სადაც პატარა უფლისწულმა ჩამოიარა... - კვირის პალიტრა

სადაც პატარა უფლისწულმა ჩამოიარა...

მე დიდი ვარ, ბავშვი რომ ვიყო, ჩამოვჯდებოდი საწოლის კუთხეში ან ჩამოვაფარებდი მაგიდას ფარდას, შევძვრებოდი მის ქვეშ და გამუდმებით ვიფიქრებდი იმ საღამოზე, რომელიც სიზმარივით იყო და იმ სიცხეში მთელი სამყარო სიგრილით და სიკეთით ამივსო.

სიზმარი იყო, აბა, რა - ჩვენ ხომ უკვე თეატრებში აღარ დავდივართ, იმ დღეს კი მოულოდნელად წავედი. მოვიდა ერთი ჩემი მეგობარი და მითხრა, - გინდა, დაგავიწყო ყველაფერი უსიამოვნო? მოდი, დღეს ვაკის სარდაფის თეატრში წამომყევი და "პატარა უფლისწული" ვნახოთო. როგორ, "პატარა უფლისწული" სცენაზე დადგეს? ეგ ხომ წიგნში დაწერილია კარგი, ვის გაუგონია მაგის დადგმა, არ ივარგებს; თანაც, ამ სიცხეში რა დროს თეატრია?!

მაინც წავედი. მინდოდა მენახა, თუ ფიქრობენ პატარა უფლისწულზე დიდები, რომლებსაც უკვე დავიწყებიათ, რომ ოდესღაც თავად იყვნენ პატარა უფლისწულები, ახლა კი მთელ დროს უხეშ სამყაროსთან ბრძოლაში ატარებენ. მერე თავადაც უხეშდებიან და ზღაპრებს ვეღარ უყვებიან თავიანთ შვილებს.

თეატრებში თქვენც აღარ დადიხართ, არა? აუცილებლად უნდა იაროთ! რათა როცა დავბერდებით და ჯოხდაბჯენილები ცხოვრების კიბეს ჩავუყვებით, სხვა სამყაროში გადასახლება არ გაგვიჭირდეს. ანდა უკვე იმ სამყაროში გადასახლებულები თუ მოგვენატრებიან, ზეცას ავხედოთ და რომელიმე ვარსკვლავზე დავინახოთ.

იმ დღეს სპექტაკლმა ის ჩემი ბავშვობა დამიბრუნა, რომელიც, თითქოს მივიწყებული მქონდა. ის სიკეთე დამანახა, რომელიც ასე გვჭირდებოდა მეც და ყველას, ვინც იქ იჯდა და თვალცრემლიანი ახალგაზრდა მსახიობების "დიდ" ოსტატობას მონუსხულივით უცქერდა.

ფარდა შეირხა და სცენა დაიხურა.

- ამაზე ამბობდი, ამ სპექტაკლში პროფესიონალი მსახიობები არ თამაშობენო?! ის კი არაფერს მპასუხობს - ტირის. ტირი? ისევ ვეკითხები ფრთხილად. - გაჩუმდი, თორემ გული ისე მაქვს აჩუყებული, მეც თავიდან ავღრიალდები! ესე იგი, ამ სპექტაკლის მსახიობები მართლა მოყვარულები არიან?!

- ჰო. სტუდენტები. აბა, ასე ინკუბატორის წიწილებივით თანატოლ მსახიობებს რომელ თეატრში ნახავ... ასე ვიცი, მეორად ფაკულტეტზე სწავლობენ თეატრალურ ხელოვნებას. მარტო რეჟისორია პროფესიონალი - გურამ ბრეგაძე, მაგრამ ისიც ახალგაზრდაა.

მაგრამ რეჟისორს სადღა ნახავ, სპექტაკლის ბოლოს ყველა თავისკენ ეწევა მადლობის სათქმელად და შენც დასიცხულ ქუჩაში გამოდიხარ.

- იცი, რა... მადლობა მინდა გითხრა, რომ წამომიყვანე.

- მე რატომ?

- იმიტომ, რომ სადღაც ყოველთვის არის სიკეთის კუნძული, რომელთანაც ჭუჭყიანი ტბებიდან მიცურდები, დაშლილ ტივს ნაპირზე დააყენებ, ზედ გადახვალ, ჩამოივლის პატარა უფლისწული და ისევ დაგაბრუნებს ადამიანობაში. შენ მე დღეს ამ კუნძულზე მომიყვანე. გმადლობთ.

- არაფრის! - გპასუხობს ის...