"მუდამ მეყვარებით, სითბო შეუცვლელია!.." - კვირის პალიტრა

"მუდამ მეყვარებით, სითბო შეუცვლელია!.."

ამას წინათ რედაქციაში წერილი მოვიდა. უბრალო სასკოლო რვეულის ფურცელზე იყო დაწერილი სულ რამდენიმე სიტყვა:

მე ვიცნობ კაცს, რომელსაც "კვირის პალიტრა" ისე უყვარს, 15 წელიწადია ინახავს. არსად რომ აღარ დაეტია, ბოლოს საცავი შექმნა და ზედ ბოქლომი დაადო, რომ უმისოდ არავინ მიეკაროს. თუ დაინტერესდი და რაიმეს წაკითხვა მოგინდა, წაგაკითხებს, მაგრამ აბა, გაბედე და დაზიანებული მიუტანეო.

წერილში ამ კაცის ტელეფონის ნომერიც იყო მითითებული, მაგრამ რამდენჯერაც დავრეკე, ავტომატმა - ნომერი დაზიანებულიაო. კარგი, შეეშვი, შენს ტელეფონსაც ნუ გადაწვავო, - ახლობელმა.

მოკლედ, ერთი კვირის შემდეგ, როგორც იქნა, დავუკავშირდი და მუხიანში წავედი, - სულ ბოლოში, პარკში გავჩერდი და ჯუგუ გაბუნიას დაველოდე.

წამობრძანდი, აგე, იქ ვცხოვრობ იანვრიდანო და ყოფილი კოლეჯის შენობა დამანახვა. რას ამბობთ-მეთქი? ლტოლვილი ვარ, შვილო, აქ, ადრე იაშვილის საავადმყოფოში ვიყავით შეხიზნულები და იქიდან გადმოგვიყვანესო. "კვირის პალიტრაც" თან წამოიღეთ-მეთქი?! აბა, წამოდიო და ცოლს დაუძახა, სანთელი წამოიღეო. იმანაც წამოიღო და ერთ დიდ, გრძელ, დანგრეულ სარდაფში შევედით.

აგე, ჩემი "კვირის პალიტრებიც" და მისი საცავიცო და ბატონმა ჯუგუმ წლებად შეკრული "კვირის პალიტრა" ამოალაგა, - თუ გინდა, გავხსნათ, ყველა მათგანში 52 ნომერია, მხოლოდ მაშინ დამაკლდა, სანქტ-პეტერბურგში რომ წავედი შვილის სანახავადო.

და მომიყვა: - საავადმყოფოს წინ ჯიხური მედგა, რომ ორიოდე გროში მეშოვა. 15 წელიწადი ვიჯექი მოკუნტული იმ ჯიხურში, ჩემი სახლ-კარის დამტოვებელს აღარაფერი სხივი არ მქონდა, გარდა თქვენი გაზეთისა. ავანთებდი სანთელს და ვკითხულობდი. აქედან მოდიოდა მარტო იმედი, სხვა გასათბობი მე არ მქონია...

-  გული ამიჩუყეთ...

- ახლა მეც მიჩუყდება გული. რომ ჩავათავებდი კითხვას, გადავდებდი გვერდზე, - მაცოცხლებდა და რანაირად უნდა გადამეგდო. გავიდოდა წელიწადი - შევკრავდი, შევფუთავდი, წავიღებდი იმ ჩვენს საცოდავ სარდაფში და შევინახავდი - ისევ მივუბრუნდები და ისევ წავიკითხავ-მეთქი...

- იქიდან რით წამოიღეთ?

- რითაც სხვა ყველაფერი - სატვირთო მანქანით. სხვათა შორის, პოლიციამ გამოგვიყვანა იქიდან, მაგრამ "კვირის პალიტრა" მაინც არ დამვიწყებია.

- იანვრის შემდეგ სულ ასე უშუქოდ ხართ ამ კორპუსში?

- არა, შვილო, დროებითია. ლტოლვილებს გვაქვს ხოლმე ფულის გადახდის პრობლემები, ალბათ, ჩაგვირთავენ. იქნებ აქ მაინც დაგვიკანონონ ბინები, დროც გავა და ტკივილიც გაფერმკრთალდება, მაგრამ არა სიკეთე. "კვირის პალიტრის" სიკეთეს რა დამავიწყებს იმ წლების გადატანისთვის. თქვენც გაიხარეთ, სითბო არ დაგეკარგოთ - სითბო  შეუცვლელია. ყველაფერი შეიცვლება და არა ეგ.

- გისმენთ და, მგონი, ცრემლი მომადგა...

- მეც, მაგრამ ეს სიყვარულის ცრემლებია... სულ მუდამ მიყვარდით, მიყვარხართ და მეყვარებით!