როგორ დააძმაკაცა პატარა მოშიას სიზმარმა დიდი მოშია ჰიტლერთან - კვირის პალიტრა

როგორ დააძმაკაცა პატარა მოშიას სიზმარმა დიდი მოშია ჰიტლერთან

ჯვრის მამის ეკლესიას რომ გასცდები, სინაგოგასთან, კიბის თავში მოშიას დაინახავ თავისი განუყრელი ებრაული ქუდით. სალამს ვერ დაასწრებ. წინასწარ ვიცი, გამაჩერებს და საუბარს გამიბამს.

სამასი დოლარი გექნება, მომეციო, მეუბნება. სამას დოლარზე ნაკლებს არავის სთხოვს. ახლა შენთან მოვდიოდი სამასი დოლარის სასესხებლად-მეთქი, - იქით ვუბრუნებ სიტყვას. გაბადრული სახე ეჭმუჭნება - აბა, მე უბედურს სადა მაქვს გასასესხებელი ფარაო.

ღიმილით ვუსმენ და ვამშვიდებ, - არა უშავს, მალე გექნება დიდი ფული-მეთქი. სიამოვნებისაგან თავს აქნევს, ჩანს, წინასწარ ტკბება, როგორ აუხდება ჩემი სიტყვები.

შოულობ რამესო? - გამომცდელად მეკითხება.  ჯერ ვერა-მეთქი. შენ გული არ გაიტეხო, ეს ორი თვეა, მეც არაფერი მიშოვიაო, - მანუგეშებს.

ორი თვეა, რაც მოშია-ნათელმხილველის ამბავი მთელ უბანს მოედო. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისას ცნობილ რვაფეხასავით მიჯრით  იწინასწარმეტყველა რამდენიმე სენსაცია. ჯერ ატყდა, ესპანეთი შვეიცარიასთან წააგებსო, მერე ამტკიცებდა, ინგლისი გერმანიასთან ვერას გახდებაო. ესეც არ იკმარა და თვალში მარადონას არგენტინა ამოიღო - ნემენცები მაგათ ფეხს არ გაანძრევინებენო.

ფეხბურთისა რომ დიდად არაფერი გაეგებოდა, ეგ ყველამ იცოდა, არადა, იჯდა მოშია და ჩემს თუთიყუშ პოკიტოსავით იმეორებდა ერთსა და იმავეს: გერმანია მოიგებს, გერმანია მოიგებსო. როცა ეკითხებოდნენ, ვინ გითხრაო, შვილიშვილი მყავს, ისიც მოშია და იმანო, - პასუხობდა.

ფინალში ესპანეთმა რომ იმარჯვა, დანა პირს არ უხსნიდა. მეორე მსოფლიო ომში მარცხი ისე არ უგლოვია გერმანიას, მოშიამ რომ იგლოვა ბუნდესნაკრების ხელიდან გაშვებული ოქროს მედლები. ვერ გეტყვით, დიდი ფული დადო ორმა მოშიამ საბჭოთა კავშირის მთავარ მოწინააღმდეგეზე თუ თავისი პროგნოზის გაუმართლებლობა მიიჩნია პრესტიჟის შელახვად, მაგრამ ფაქტია, ორივე ნამეტანი საეჭვოდ გადავიდა გერმანიის მხარეს. ერთხანს ვიფიქრე, ეგენი ჰიტლერის ნათესავები არიან თუ მოშიასი-მეთქი, მაგრამ რაც გინდა, ის თქვი,  ფინალის გარდა სულ ათიანში გაარტყეს.

სამუნდიალო ბატალიები ისტორიამ მიიბარა, ახლა ევროთასების დროა, ჰოდა, მეც ვცდილობ, მოშიას პროგნოზი დავტყუო. თბილისის "დინამო" რას იზამს "შტურმთან", იქნებ მითხრა-მეთქი. ვერაო, - მეუბნება. ჩემმა პატარა მოშიამ სიზმარი ვეღარ ნახაო. რა სიზმარი-მეთქი. რასაც ვამბობდი, სულ ჩემი მოშიას სიზმრებისას ვყვებოდიო. მოშიამ მითხრა, შენ და ჰიტლერი მეიდანზე ჭრელი აბანოების წინ, ალიევის ძეგლთან ქეიფობდით, იმან თავიდან შვეიცარიის სადღეგრძელო დალია, შენ გერმანია ადღეგრძელეო. მერე ქსოვრელები მოვიდნენ და ორივემ ბაღდადური დაუარეთო. სამ დღეში ერთხელ ხედავდა მაგ სიზმარს ჩემი მოშია, სულ ექვსჯერ ნახაო. მეც ავიტეხე, გერმანია მოიგებს, გერმანია მოიგებს-მეთქი. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მეშვიდედ რომ ნახა სიზმარი, იმან დამთარსაო.

მეშვიდედ რაღა ნახა-მეთქი. ყველაფერი იგივეო, - მპასუხობს, - ოღონდ სიზმარს ბოლო სხვანაირი ჰქონდაო. ის-ის იყო, მე და ჰიტლერს ბაღდადური დაგვისრულებია, ადოლფას აუჩემებია, ჩემი ულვაში შენ უნდა გაჩუქოო. ამასობაში ჩვენი მეზობელი არუთაც მოსულა. აბა, მაგას რამეს დაასწრებ? იმას წაურთმევია ჩემთვის ჰიტლერის ულვაში, მიუწებებია და ისე ურბენია ხლებნი პლოშჩადზე, თან სიმღერა შემოუძახია,  როზნი ბუკეტი”როა, ისა.

სულ არუთამ დამთარსა, გერმანიამ რო წააგო. ეგ კიდევ არაფერი, ვიღაცები მოვიდნენ და შენი ბრალია მაგათი წაგებაო. მე რა შუაში ვიყავი, ვერ გავიგე. ამის მერე სიზმარში ჩემს მოშიას აღარც ჰიტლერი უნახავს, აღარც ჩვენი ცეკვა, ადოლფას  ულვაშიც არუთას დარჩაო, - დაასრულა ამბავი დიდმა მოშიამ.

ღმერთო, კეთილად აუხდინე ყველა სიზმარი ჩემს საქართველოს!

ისე, ჩვენში რომ დარჩეს, მეიდანს ქსოვრელების დუდუკზე მოცეკვავე ჰიტლერიღა აკლდა.

მამუკა ნაცვალაძე