ბუღი ასდის ქალაქს - კვირის პალიტრა

ბუღი ასდის ქალაქს

თბილისში ისე ცხელა, ქუჩის ცუგოებს კუდის გაქნევა ეზარებათ. ქალაქს მოივლით და ერთი მურიაც არ შეგხვდებათ - შეურგავთ სადღაც ჩრდილებში თავი და თავისთვის ქშინავენ!

აბა, რა ქნან - ეს გულმოდგინედ გადაბელილი ჭადრები იზრდებიან, იზრდებიან და დღემდე ვერ გაიზარდნენ. მაგრამ ჩვენც ხომ მოფარებულში ვერ შევრგავთ თავს, გვინდა თუ არა, საქმე გვაქვს და უნდა ვიაროთ.

მით უფრო, რომ ზაფხულს ისეთი ამბები აქვს, მსგავსი  ზამთრობით ვერაფრით ვერ მოხდება. არა გჯერათ? მოდი, დაიხურეთ ქუდი, გაიკეთეთ სათვალე და გადით ქუჩაში. გეზარებათ? მაშინ მე გამომყევით, არ ინანებთ!

რა მისი ბრალია!

- ამ ბიჭს ხედავთ? ხედავთ, რაღა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ისე მოექეცით, თითქოს ვერც ამჩნევთ. ხომ ხედავთ, თავადაც რცხვენია, აუფარებია თვალებზე ხელი და რაც ძალი და ღონე აქვს, ღრიალებს.

მართალია, წელს ქვემოთ ყველაფერი უჩანს, შარვალი დედიკომ ჩაუწია და ფეხებთან, ასფალტზე უგდია, მაგრამ, მთავარია, თვითონ ხომ აქვს თვალებზე ხელი აფარებული! ჰოდა, ვითომ ჩვენც ვერ ვხედავთ.

ისიც ხომ იცით, რომ გაეპარა! გაეპარა და რა მისი ბრალია! აბა, ასე რომ ცხელა, რა ექნა, არ დაელია ლიმონათი, "კოკა-კოლა"? ჰოდა, სვა, სვა და აგე, მანქანიდან ჩამოიყვანეს...

ფიქრობთ, როგორ შეიძლება ასე ბავშვის გაჭყეპვაო, ხომ?

თორემ თქვენ არ იჭყიპებით!

KvirisPalitra.Ge- ღიპი დამალე, ღიპი!

აი, თუ არ იჭყიპებით!

ბოლომდე დაცალე ეგ ბოთლი, ხომ? შეგერგოს! ამ სიცხეში აბა, რა უნდა ქნა, უნდა დალიო, მაშ (ღვინოცაო? კი, ბატონო, ოღონდ, ზომიერად)! მაგრამ კიდევ იცით, რა უნდა ქნათ? ღიპი უნდა დაიფაროთ, უეჭველად!

ვითომ რათა? სხვას რომ არ შეეშინდეს - ბევრი რომ ვსვა, მეც ამისთანა ღიპი გამიჩნდებაო. რაო, რა ბრძანეთ, ამ პაპანაქებაში რა ჭკუა მომეკითხებაო? მგონი, მართალი ხართ...

KvirisPalitra.Geადექი, ადექი!

აბა, ჭკუა რომ მოეკითხებოდეს, ეს ახლა, სკვერში წამოგორდებოდა ასე ჩაცმულ-დახურული?

"დაკრულში" ხარ თუ "გადაკრულში"? სადმე სავსე შადრევანთან მაინც დაწოლილიყავი, რომ გაიღვიძებდი, გულს გაუხარდებოდა!

თუ კაცი ხარ, მზემ არ დაგკრას და ცოლ-შვილი არ დაღუპო! არ მყავსო? მაგ ჭკუის პატრონს რა ცოლ-შვილი გაგიჩერდებოდა!

არა, ვერაფრით დაგტოვებ, ადექი, კაცო! შენ გძინავს და ქვეყანა კიდევ შენდება!

KvirisPalitra.Geმიდი, პავლე!

არ გჯერა? არც თქვენ? პავლეს კი სჯერა. რომელ პავლეს? იმას, საზამთროები რომ მოჰყავს კახეთში და მტერს თვალს უყენებს. დახე, რა უქნია!

"ცხელი საზამთროები" რომ ვერ გაუყიდია, როგორც საზამთროები "შაქმნა", საზამთროების აუზიც ისე "შაუქმნია".

იფ, იფ, უყურე შენ პავლეს! ამდგარა, უნათხოვრებია მაცივარი, ზედ მოზრდილი ყუთი დაუდგამს, ცელოფანი ამოუფენია და შიგაც წყალი ჩაუსხამს. რად უნდა? ეე, მაგას რაღა მიხვედრა უნდა:

წყალი იყინება, გაყინული წყლით კიდევ - საზამთროები. აბა, ახლა ვნახოთ, პავლეს საზამთროები როგორ იყიდება. როგორა და, ამ "შოფერს" ხომ ხედავთ? როგორ ფიქრობთ, რამდენს იყიდდა? რამდენს და... ოთხს! მააშ!

KvirisPalitra.Geაბა, ზღვაზე, აქეთ!

აბა, ერთი ეყოფოდა? მით უფრო, რო იმხელა ენერგიას ხარჯავს - ზღვისკენ მმავალ ხალხს აგროვებს, - აბა, აქეთ-აქეთ, ქობულეთში ვინც მიდისო! მოდი და, გული ნუ დაგწყდება, ამ "მარშრუტკის" მგზავრი რომ არ ხარ! მეც მწყდება... მაგრამ თქვენ, ყველას მშვიდობიანი გზა მოგცეთ ღმერთმა.

KvirisPalitra.Geნეტავი ამათ...

ალმურავარდნილ თბილისში კი ჩემსავით ბევრი დარჩება. ისეთი ხალხიც ვიცი, ვინც ვერც სიცხეს გრძნობს და ვერც სიცხეში წყურვილს.

ხანდახან ორმოცი გრადუსია, მაგრამ ასიც რომ იყოს, ერთად მოიხარშებიან, თანაც ბედნიერი ღიმილი არ მოშორდებათ.

ვინა? აგე, ესენი, ამ ორმოც გრადუსში თუ სხედან ჩახუტებულები, ვითომ ას გრადუსზე რაღა შეუშლით ხელს?

ჰოდა, ნეტავი მათ!

და... ნეტავი ზაფხულს! იყოს ცხელი, მერე რა, მთავარია, ერთად ვიყოთ და კარგად ვიყოთ.