”იქნებ ეს კოშმარი როგორმე დასრულდეს” - კვირის პალიტრა

”იქნებ ეს კოშმარი როგორმე დასრულდეს”

დიდი ხანია "დეზერტირების ბაზარში" არ ვყოფილვარ. ორიოდე დღის წინ შემთხვევით მოვხვდი იმ საბაზრო ქაოსში და უკან გულგახეთქილი გამოვბრუნდი, - აღარც რაიმეს ყიდვა მინდოდა და  აღარც აღარაფრის ჭამა.

რეალობამ მაიძულა, სანოვაგის ჩანთის ნაცვლად ფოტოაპარატი მომემარჯვებინა და "ვაების ბაზრად" ქცეული ტერიტორია აღმებეჭდა.

აქ ყველაფერი ერთმანეთში ირევა - გარე მოვაჭრეთა "ფანჩატურები", ქოლგები, ავტომობილები  და ჯიხურები. ეს ყველაფერი ნაგავსა და ურნებშია ჩაფლული. ურნები უმეტესად ცარიელია, სამაგიეროდ, იქვე ყრია ნაგავი.

სხედან მოვაჭრენი მტვერსა და წუმპეში და არხეინად ვაჭრობენ. აქვე სადილობენ კიდეც და ნამუსრევს სკამს უკან ან ქვეშ ყრიან. მეეზოვეები აქ თითქმის არ შემოდიან, აზრი არა აქვსო... ნაგავი ნაგავს ემატება, ხალხი კი დადის და ერთმანეთში ზელს ამ ბინძურ მასას.

ისეთი სუნი დგას, ცალ ხელს ცხვირზე მოგაჭერინებს და ცალსაც მკერდში გაბაგუნებინებს. კარგა ხანს ვდგავარ და ვაკვირდები. მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელნი გამოხატავენ აღშფოთებას.

KvirisPalitra.Geალაგ-ალაგ შემწვარ თევზს, ხორცსა და ღვეზელებსაც ყიდიან, ოღონდ ჭუჭყიან სავაჭრო ჩიხებში, ჭუჭყიან მაგიდებზე გამოფენილს. მტვრითა და მიკრობებით "შეკაზმული" თევზი, ხორცი და კიდევ სხვა პროდუქტები გულისრევას იწვევს.

ცივილიზებულ ქვეყნებში ხორცი, თევზი და სხვა მალფუჭებადი პროდუქტი მაცივრებში ინახება. "დეზერტირების ბაზარში" ეს წესი უგულებელყოფილია. "მოდი, იყიდე, ხარისხიანია, შემოწმებული", - მომძახიან აქეთ-იქიდან.

როგორ დავიჯერო? ისეთ სანიტარს ან ექსპერტს რა ვუთხარი, ხორცის ხარისხს რომ შეამოწმებს (ესეც საკითხავია) და ასეთ პირობებში ვაჭრობის ნებას დართავს გამყიდველს.

KvirisPalitra.Geროდესაც აგვისტოს მზე მოვაჭრეებს თავზე დაადგება, ბინძურ ასფალტს კიდევ უფრო საშინელი სუნი ასდის. ზოგიერთი მოვაჭრე საიდანღაც დათრეული შლანგით რწყავს იქაურობას და თან ვაჭრობს. წყალი ნაგავში ჯდება და კიდევ უფრო ყარს ყველაფერი.

ბაზრიდან გამოსულს გგონია, დიდ ნაგავსაყრელზე იყავი. ფოტოების გადაღებისას ერთი დახლიდან ვიღაცამ რატომღაც ინგლისურად მკითხა, ქართულად ლაპარაკობო? გულმა მითხრა, თავი უნდა დამექნია. აქცენტიანი ქართულით მივესალმე და მოვიკითხე.

საიდან ხარო, შორიდან-მეთქი, ვუპასუხე ევროპელისთვის ჩვეული სისხარტით და ისე გავუღიმე, მეტს რომ აღარ ჩამძიებოდა, მაგრამ არ შედრკა, ფოტოებს რისთვის იღებ, აქაურობა მოგწონსო? ასეთ პირობებში როგორ ვაჭრობთ-მეთქი? ეს გაჭირვებული ქვეყანააო.

მერედა, ცოცხი რომ აიღოთ და მოხვეტოთ, ამას გაჭირვება უშლის ხელს-მეთქი? გაძვირდა ცოცხიო, გაიკრიჭა დიდის ამბით და დასძინა, მართალი ხარ, ჩემო გოგო, მაგრამ მოხვეტის ხალისი აღარა გვაქვს, კაპიკებზე ვმუშაობთო.

ბაზრის შენობაში რატომ არ ვაჭრობთ-მეთქი? სად არის შენობა, დაანგრიეს და, ალბათ, ახალსაც კარგა ხანს არ ააშენებენ, თორემ შევიდოდი და მზე და წვიმა მაინც აღარ შემაწუხებდაო, - მომიგო მოვაჭრემ, მერე მკითხა, არ შეგიძლია შენს ქვეყანაში წასვლაში დამეხმაროო? ცოტა ენაც ვიცი, ნაკითხიც ვარ, ცოტა ხანს უმაღლესშიც ვსწავლობდი, თუ ბებია-ბაბუა გყავს, მოვუვლი, მომბეზრდა, აქ ყოფნაო. ჩემს ქვეყანაში ზარმაცებს არ ამუშავებენ-მეთქი. იქ არ ვიზარმაცებო.

აბა, აქ რა გემართებათ?!

KvirisPalitra.GeP.S. ბაზრის ძველი შენობის ნანგრევებიღაა შემორჩენილი და მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს - სანაგვედ ქცეულა, ისეთი სუნი დგას, რომ ისღა დაგრჩენია, სწრაფად გაეცალო იქაურობას. არადა, ახლა აქ ახალი ბაზრის ასაშენებლად გაცხარებული მშენებლობა უნდა მიდიოდეს. აქაურობას, როგორც ჩანს, კარგა ხანს კიდევ არაფერი ეშველება. ყოველ შემთხვევაში მანამ მაინც, სანამ საქართველოს და მის საზღვრებგარეთ მოგზაურობის მოყვარული პრეზიდენტი არ ესტუმრება - ძნელი სათქმელია, ვის დატუქსავს ან მოხსნის, მაგრამ იქნებ ეს კოშმარი როგორმე დასრულდეს.

www.kvirispalitra.ge

მოგვწერეთ ჩვენს დედაქალაქში არსებული პრობლემების შესახებ. გაგვიზიარეთ თქვენი სიხარული თუ გულისტკივილი დედათბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.