინჭარაულის ლექსი გამახსენდა: ,,ზამთარი იდგა მთაში და ხევებში ქარი ღმუოდა. დაობლებული მგლის ლეკვი ბრაზმორეული ყმუოდა მამიკლეს მშობელ ტივლებმა, კაცმა და მისმა მურიამ.

გამჩენის სისხლს არ შავარჩენ, შურისძიება მწყურია! მეც იმის კვალზე გავყვები; არც მე მოვიბამ საბელსა! კაც ფეხქვეშ არ გავეგები, არ ვიზამ არა საქნელსა!"

აგრესია აგრესიას შობსო, იქნებ მგლებიც ამან გადარია. ამბობენ, ყმუილით უშორეს მანძილზე გადასცემენ ინფორმაციასო. ვინ იცის, ეგებ გალიებში გამოკეტილი მგლებიც გადასცემენ ინფორმაციას ტყეში დარჩენილ მოძმეებს. გამწარებულ მგელს კი საშინელი შურისძიება სცოდნია.

ისე, რა გული უნდა გქონდეს, რომ თუ თავს არ გესხმის, ლეკვს დედა მოუკლა. პატარები თურმე მხოლოდ ორი-სამი თვის შემდეგ ითვლებიან მოზრდილებად და ამ დროისთვის შეუძლიათ ბუნაგის დატოვება. იწყებენ ხეტიალს თავიანთ ხროვასთან ერთად. ლეკვები მშობლებთან რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობენ და თანდათან სწავლობენ მგლობას, როგორ, სად და რაზე ინადირონ. მხოლოდ ზრდასრულები ცდილობენ საკუთარი ხროვების შექმნას.

"ნუთუ არ შეიძლება, რომ გარემოს დაცვის ინსპექციამ და სამინისტრომ ამ პრობლემას მიხედონ? მცხეთის რესტორნებთან გამობმული კბილებდაძრობილი მგლები და დათვები ჩვენი უკულტურობის ნიშანია, სხვა თუ არაფერი. სირცხვილია," - წერენ ერთ-ერთ ინტერნეტფორუმზე. ვაი, რომ მხოლოდ მცხეთის რესტორნებთან არ ხდება ასეთი ფაქტები.

ნეტავ, სად არის ახლა "შავლეგო"?