"დახრუკული" თბილისი და ქალაქს შემორჩენილი პატარები - კვირის პალიტრა

"დახრუკული" თბილისი და ქალაქს შემორჩენილი პატარები

თბილისში ზაფხული შუაწელს გადასცდა, მაგრამ ჯერ კიდევ წინ არის "დახრუკული" დღეები. თბილისს შემორჩენილი თბილისელებიც ისევ გამოვლენ საღამოობით ეზოებში, ჩამოსხდებიან და ხშირ-ხშირად იტყვიან, - აუ, რა სიცხეა. ამ ხნისა მოვიყარე და ასეთი სიცხე არ მახსოვსო..

ამას წინათ ტელევიზორით გავიგე, - თბილისში მაქსიმალური ტემპერატურა 1913 წელს 41 გრადუსი იყოო.

მოკლედ, მინიმალურს რა მნიშვნელობა აქვს და მთავარი ის არის, რომ თბილისელები სიცხემ კი არა, შაჰ-აბასმა ვერ შეაშინა.

ახლაც ასე "უშიშრად" მიდი-მოდიან ადუღებული ჩაიდნებივით ქუჩებში... თანაც განა მარტო უფროსები. გაიხედავ და, ამ პაპანაქებაში მიცუნცულებენ თავზე შლაპით და ხელში ნაყინით პატარები, ან კიდევ მოსაღამოვდება და აივსება ეზოები ჟრიამულით. ზოგიც საქანელაზე შესკუპებულა და მიქანაობს და მოქანაობს ცხელზე ცხელ ჰაერში და თანაც კისკისებს! მაშ, რა ქნას, იტიროს? განა მარტო ის ვერ წაიყვანეს დედიკომ და მამიკომ აგარაკზე!

ზოგიც კიდევ, ცოტა დიდები საქმიანი კაცებივით დადიან მზის გულზე. თუ ჰკითხავ, უქუდოდ რატომ ხარ, არა გცხელაო, თვალებმოჭუტული უსათუოდ გიპასუხებს, - არაო!

- უყურე შენ!.. მართლა არ გცხელა? მე კი ძალიან მცხელა... ქუდი უნდა დაიხურო, - ეუბნები ჯიუტად. ის კიდევ - იმიტომ, რომ დიდი ხარ, ვერც გაიხდი, ვერც აუზში ჩახვალ და ვერც ვერაფერს იზამ!

- ჰოო, ეგ მართალია, - პასუხობ დანანებით, - მაგრამ რომ შემეძლოს, მაინც არ გადავხტები!

- რატომ?

- იმიტომ, რომ ჭუჭყიანია...

- ჭუჭყიანი არა, ისა! - ამბობს არხეინად, - მე შემიძლია მტკვარშიც გადავხტე!

- კარგი რა, ახლა ხიდთან არ მიხვიდე, თორემ გავგიჟდები!

- მაინც მივალ! - თვალებაციმციმებული გიყურებს თბილისში დარჩენილი "პიკასოს ბიჭი" და მხიარულად შლის ხელებს, - არ გადავხტები, ნუ გეშინია, სულელი კი არ ვარ, - ამბობს ისე, რომ გჯერა, - ბავშვები ხომ გენიოსები არიან...

აბა, როგორ არ არიან გენიოსები, ნახეთ, გაჩერებაზე "შევსებაზე" დგას "მარშრუტკა". მე იქ რა შემიყვანს, ვიწვები, მაგრამ ერთი წლის მარიამი ზის და საწოვარას გულმოდგინედ ღეჭავს. "მარშრუტკაში" თავს ვყოფ და - მოდი, სანამ ბიძია მანქანას წაიყვანს, მე დაგიჭერ-მეთქი და ისიც მკლავებს მაშინვე მიწვდის. დედამისი კი - ისე ცხელა, ოღონდ გარეთ გავიყვანო, მზად არის, ნებისმიერ შემხვედრს გაჰყვესო...

ჩემი დისწული დათუნა კი არავის არსად არ მიჰყვება - თავი მოიკლა და დედიკოსთან დარჩა. დადიან ახლა ორივენი თბილისის გავარვარებულ ქუჩებში. საკმარისია დედა სახლიდან გასული დაიგულოს, დათუნა თავქუდმოგლეჯილი გარბის შადრევნისკენ, რომ ერთი გემრიელად იჭყუმპალაოს.

აი ჩინელი დედიკოები (და მამიკოებიც!), ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ჩამოსულები (და რამდენი არიააან!) სულ სხვანაირად იქცევიან, - გამოფენენ ქუჩებში სავაჭროს, თვითონ გვერდით მიუდგებიან და ხელშიც შვილები უჭირავთ. რა უჭირს, თუ დაიძინეს, იქვე, გასაყიდ ტანსაცმელზე მიაწვენენ - სიცხე მაინც ვერაფერს დააკლებთ - "ყველგან კარგად ყოფნის" იმუნიტეტი შველით.

ზაფხულის "იმუნიტეტი" ჩვენც გვაქვს - კახური საზამთრო ჩააცივე, ჩაკბიჩე გემრიელად და ნახავ, თუ არ გაგრილდები! აგე, ჩემი გიორგიც ელოდება საზამთროს გაჭრას ქუჩაში დასკუპებული. რამდენი მისნაირი ბიჭი ჩამოსკუპდება ხოლმე თბილისის ეზოებში, როცა ამ გაგანიაში ფეხბურთის თამაშს მორჩებიან და არის ერთი ყიჟინა!

უნდა იყოს, აბა, რა! კი ჯობდა, მათ დედიკოებს და მამიკოებს ცოტა ხნით სადმე დასასვენებლად წაეყვანათ, მაგრამ წარმოიდგინეთ, არც ერთი პატარა რომ არ დარჩეს თბილისში, რა საშინელება იქნებოდა.

ჰოდა, ღმერთმა ნუ მოაკლოს მათი კისკისი ნურც თბილისს და ნურც ქართულ მიწას.