მგლოვიარე ჰაიკა, ბელადი ჯანო და "დარახველიძის ფილარმონიის" ტრიუმფატორები - კვირის პალიტრა

მგლოვიარე ჰაიკა, ბელადი ჯანო და "დარახველიძის ფილარმონიის" ტრიუმფატორები

თბილისს არაერთი ღირსეული პიროვნება ალამაზებდა. მათ შორის თავისი ცხოვრების წესითა და შემართებით, ეროვნული სულისკვეთებით გამორჩეული იყო დიდი ჯანო ბაგრატიონი.

საარაკო ურთიერთობები განსაკუთრებულად კვებავდა ჩვენს დედაქალაქს, გასული საუკუნის 40-იან წლებში ომითა და რეპრესიებით დაღლილ და ქანცგაწყვეტილ ადამიანებს სიყვარული და სიხარული ენატრებოდათ, ენატრებოდათ ის საოცარი გარემო, რომელიც ათეული საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბდა თბილისური ცხოვრების წესად. ბოლშევიკურმა საფრთხობელამ, მიუხედავად მძვინვარებისა, ვერაფერი დააკლო თბილისურ პეწს.

იმ თბილისში ქალს ქალი ერქვა, კაცს - კაცი, შავს - შავი და თეთრსაც - თეთრი. არავის ერეოდა ერთმანეთში სიკეთე და ბოროტება, ასეთ გარემოში არც იყო გასაკვირი, რომ თხემით ტერფამდე ქართველი ჯანო ბაგრატიონი უდიდესი სიყვარულით სარგებლობდა. ეს იყო ხანა ჭეშმარიტი ზნეობრივი ფასეულობებისა, ამიტომაც ჯანოს შესრულებული "ყვავილების ქვეყანა" სხვანაირი ეშხით ისმინებოდა.

"კვირის პალიტრის" სტუმარია დიდი ჯანოს შვილი, ჯანო ბაგრატიონი, ცნობილი ხელბურთელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი.

გამოღმა გამოსული გაღმელები

ქართველის ბუნებამ განაპირობა ის ურთიერთობები, რამაც მეიდნის ფენომენი შექმნა. იმ სხვადასხვა აღმსარებლობის სალოცავებმა, მათმა ერთად თავმოყრამ განსაზღვრა ის ურთიერთპატივისცემა, რაც წესად იყო თბილისში. სხვაგან წესადაც დამკვიდრდა, რომ შეიძლება არ იცნობდე მეზობელს, რომელიც შენს პირდაპირ ცხოვრობს. ქართველისთვის ეს წარმოუდგენელია. ამას უდიდესი ფესვები აქვს. მართალია, ეს ყველაფერი ბოლო ხანს საკმაოდ მინელდა, მაგრამ ვფიქრობ, დროებით. დაიბრუნებს ეს ურთიერთობები პირვანდელ სახეს.

რატომღაც თბილისურ ეზოებს იტალიური ეზოები დაარქვეს, არადა, ეს არის ნაღდი თბილისური ეზოები, სადაც მეზობლები ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. კარი არ იკეტებოდა...

ვერაზე დავიბადე, ზემელზე. სადაც ახლა რუსთაველის მეტროსადგურია, ოთხსართულიანი სახლი იდგა, იქ ვცხოვრობდით პირველ სართულზე.

სახლში ამშობიარეს დედაჩემი. მაშინ ბებიაქალების ინსტიტუტი არსებობდა და მიხო ნანეიშვილი რომ იყო, პოლიტიკოსი, მისი დედის, გრუშას დახმარებით მოილოგინა.

თბილისის საოცარ კოლორიტს უბნები ქმნიდა. ერთმანეთისგან გამოირჩეოდნენ და ერთმანეთს ავსებდნენ პლეხანოველები, მეიდნელები, ხარფუხელები, ვერელები, სოლოლაკელები...  უფრო პლეხანოველებთან ვძმაკაცობდი. ძალიან ბევრთან დღემდე ვმეგობრობ. მათ გაღმელებს ვუძახდით, ახლა ყველანი გამოღმა გამოვიდნენ.

ძვირფასი რელიკვია

მეიდანზე სოსო გრიშაშვილის სახლ-მუზეუმი რომ არის, იქ ინახებოდა გრამფირფიტა, რომელზეც ჩაწერილი იყო ბებიაჩემის, ოლღა ამირეჯიბის სიმღერა. ეს იყო პირველი გრამფირფიტა საქართველოს ისტორიაში. მერე მამაჩემმა სოსო გრიშაშვილს აჩუქა. გრიშაშვილს ძალიან მოსწონდა ბებიაჩემის სიმღერა. ახლოს იყო ჩვენს ოჯახთან, სულ უნდოდა, ფირფიტა თავისთან ჰქონოდა. ბაბუაჩემმა არაფრით არ დაუთმო, მერე მამაჩემმა აჩუქა. დღესაც იქ ინახება, თუმცა ვერაფერი მოვუხერხეთ. გაფუჭდა... დრო-ჟამმა თავისი დაღი დაატყო. ვცადე, აღმედგინა, არაფერი გამომივიდა. ბუბა კიკაბიძემ, ჩემმა მამიდაშვილმა, მოსკოვში წაიღო, ვიღაცები მყავს, გავაკეთებინებო, მაგრამ იქაც ვერაფერი მოუხერხეს.

ტრიუმფი "დარახველიძის ფილარმონიაში"

ჯაზი დასავლურ გადმონაშთად ითვლებოდა და საბჭოთა კავშირში კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მის პოპულარიზაციას. ჯაზს დაემატა ჩვენი გვარი - ბაგრატიონობა, რომელსაც ამრეზით უყურებდა საბჭოთა იდეოლოგია. ამიტომაც იყო, რომ გასტროლზე კავშირის მასშტაბითაც კი იშვიათად უშვებდნენ მამას. სულ ორი გასვლა ჰქონდათ რესპუბლიკის გარეთ, ისიც ერევანსა და ბაქოში.

სამაგიეროდ, გასვლები ჰქონდათ საქართველოს მასშტაბით. ულამაზესი ფილარმონიის შენობა იყო ქუთაისში, დარახველიძე იყო დირექტორი. მამაჩემი რომ ჩავიდა გასტროლზე, დიდი ამბავი ატყდა - ჯანოს კონცერტია დარახველიძის ფილარმონიაშიო. პირველ განყოფილებას თემურ ხელაშვილი ამთავრებდა, ისე მოეწონათ, ცხრაჯერ გაამეორებინეს სიმღერა. გამოვიდა გაბრწყინებული თვალებით თემო. მამაჩემი გახარებული გადაეხვია, მიულოცა, თან ეუბნება, შენი სიმღერა ცხრაჯერ ხომ იმღერე, მე "ყვავილების ქვეყანას" ათჯერ მამღერებენო. კონცერტის ბოლოს "ყვავილების ქვეყანა" სრულდებოდა. თერთმეტჯერ გაამეორებინეს მამას, არ უშვებდნენ სცენიდან.

გალა-კონცერტი ფაცხაში

...ახალი ბინა მივიღეთ პავლოვის, ახლანდელი ყაზბეგის ქუჩაზე, 55 ნომერში. ხუთი-ექვსი სახლი იდგა ერთად. შუაში დიდი ეზო იყო. ჩვენს მეზობლად ცხოვრობდნენ გოგი ცაბაძე, მხატვარი ირაკლი გორდელაძე, შესანიშნავი პიროვნება და ცნობილი ქირურგი ვალოდია ბოჭორიშვილი, ექიმი შოთა ჯაფარიძე, ცნობილი მესტენდურე ზურა მაჩხანელი, კუკური რიჟამაძე - კარგი კაცი, კოლია თვაური, ირაკლი რამიშვილი, აბო ქურხული, ჰაიკა ოგანოვი. მეხალისებოდა ასეთ ხალხთან ყოფნა.

ყველაფერს კარგი ინიციატორი უნდა და ჩვენც გვყავდა ასეთი კაცი - კოლია თვაური. მეზობლებმა ერთად გავაკეთეთ ფაცხა, სულ სიმღერისა და ტაშ-ფანდურის ხმა გამოდიოდა იქიდან, მიზეზს, აბა, რა დალევდა, - ხან "დინამო" იგებდა და უნდა გვეზეიმა, ხანაც აგებდა და დარდი უნდა გადაგვეყარა გულიდან. ამას დავუმატოთ სხვადასხვა დღეობა... რაც ჰქონდათ სახლში, ფაცხაში ჩამოჰქონდათ და მშვენიერი სუფრები იშლებოდა. ეზოში ლიდერი მამაჩემი იყო.

ერთხელ შინ გვიან დავბრუნდი. მესმის მამაჩემის სიმღერა ფაცხიდან, ეს არ გამკვირვებია, ჩვეულებრივ ამბად ჩავთვალე, მაგრამ გამაკვირვა იმან, რომ მამაჩემი ფორტეპიანოს აკომპანემენტით მღეროდა. მივედი ახლოს, ვხედავ, პიანინოს გოგი ცაბაძე უკრავს. არადა, ეს ყველაფერი ეზოში, ფაცხაში ხდება. კოლია თვაურს აუტეხია ბიჭები, დღეს პიანინოს თანხლებით უნდა ვიქეიფოთო.

იმათაც მეტი რა უნდოდათ, დასტაცეს ხელი პიანინოს და სულ სირბილ-სირბილით მიარბენინეს ფაცხაში. აბა, იქ გაიმართა ქეიფი, თუ გაიმართა... ულამაზესი მელოდიები, ულამაზესი სადღეგრძელოები, ცეკვა-სიმღერა, იყო ერთმანეთის მოფერება, სიყვარულის ახსნა. ერთი სიტყვით, ჩვენი ფაცხის გალა-კონცერტი თათარიახნად  ჩატარდა, თანაც ისე, ნებისმიერ საკონცერტო დარბაზს რომ დაამშვენებდა იქ შესრულებული რეპერტუარი.

KvirisPalitra.Geროგორ დაემალა გოგი ცაბაძეს "მგლოვიარე" ჰაიკა

ჩვენს ეზოში განსაკუთრებული ელფერი შემოჰქონდა ჰაიკას, სომეხ კაცს, რომელსაც ფეხბურთში ვერ ვეწყობოდით. ჰაიკა "არარატს" გულშემატკივრობდა, ჩვენ, ბუნებრივია, "დინამოს". ერთხელ 5:1 მოგვიგეს სომხებმა. გახარებულია ჰაიკა, არადა, მთლად აშკარადაც ვერ გამოხატავს სიხარულს. გვეუბნება, ნახე, ისინებმა რა ქნესო. ჩვენ დანა პირს არ გვიხსნის, მამაჩემი ეკითხება, ვინ არიან ისინები, ერთი გვითხარიო... ჰაიკა ცოცხალი თავით არ აკონკრეტებდა.

ერევნის "არარატთან" თასის ფინალში თბილისის "დინამომ" 1976 წელს რომ მოიგო 3:0, თამაშის წინ ძალიან ოპტიმისტურად იყო ჰაიკა განწყობილი, უმტკიცებდა ყველას, "არარატი" მოიგებსო. განსაკუთრებით დიდი პოლემიკა გოგი ცაბაძესთან ჰქონდა, ნახე, იშტოიანი ყიფიანს რას უზამსო. თამაში რომ დასრულდა, ვზეიმობთ, გახარებული ვართ, ბოლოს და ბოლოს, თასი პირველად მოვიგეთ. გაიშალა ზღაპრული სუფრა, საგანგებოდ გამოწყობილი გოგი ცაბაძე ეზოს შუაგულში დგას და ყვირის, ჰაიკა მომიყვანეთ, ჰაიკაო...  ეძებეს ბევრი, ცამ ჩაყლაპა ჰაიკა თუ მიწამ, ვერაფერი შევიტყვეთ. ორი კვირა არ გამოჩენილა, დიდი გლოვა გამოუცხადებია და გვემალებოდა.

ორი კვირის შემდეგ გამოჩნდა, ახლა ამ მიზეზით გაიშალა სუფრა - ჰაიკას "ამქვეყნად დაბრუნება" იზეიმეს ფაცხაში...

P.S. დიდი ჯანო ბაგრატიონის სამეგობროს, ასევე პავლოვის "ფაცხელთა" ამბები იმდენად მრავალფეროვანი და ამოუწურავი თემაა, მომავალში კვლავ დავუბრუნდებით.

ერთ  ამბავს კი, რომელსაც უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ, ახლავე გაგანდობთ, - იცით, როგორ გააშლევინა ჰაიკამ ბიჭის მომლოდინე ჯანო ბაგრატიონს ზღაპრული სუფრა ლიზა ბაგრატიონის დაბადების აღსანიშნავად? თუ არ იცით, არ გამოტოვოთ ჩვენი შემდგომი წერილები, სადაც ბევრ ლამაზ თბილისურ, დარდიმანდულ ისტორიებს შემოგთავაზებთ.

მამუკა ნაცვალაძე