"იჩქარე, ჩემო ბიჭუნა" - კვირის პალიტრა

"იჩქარე, ჩემო ბიჭუნა"

გეხვეწებით, არ თქვათ, - ამ ბიჭს აქ რა უნდა, უნდა ჩამოიყვანო და ყურიც აუწიოო. მე რომ მკითხოთ, ამაზე მშვენიერი სანახაობა ბევრი არაფერია. მე და ჩემმა მეგობრებმა ვაკეში, კონსტანტინე გამსახურდიას სკვერთან რომ ჩავიარეთ და დიდი მწერლის მკერდზე აფოფხებულ ამ ბიჭს შევხედეთ, თვალი ვერაფრით მოვაცილეთ, - სიცხე-პაპანაქებაში, გახურებული ცისთვის თავმიშვერილი, ისე ნებივრად ჩახუტებოდა დიდი მწერლის ქანდაკებას, თითქოს გრილი ნიავი უნანავებსო.

მაგარი ბიჭია, არა? შევეხვეწეთ, სურათს გადაგიღებთო და - ოღონდ ჩქარა, პოლიციელმა არაფერი მითხრასო! პოლიციელიც ამ ქანდაკების ქვეშ იდგა, მაგრამ ალბათ, იმასაც დაენანა ამ მშვენიერი სანახაობის დაშლა, - ამისთანა ბიჭებს უფალი იცავს ხიფათისაგან. არა, ჩემო ბიჭუნავ, მასე ჩაეხუტე და არასოდეს მოსცილდე შენს ფუძესა და შენს საყრდენს, შენი წინაპრების მკერდსა და ფეხდანაბიჯებს. შენ გიცდის საქართველო, რომ ააშენო და დაამშვენო.